ქართველი ძიუდოისტები აბუ დაბის მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
11-13 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოისტთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, რომელშიც ოთხი ქართველიც იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი, იაკობ გაზდელიანი (ორივე - 60), ზვიად გოგოჭური (90) და ვალერი ლიპარტელიანი (100).

წარმომადგენელი გვეყოლება მსაჯთა კორპუსშიც - ვლადიმერ ნუცუბიძე არბიტრადაა მიწვეული.

11 ოქტომბერს 60-66 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, 12-ში - 73-81-სა, დარჩენილი სამი წონის ფალავნები კი კვირას გავლენ ტატამზე.

ეს ტურნირი ჩვენი ფედერაციის კალენდარში არ შედიოდა და იქ გუნდის გაგზავნა არც იგეგმებოდა, ეს ოთხეული კი თავისი ხარჯით მიდის.

ამათგან პირველი სამი თბილისიდან გაფრინდება
აბუ დაბიში, ლიპარტელიანი კი გერმანიიდან ჩავა, სადაც ბუნდესლიგის პირველობაში მონაწილეობს.

აქვე გეტყვით, რომ ლიპარტელიანი მხოლოდ ამ შეჯიბრებაზე გამოვა ახალ წონაში, თორემ იქ გადაბარგებას არ გეგმავს.

შეჯიბრების საპრიზო ფონდი 150 000 ამერიკული დოლარია. აქედან გამარჯვებული 5 000-ს მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 3 000-ს, მესამეზე გასულებს კი 1 500 - 1 500 დოლარი ერგებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული