მამუკა ხაბარელი - ძიუდოს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი

AutoSharing Option
26 ნოემბერს დანიშნულ ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს პირველი მსურველი ჰყავს - განაცხადი მამუკა ხაბარელმა შეიტანა, რომელიც შოთა ხაბარელის შვილია. მას 5 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებშიც სურდა კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ მოგეხსენებათ, ის ყრილობა საერთოდ გადაიდო.

მამუკა ხაბარელი მაშინ ვარაუდობდა, რომ ეს მისი სურვილის გამო მოხდა, რითაც პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ის ადრეც მუშაობდა ფედერაციაში, როცა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა, მაგრამ მამის შემდეგ მასაც მოუხდა იქაურობის დატოვება - ეს თანამდებობა საერთოდ გააუქმეს.

ამ კანდიდატურის გამოჩენას ინტერნეტსივრცეში მყისვე მოჰყვა გამოხმაურება
- ზოგი დადებითი, ზოგიც - უარყოფითი. სწორედ ამ უკანასკნელ დამოკიდებულებაზე კომენტარის გაკეთება შოთა ხაბარელმა ისურვა:

"მამუკა არაა უცხო ამ სამყაროსთვის - ის საკმაოდ კარგი ძიუდოისტი იყო და მერე ფედერაციაშიც მუშაობდა, საიდანაც ჩემთან ერთად დაითხოვეს. ახლა პარლამენტში ვარ და გამოდის, ისევ ჩემს გამო იჩაგრება.

ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი, რადგან კარგი კადრი არ უნდა დაიკარგოს. მინდა, ყველამ გაიგოს - ის იმიტომ კი არ მოდის ფედერაციაში, რომ ჩემი შვილია, არამედ მოდის თავისი გეგმით. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მასზე უკეთ გაუძღვება ფედერაციას, მამუკა მზადაა ნებისმიერ კონკურენტთან დებატებისთვის - დასხდნენ ჟურნალისტების თანხლებით და იმსჯელონ ძიუდოს განვითარებაზე, სამომავლო გეგმებზე.

მას კანდიდატურა ერთპიროვნულად არ წამოუყენებია - მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონთა, წამყვან ძიუდოისტთა უმეტესობასთან შეათანხმა და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინა. ბოლო წლებში ქართულმა ძიუდომ ბევრი დაკარგა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს".


მამუკა ხაბარელი ფედერაციაში თავისი ადრინდელი საქმიანობისას ერთ-ერთ პერსპექტიულ კადრად მიიჩნეოდა. მაშინ მან უნარიან ორგანიზატორად წარმოაჩინა თავი და თანდათან ევროპულ ფედერაციაშიც იწყებდა ინტეგრაციას - ინგლისურის მცოდნე კადრს, რომელიც ალღოთი და ნიჭითაც გამოირჩეოდა, იქაც მოწყალე თვალით უყურებდნენ.

მას უკვე იწვევდნენ სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხზე სათათბიროდ თუ პრაქტიკაში გასატარებლად და ერთი შეხედვით, შორს არ იყო ის დრო, როცა ევროპულ ფედერაციაში სპორტული დირექტორის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ცხადია, ეს იმხანად ისედაც ზენიტში მყოფი ქართული ძიუდოსთვის მორიგი წარმატება იქნებოდა, მაგრამ აქ ყველასათვის ცნობილი ის ავბედითი ამბები დატრიალდა, რამაც არა მარტო მამუკა ხაბარელის კარიერა, ყველაფერი შეიწირა... ახლა ის ყველაფერს თავიდან იწყებს, თუმცა ევროპულ ფედერაციას მასთან ურთიერთობა არც ამ პერიოდში გაუწყვეტია და ის 20 ოქტომბერს სტამბულში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზეა მიწვეული.

ბუნებრივია, ამ კანდიდატურის გახმიანებამ გააჩინა კითხვა, ხომ არ დაიწყება ანგარიშსწორება და რევანში ფედერაციაში. ამ კითხვაზე შოთა ხაბარელმა გვიპასუხა, რომ არანაირი რევანში არ იგეგმება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს პოსტს, მაგრამ თან დასძინა, ფედერაციაში არიან პოლიტიზირებული ფიგურები, რომლებიც ზონდერ-ჯგუფებისა თუ სხვა სახის აქტივობებით გამოირჩეოდნენ და მათ თავად უნდა დატოვონ იქაურობაო.

აწ უკვე პარლამენტარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი ხელისუფლების მისწრაფება სპორტისა და კონკრეტულად - ძიუდოს ფედერაციის დეპოლიტიზაციაზე. მისი თქმით, ფედერაციაში საკადრო ცვლილებები მხოლოდ ამ კუთხით თუ გატარდება და არავითარ შემთხვევაში - ანგარიშსწორების თვალსაზრისით.

აქვე ხაბარელმა დასძინა, რომ ეს მისი პირადი აზრია, თუმცა იცის ამ საკითხისადმი მამუკას დამოკიდებულებაც და ისინი ერთმანეთს ემთხვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი მამის კარგი შვილი.გაიხარეთ ხაბარელებო.
barbare
23:56 19-10-2012
0
მერე მამუკას ბიჭი იქნება ფედერაცის უფროსი
0

სიახლეები პოპულარული