ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ტატამზე კისრით დაარჭო! [VIDEO]

AutoSharing Option
ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ სამწვრთნელო დებიუტი წარმატებით დაიწყო - პირველივე ტურნირზე, ბრაზილიურ სალვადორში დასრულებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნიშანდობლივია, რომ ცირეკიძემ სპორტსმენის რანგშიც თავისი პირველი დიდი გამარჯვება ბრაზილიაში მოიპოვა, როცა 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ჩვენებმა ჯგუფური ეტაპი მოლოდინისამებრ გაიარეს - პირველ შეხვედრაში ბრიტანელები იოლად დაამარცხეს, "მშრალი ანგარიშით" - 5:0, მერე კი ნახევარფინალში გამსვლელი პაექრობა დაძაბულ ბრძოლაში დათმეს იაპონელებთან - 2:3.

დამამშვიდებლის პირველ წრეში კუბელებსაც საკმაოდ იოლად მოუგეს 3:2
(აქ ანგარიშმა არ შეგაცდინოთ - ჩვენებმა ის ორი შეხვედრაც ბოლოს წააგეს, როცა უკვე 3:0-ს იგებდნენ და მოგება გარანტირებული ჰქონდათ), ბრინჯაო კი სამხრეთკორეელთა 4:1-ზე ძლევით მოიპოვეს.

66-სა და მძიმე წონებში ულიდერებოდ მოასპარეზე ჩვენი ნაკრები 2006 და 2008 წლებში მოპოვებული ტრიუმფის გამეორებას რომ ვერ შეძლებდა, კი ვიცოდით. ეგ კი არა, ბევრს იქნებ მესამე ადგილიც ეეჭვებოდა, თუმცა მედალი საერთოდ რომ ვერ აგვეღო, ამ ტურნირზე წასვლა თუნდაც ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) იმ ჩინებული ამოსმულისთვის ღირდა, პირველივე შეხვედრაში ბრიტანელ ტომ რედს რომ გაუკეთა - ბიძგი იმდენად ძლიერი იყო, კუნძულელმა ჰაერში ჩვეულებრივი ამპლიტუდა კი არ მოხაზა, ლამის კაცის სიმაღლეზე აფრინდა და პირდაპირ კისრით დაერჭო ტატამზე (იხილეთ ვიდეო).

მოგვიანებით ეს ილეთი ტურნირის საუკეთესო გდებად აღიარეს და ჭრიკიშვილი სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვეს. ეს შანსი კი ხელიდან არ გაუშვა ჩვენმა დიდმა ქომაგმა, ძიუდოს პირდაპირი რეპორტაჟების უცვლელმა კომენტატორმა, ბრიტანელმა შელდონ ფრანკო-რუქსიმ და ჩვენებური სტუდიაში მიიწვია რამდენიმე წუთით სასაუბროდ.

საბედნიეროდ, ჭრიკიშვილის გარდა, კარგი ჭიდაობით სხვებმაც დაგვამახსოვრეს თავი - წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გამოცოცხლებული მოგვეჩვენა შალვა ქარდავა (66), რომელიც მხოლოდ იაპონელთან დამარცხდა და ვალერი ლიპარტელიანთან (90) ერთად ჩვენებში ყველაზე მეტი მოგება მიითვალა...

ნუგზარ ტატალაშვილიც (73) ადრინდელზე თითქოს ცოტა მეტად აქტიურობდა - მის ანგარიშზე 2 გამარჯვებაა 3 ცდიდან.

ახალგაზრდა მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმაც ორი მოგება მიითვალა, მაგრამ აშკარაა - მისთვის მსგავსი სარბიელი ჯერ კიდევ დიდი სიმაღლეა.

ცირეკიძემ გუნდის სათადარიგო წევრი ზებედა რეხვიაშვილი (73) მხოლოდ პირველ შეხვედრაში დააყენა ბრიტანელ დანიელ უილიამსთან. მართალია, ჩვენებურმა იმარჯვა, მაგრამ იმხელა უპირატესობა გაანიავა და ფიზიკურად ისე გაუჭირდა, მწვრთნელმა მეტად აღარ გარისკა.

ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი მთელი შეჯიბრების განმავლობაში კი აქტიურობდა და 3-ჯერაც იმარჯვა, თუმცა რამდენჯერმე ისეთ მეტოქესთან გაუჭირდა, მოგება რომ ევალებოდა...

ბუნებრივია, გუნდი ჯერ არაა სათანადო ფორმაში და "ფიზიკური" დაღი სხვებსაც ეტყობოდათ, მათ შორის - ჩვენს მიერ შექებულებსაც, მაგრამ ნაკრების გამოსვლაში მაინც შეინიშნებოდა რაღაც გარდაქმნა, სიახლე, ცოტაოდენი ტაქტიკური წინსვლაც... კიდევ ვიმეორებთ - ბიჭების უმეტესობამ ცოტა უკეთესად იჭიდავა...

ბრიტანეთის საშუალო დონის ნაკრებთან ჩვენები ფავორიტები იყვნენ, თუმცა მოგება მოსალოდნელზე უფრო იოლად მოვიდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაზე მეტად ლიპარტელიანს გაუჭირდა ანდრეი ბურნსთან და მარცხს ბეწვზე გადაურჩა - დამთავრებამდე ხუთიოდე წამით ადრე დასაწყისშივე მიღებული ორი გაფრთხილებით იუკოს აგებდა, თუმცა, საბედნიეროდ, დარჩენილ დროში ვაზარი დაიმსახურა.

თავიდან არბიტრმა ის გდება ბრიტანელს ჩაუთვალა, მაგრამ შეცდომა მალევე გაასწორეს. ქარდავამ, რეხვიაშვილმა და მატიაშვილმა გაფრთხილებებით მოიგეს, ჭრიკიშვილის გამორჩეულ გდებაზე კი ზევით ვთქვით.

მეოთხედფინალში იაპონიასთან შეხვედრის ბედის გადაწყვეტა განგებამ ახალგაზრდა მატიაშვილს მიანდო (ბოლო ორთაბრძოლის წინ ანგარიში 2:2 იყო), რომელმაც ამხელა ტვირთის აწევა ვერ შეძლო. მით უფრო, მეტოქედაც მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა ჰყავდა.

სულაც არ გვინდა, 20-წლამდელთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ამ წაგებისთვის დავძრახოთ, მაგრამ მისი პაექრობა იმის მაგალითი იყო, როგორ არ უნდა აჰყვე იაპონელს თავისივე ჭიდაობაში - მაჯებზე მყარი ჩავლებით ძიძგილაობას კამიკავას ჩინებული გამოსმა მოჰყვა. ჩვენებურს გამოცდილება არ ეყო, ასე მჭიდროდ რომ არ შეკვროდა მრისხანე იაპონელს.

იაპონელებთან პაექრობის უდავოდ გამორჩეულ მომენტად იქცა ტატალაშვილის იპონი მსოფლიოს პრიზიორ იასუჰირო ავანოსთან - კარგად ჩაუხვია ფეხი და მშვენიერი მოგვერდი!

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ლიპარტელიანის ამოსმული ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე მასაში ნიშიამასთან - წმინდა მოგება, რომელშიც "ლიპომ" ძველებურად გაიბრწყინა და თან ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.

კუბელებთან სამივე მჩატეწონოსანმა სწრაფად მოიგო - ქარდავამ, ტატალაშვილმა და ჭრიკიშვილმა 3:0 დააწინაურეს გუნდი, რამაც შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ამ დროს დარჩენილ ორ ორთაბრძოლას აზრიც არ ჰქონდა და არცაა გასაკვირი, ლიპარტელიანი და მატიაშვილი თუ დამარცხდნენ.

დამამშვიდებლის ფინალი მოგებით გავხსენით - ქარდავამ კორეელ ბო-ბაე ჰვანგს ორი გაფრთხილებით მოუგო, ტატალაშვილს კი ფიზიკურად გაუჭირდა დონქუე სეოსთან და 48 წამით ადრე მოგვერდით იპონზეც დაეცა.

წაგების მიუხედავად, ჩვენებურმა ორჯერ კარგი თვისება გამოავლინა - პირველად სეო ვარდნაში, ფეხების დახმარებით უკუგდებით ცდილობდა მის გადაგდებას, მაგრამ ტატალაშვილი კარგად დაბზრიალდა ჰაერში; მეორედ კი მეტოქის კისრულს ჩინებული ხიდით გადაურჩა - ორივე შემთხვევაში გორელმა კარგი რეაქცია, კოორდინაციის შესაშური უნარი გამოავლინა.

საიპონე გდებისას სეო ცოტა არასპორტულად კი მოიქცა - ვიდრე მსაჯს გახედავდა, მანამ ჩვენებურის ხელის მტევანი აშკარად ავი განზრახვით მოხარა 90 გრადუსით, მაგრამ როცა მსაჯს შეხედა, სიხარულისგან ატირდა.

მოგვიანებით კულისებში ტატალაშვილიც ტიროდა - ცხადია, წაგების გამო, მაგრამ ესეც კარგია, მარცხი ასე მწარედ რომ განიცადა.

ჭრიკიშვილს მეტოქე არ გამოუცხადდა და 3:0 დავწინაურდით, ანუ ლიპარტელიანს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეეძლო და შანსიც გამოიყენა - დონ ჰაგ კვაკი გაფრთხილებებით მოახსნევინა.

მატიაშვილისა და გუჰამ ჩოს შეხვედრა პრაქტიკულად უკვე ფორმალობა იყო, მაგრამ ჩვენებურისთვის პრესტიჟის მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა მასზე ერთი წლით უფროსმა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჩომ აშკარად დაჩაგრა - სამჯერ გააფრთხილებინა. კიდევ კარგი, ბოლოს ფეხში ხელით შევიდა, რისთვისაც მოხსნეს და 4:1 ჩვენს სასარგებლოდ.

მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთი გახდა, რომელმაც ფინალში 3:2 მოუგო იაპონიას. აქ გადამწყვეტი ბრძოლა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანმა ალექსანდრ მიხაილინმა მოიგო, რუსთა ნაკრების ჩრდილოკავკასიელებმა კი ეროვნული ცეკვებით სამბას მშობელი ბრაზილიელების გაკვირვება მოინდომეს, რაშიც განსაკუთრებით დაღესტნელი ავარა კამალ მაგომედოვი (90) გამოირჩეოდა.

ფალავნებმა ლეკური ცეკვით გული რომ იჯერეს, მერე მადლიერების ნიშნად იტალიელი მწვრთნელი ეციო გამბაც კარგა ხანს აბურთავეს, რომელსაც რუსები ძეგლს უნდა უდგამდნენ.

მსოფლიოს გუნდური პირველობა

კვარცხლბეკი
ვაჟები
1. რუსეთი; 2. იაპონია; 3. საქართველო, ბრაზილია.

ქალები
1. იაპონია; 2. ჩინეთი; 3. ბრაზილია, კუბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კუბელებთან ტატალააშვილს არ უჭიდავია რეხვიშვილმა იჭიდავა და მოიგო.
leonide_010
17:09 01-11-2012
0
საღოლ რა დააიპონა:)) გენაცვალე რა:)
messi001
13:04 01-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული