ქართველი ძიუდოისტების დებიუტი ბრაზილიაში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ბრაზილიის სიდიდთ მესამე ქალაქში, ბაიას შტატის დედაქალაქ სალვადორში ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდური პირველობა ჩატარდება, რომელშიც ჩვენი ვაჟთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ტურნირი სადებიუტო იქნება ორი ქართველი მწვრთნელისთვის - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე პირველად უთავკაცებს ჩვენს გუნდს, რუსეთის ქალთა ნაკრებს კი ასევე პირველად გაუძღვება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი თეა დონღუზაშვილი.

მართალია, რუსი ქალების მთავარი მწვრთნელის ტიტული ვაჟების გამწვრთნელმა და ლონდონში ტრიუმფალური შედეგის დამდებმა იტალიელმა ეციო გამბამ შეითავსა, მაგრამ მისივე მოთხოვნით მწვრთნელად დონღუზაშვილი მიიწვიეს.

სავარაუდოდ, გამბა ძირითადად კვლავ ვაჟებთან
იმუშავებს, თან ქალთა გუნდს საწვრთნელ პროგრამას დაუწერს, ხოლო დონღუზაშვილი ძირითადად მისი შემსრულებელი იქნება.

ცირეკიძემ ბრაზილიაში შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლევან მატიაშვილი (+90) წაიყვანა. როგორც ვხედავთ, მის განკარგულებაში არაა გუნდის ლიდერი, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), რომელმაც თიაქარის ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში ტარდება - ამოღებულია 60 კილოგრამი, ხოლო 90-ს ზევით სამივე წონა გაერთიანებულია.

თავდაპირველი გეგმით, ამ ტურნირში მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი რეგიონული პირველობები უნდა ყოფილიყო - ფინალისტები უნდა მიეწვიათ ანუ ამ გზით 10 გუნდი მოგროვებულიყო, რომლებსაც მასპინძელი და მსოფლიოს შარშანდელი პირველობის გამარჯვებული დაემატებოდნენ.

ამდენად, ორივე შეჯიბრებაში 12-12 გუნდი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ზოგმა კვოტის გამოყენებაზე უარი თქვა, ეტყობა, ორგანიზატორებმაც შეცვალეს კრიტერიუმი და ახლა ქალებში 15, ვაჟებში კი 16 ნაკრები ვიხილეთ.

სალვადორში დღეს ქალები იჭიდავებენ, ჩემპიონის ტიტულს კი ერთმანეთს ბრაზილიის, რუსეთის, თურქეთის, იაპონიის, კორეის, ჩინეთის, მონღოლეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, მექსიკის, უკრაინის, არგენტინის და ალჟირის გუნდები შეეცილებიან. ვაჟები ხვალ გავლენ ტატამზე, თუმცა ეს თბილისის დროით ორშაბათი დილა იქნება (დაახლოებით 7 საათიანი სხვაობაა).

აქ ჩემპიონობისთვის საქართველო, ბრაზილია, იაპონია, კორეა, მონღოლეთი, უზბეკეთი, რუსეთი, უკრაინა, კუბა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ალჟირი, არგენტინა, ჩინეთი და ვენესუელა იბრძოლებენ. შეხვედრები იქაური დროით 14.30-ზე დაიწყება, ფინალები - 19.30-ზე.

დასასრულს ორიოდე მსოფლიოს ძიუდოდან, რომლებიც, ვფიქრობ, ძიუდოს ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს.

სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა ისრაელის უძლიერესმა ძიუდოისტმა, ევროპის 4-გზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა, 35 წკლის არიელ ზეევმა (100), რომელიც ჩვენებიასთვის ერთ-ერთი უხერხული მეტოქე იყო.

მეორე ამბავი უკრაინულ ძიუდოს ეხება, სადაც, ეტყობა, ახლა მიმდინარეობს ის პერიოდი, რაც ქართულმა ძიუდომ, იმედია, უკვე გაიარა - შიდა დაპირისპირება. იქ მწვრთნელთა კორპუსი უპირისპირდება ფედერაციას, კონფლიქტის მოსაგვარებლად კი მწვრთნელებმა დახმარებისთვის უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ რავილო საფიულინს მიმართეს თხოვნით, ჩაერიოს ამ დავაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული სპორტისთვის ეს არაა პირველი ამგვარი კონფლიქტი - თავისუფალ ჭიდაობაში წლებია, გრძელდება დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრ-მწვრთნელებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებიიი ქართველ ძიუდოისტებს..
tiko
14:46 27-10-2012
0

სიახლეები პოპულარული