ავთანდილ ჭრიკიშვილის ამოსმული საუკეთესო გდებად დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიოს გუნდური პირველობა ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის (81) ორმაგად წარმატებული აღმოჩნდა - გუნდთან ერთად მოპოვებული ბრინჯაოს მედლის გარდა, მისი ამოსმული ბრიტანელ ტომ რედთან ტურნირის საუკეთესო გდებადაც დაასახელეს (იხილეთ ვიდეო).
არადა, ტურნირზე არაერთი ღირსეული გდება ვიხილეთ და მართლაც საამაყოა, ამ კოჰორტაში საუკეთესოდ ჩვენებური რომ გამოარჩიეს.

გდება კი მართლაც ჩინებული, უიშვიათესი გამოდგა. როგორც ჭრიკიშვილმა გვითხრა, ბრიტანელი კარგად "მოაჯდა" ილეთზე და მიზანშიც მოხვდა - ჩვეულებრივი ამპლიტუდით კი არ დაეცა, ლამის ორჯერ დიდი წრე მოხაზა ჰაერში და პირდაპირ კისრით დაერჭო ტატამზე!

ეს რომ საუკეთესო
ილეთად აღიარეს, ჩვენებურმა მაშინ გაიგო, როცა შეჯიბრების დამთავრებისთანავე ის ძიუდოს რეპორტაჟების ცნობილმა წამყვანმა შელდონ ფრანკო-რუქსიმ პირდაპირ ეთერში მიიწვია - ჭრიკიშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა.

ეს ტურნირი ჩვენთვის გამორჩეული სხვა რამითაც გამოდგა - ირაკლი ცირეკიძის, ლაშა გუჯეჯიანისა და გიორგი ვაზაგაშვილის სამწვრთნელო შტაბმა შეძლო გუნდის გარდაქმნა და ლამის ყველა ახლებური სახით ვიხილეთ: მნიშვნელოვნად მოუმატებია შალვა ქარდავას (66), კარგად იჭიდავა ზებედა რეხვიაშვილმა (73), პროგრესი იყო ნუგზარ ტატალაშვილის (73) და იმავე ჭრიკიშვილის გამოსვლაში, რომელიც ახლა უფრო თავისუფლად ჭიდაობდა, თითქოს ვიღაცამ ძველი სიმძიმე ჩამოხსნაო... ერთი სიტყვით, მომავალს ახლა უფრო იმედით ველოდებით, ვიდრე თუნდაც - ერთი წლის წინათ.

ჩვენი გუნდი 31 ოქტომბერს საღამოს დაბრუნდა ბრაზილიიდან და ბიჭებსაც გავესაუბრეთ, თუმცა ყველაზე მეტი სალაპარაკო, ცხადია, ჭრიკიშვილთან გვქონდა და თავიდანაც მას მივმართეთ.

- გილოცავთ ამ ორმაგ წარმატებას და მოდით, თავდაპირველად იმ ილეთზე ვისაუბროთ, რომელმაც პერსონალური ჯილდო მოგიტანათ...
- ამოსმული ჩემი საყვარელი ილეთია, რომელსაც ბავშვობიდან ვაკეთებ და სულ ვცდილობ, ამით მოვიგო.

შეიძლება ითქვას, ეს ჩემი კოზირია და მიხარია, ამჯერად ყველაფერი ზუსტად რომ გამომივიდა. საერთოდ, სულ ვცდილობ, უნაკლოდ შევასრულო ეს გდება, მაგრამ ყოველთვის არ გამოვა.

იმ მომენტში ბრიტანელიც ისე კარგად დამიდგა, ყველაფერი მიზანში იყო მორტყმული და გდებაც ზუსტად შევასრულე - სწორედ ისე, როგორც მინდოდა, გამოსულიყო.

წინა დღეს მეგობარსაც ვუხსნიდი, ასე და ასე კეთდება, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის-მეთქი. აი, მაშინ კი გამომივიდა. ილეთი რომ კარგად გაკეთდა, ამას მაშინვე მივხვდი - რაც უნდა დაძაბული შეხვედრა იყოს, კაცი რომ ჰაერშია აწეული, ამას შენც ხვდები, მაგრამ იმ ტურნირზე საუკეთესო გდებად თუ დაასახელებდნენ, არ მეგონა.

მით უფრო, სხვებმაც გააკეთეს კარგი ილეთები. ტატამზე რომ ვიდექი, შელდონმა დამიძახა, ამოდიო და მაშინ გავიგე, რომ თურმე საუკეთესოდ დავუსახელებივარ. შელდონს ძალიან უყვარს ქართველები და ისეთი გახარებული იყო, თითქოს ეს ილეთი მას გაეკეთებინოს.

- პირადად თქვენი ჭიდაობით თუ ხართ კმაყოფილი?
- ჯერ გუნდის გამოსვლაზე ვიტყვი - მედლით კმაყოფილი ვარ, რადგან ოთხი წელიწადია, შედეგების მოპოვება გვიჭირს. პირადად მე რაც შემეხება, იაპონელთან შეხვედრაზე მწყდება გული, ვფიქრობ, ის გასაფრთხილებელი იყო. კუბელთანაც უკმაყოფილო ვარ...

ჩემი თავისგან ყოველთვის უფრო მეტს მოვითხოვ და ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. დასანანია, როცა მოგება შეგიძლია და წააგებ. იაპონელს ჩავლებით რომ ჯობნი და მაინც დამარცხდები, საწყენია.

- თქვენს ახლანდელ ჭიდაობას წინა წლებისას რომ ადარებთ, რა სიახლეს ხედავთ? თითქოს უფრო თავისუფლად ჭიდაობდით...
- კი, ახლა უფრო მომატებული მაქვს, მეტად ვაანალიზებ შეხვედრებს, მეტად ვაკვირდები ჩემს გამოსვლას და დაშვებულ შეცდომებს, თითქოს უფრო მეტ ხარვეზს ვხედავ... მწვრთნელებიც გვერდში გვედგნენ და დასვენების საშუალებას გვაძლევდნენ, რისი შანსიც ადრე პიტერ ზაიზენბახერის ხელში არ გვეძლეოდა.

ახლა თითქოს უფრო დალაგდა სავარჯიშო სისტემა. მაგალითად, მსოფლიოს პირველობის წინ გავლილ შეკრებაზე კიდევ გვასვენებდნენ და ფეხბურთსაც ვთამაშობდით. სავარჯიშო სისტემის შეცვლამ ყველაზე დადებითად იმოქმედა. თუნდაც შალვა ქარდავას მაგალითი ავიღოთ, რომელმაც საგრძნობლად მოუმატა. სწორი ვარჯიში ხომ ბევრს ნიშნავს. შეიძლება ბევრი იმუშაო, მაგრამ - არასწორად.

- თქვენი შეფერხების მიზეზად რას მიიჩნევთ, თქვენი აზრით, რამ შეგიშალათ ხელი კარიერის წარმატებით გაგრძელებაში?
- ვფიქრობ, დასვენება და სხვანაირი ვარჯიში მჭირდებოდა. ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსვლის შემდეგ არც დამისვენია - სამშაბათს მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდან რომ დავბრუნდი, ხუთშაბათს უკვე ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე წამიყვანეს.

მერე ზაიზენბახერიც მოვიდა და არც ამომისუნთქია. ვარჯიში და დატვირთვა აუცილებელია, მაგრამ მერე უნდა დაისვენო კიდეც...

* * *
ბრაზილიური ტურნირის შესახებ აზრის გამოთქმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანსაც (90) ვთხოვეთ: "შედეგით კმაყოფილი ვარ - ოლიმპიადის შემდეგ ფორმის პიკში არავინ არაა და აქედან გამომდინარე, მედლის მოპოვება კარგია. ცხადია, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ იაპონიის ნაკრებთან ცოტა დაგვაკლდა და 2:3 წავაგეთ.

შევეცდებით, მომავალში პირადშიც და გუნდურშიც გამოვასწოროთ მდგომარეობა. მსოფლიოს პირველობამდე ერთი შეკრება გავიარეთ, ზოგი ვერ იყო ფორმის პიკში, თუმცა შედეგი მაინც გვქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ყველა ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იყო ჩამოსული, მაგრამ ძლიერი გუნდები იყვნენ, ყველასთან საჭიდაო იყო. ჩვენს ნაკრებში ძალიან კარგი ვითარებაა, ყველაფერი ნორმალურადაა და ვულოცავ მწვრთნელთა კორპუსს ამ ახალ წარმატებას" - გვითხრა მან.

* * *
შალვა ქარდავას ბრაზილიაში ლიდერის ტვირთი ერგო - ის იწყებდა ყველა შეხვედრას. ამდენად, მისი პასუხისმგებლობა დიდი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ამ რთულ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ადრინდელთან შედარებით საგრძნობი პროგრესი გვაჩვენა.

მან ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო, თუმცა სტატისტიკაზე დამაიმედებელი მისი ჭიდაობის ხარისხია. აი, რა გვითხრა ქარდავამ:

"ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ, ანაკლიაში გავიარეთ შეკრება და მეტ-ნაკლებად ფორმაში ვიყავი, თუმცა ჩემი ჭიდაობით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ, მეტიც შეიძლებოდა. სამომავლოდ ფიზიკურად უნდა მოვუმატო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი ცირეკიძე: ჩვენ ძიუდოისტებს ქართულად ჭიდაობაში არ ვზღუდავთ
მსოფლიოს გუნდური პირველობა - სამი ქართული განზომილება ბრაზილიაში

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ტატამზე კისრით დაარჭო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული