გურამ პაპიტაშვილი: ურთიერთგაგებაში ძალიან მოვიკოჭლებთ

AutoSharing Option
ჩვენს ძიუდოში მომხდარ მორიგი დაპირისპირების ფაქტზე "ლელო" უკვე იუწყებოდა. ქართული სპორტის ქომაგს მოეხსენება, რომ სპორტის ამ სახეობაში უთანხმოების, დისციპლინის დარღვევის და საზოგადოდ სკანდალური შემთხვევები, სამწუხაროდ, ბოლო წლებში იშვიათობას აღარ წარმოადგენს.

ამ ამბებით, ბუნებრივია, უკმაყოფილოა ფალავანიც, მწვრთნელიც და ქომაგიც. შექმნილი ვითარებაში აზრის დაფიქსირება ძიუდოს ერთ-ერთ ფუძემდებელს საქართველოში გურამ პაპიტაშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო გურამ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში ბევრჯერ იჩინა თავი კონფლიქტმა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზოგჯერ უშუალოდ ძიუდოისტებს შორის. შეხლა-შემოხლები თავს იჩენდა ლამის ყველაგან, დაწყებული სოფლად ქართული ჭიდაობის ტურნირიდან, გაგრძელებული შეკრებაზე ინციდენტებით,
დედაქალაქში საქართველოს (ახალგაზრდული) ჩემპიონატის ცემა-ტყეპით. უცხოეთშიც არაერთხელ გავეხვიეთ სკანდალში. კონფლიქტთა ნაწილი არც გახმაურებულა, თორემ ვითარება სამარცხვინოდაც ჩაითვლება.
- ქართული ძიუდოს ოჯახი ამაყობდა ერთიანობით, გამტანობით და ერთმანეთისადმი პატივისცემით, თუმცა თუნდაც თქვენს მიერ ჩამოთვლილმა არაერთმა შემთხვევამ ცხადი გახადა, რომ დღესდღეობით ურთიერთგაგებაში ძალიან გვიჭირს.

მხოლოდ წუხილის გამოთქმა იმაზე, თუ ეს რა დღეში ჩავარდით, საკმარისი არაა. ყველა ვალდებული ვართ, როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს კონფლიქტების აღმოფხვრასა და საერთოდ წარმოქმნილი პრობლემების საფუძვლშივე გადაჭრაში.

ეს უთნახმოება უნდა დასრულდეს! მოხდა ისე, რომ ცალკეულ შემთხვევებზე დიდი ხნის განმავლობაში არ ხდებოდა სათანადო რეაგირება და ამან გაფანტა გუნდის ერთიანობა, მწვრთნელი (არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სპეციალისტი) დარჩა ცალკე, სპორტსმენები კი სხვა მხარეს აღმოჩნდენ.

მეორეს მხრივ, როცა სპორტსმენი დასასჯელია ფედერაციის აღმასკომმა უნდა იმსჯელოს და მისი საქციელი სათანადოდ შეაფასოს, რათა დისციპლინის დარღვევა წაყრუებით არ წახალისდეს.

- პრობლემა ძიუდოს ფედერაციის სათავეშია?
- რასაკვირველია, ფედერაციის ხელმძღვანელობას ბევრი მოეთხოვება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მათი გადაჭრა ვიდრე საქმე გართულდება მწვრთნელებს უნდა ხელეწიფებოდეთ.

ჩვენთან ძიუდოს შემოსვლამდე ქართული ჭიდაობის ფედერაციას სათავეში აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი ედგა, შემდეგ მოვიდა "საქსოფტექნიკის" მმართველი გვარად სარიშვილი, იგი შეცვალა ფირანიშვილმა, სახელმწიფოს კიდევ ერთი საწარმოს დირექტორმა.

არცერთი მათგანი ჭიდაობიდან არ იყო მოსული, მაგრამ შესანიშნავად მართავდნენ ფედერაციას. გუნდის შიგნით პრობლემების შესახებ კი მათ არასდროს არაფერი გაუგიათ.

მწვრთნელები თავად ვაგვარებდით ფალავნებთან ურთიერთობებს და, რაც მთავარია, ძალიან კარგადაც.

ფედერაციას შეიძლება უკეთ უხელმძღვანელოს ყოფილმა მოჭიდავემ, თუ პიროვნებამ, რომელსაც ადრე არ უჭიდავია, მაგრამ მწვრთნელი, თუ ის კარგი პედაგოგი არ არის - წარმატებით ვერ იმუშავებს.

მწვრთნელობა მხოლოდ ის არაა, ფალავანს "მოგვერდის", ან "ბრუნის" საჭირო დროს შესრულება ასწავლო, პედაგოგის თვისებებიც უნდა გააჩნდეს. ყველაზე რთულ სპორტსმენთან ურთიერთობაც უნდა შეძლოს მწვრთნელმა.

- ეროვნული გუნდის ამჟამინდელ ხელმძღვანელებზე რას გვეტყოდით?
- სამივე მათგანი (ირაკლი ცირეკიძე, ლაშა გუჯეჯიანი, გიორგი ვაზაგაშვილი) ახალგაზრდები არიან და ტიტულები არ აკლიათ.

მათ მხოლოდ წარმატებები მინდა ვუსურვო, მით უფრო რომ სულ ცოტა ხანია, რაც ამ საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდნენ. შორიდან მინიშნებებს კი აჯობებდა უშუალოდ შევხვედროდი და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. ამის სურვილი მქონდა, მაგრამ შეხვედრა არ მოხერხდა, ვნახოთ იქნებ მომავალში გამოვიდეს.

სხვათა შორის მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ნაკრების სათავეში უცხოელი სპეციალისტის მოსვლისა. ჩვენ სხვა ფსიქოლოგიის ხალხი ვართ და თანაც თარჯიმანის მიერ "გადათარგმნილი დარიგებისაც" არ მჯერა.

მე რასაც ქართველ მოჭიდავეს ავუხსნი, უცხოელი ვერანაირი თარჯიმანის დახმარებით იქამდე ვერ მიიტანს.

ბოლოს მინდა დავამატო, რომ დღესდღეობით საქართველოში არის დიდი წარმატებებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობები, საშეჯიბრო პრაქტიკა, მატერიალური წახალისება, მყარი ტრადიციები, მაგრამ არ არის ერთმანეთის აზრის პატივისცემა და ვიდრე ასეა, ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობაც და დიდი გამარჯვებების მოპოვებაც!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული