ამირანმა მომდევნო შეხვედრაშიც საკმაოდ იოლად გაიმარჯვა - პირდაპირ იპონზე დააგდო უკვე მობერებული, ერთ დროს კი რუსეთის ნაკრების ლიდერი ამ წონაში, ოღონდ უტიტულო, ევგენი
ნახევარფინალში მისი მეტოქე კანადელი სერჯო პესოა აღმოჩნდა, რომელიც პაპინაშვილმა სექტემბერში ტოკიოში, მსოფლიოს პირველობაზე დაამარცხა. ამის მიუხედავად, შეხვედრაში ქართველის გამარჯვებას დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, ვერავინ დაიჩემებდა თუნდაც ჩვენებურის კარგი ჭიდაობის გათვალისწინებითაც კი, რადგან პესოამ მანამდე საკმაოდ გამოცდილი თანაგუნდელი ვილ ფრაიზერი და ასევე საკმაოდ ძლიერი მასპინძელი, ამ წონაში ჰოლანდიელთა ლიდერი ხეროენ მოორენი საკმაოდ იოლად ჩამოიშორა.
საბედნიეროდ, ნახევარფინალში პაპინაშვილიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - თავიდანვე აქტიურობდა, ფიზიკურადაც მშვენივრად გამოიყურებოდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი მომენტი შეხვედრის შუაწელში დადგა, როცა ჩვენებურმა ჯერ კარგად იმუშავა მაჯებზე და მშვენიერი ჩავლებით ორივე ხელი გაუთიშა, მერე კი ფეხიც კარგად ჩაუხვია და ისე დაიქნია, თითქოს სავსე ტომარას აგდებდა კისრიდან. კანადელი საბრალოდ გაიშოტა ტატამზე და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერც შეძლო - პაპინაშვილმა საამისოდ იოტისოდენა შანსიც არ მისცა. მართალია, შეხვედრის მიწურულს ჩვენებური გააფრთხილეს და მეტოქემ ერთი იუკო მიიღო, მაგრამ ეს პაპინაშვილის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო, შეგნებულად დაუთმო ის გაფრთხილება - დრო ისედაც იწურებოდა და შესატევად აღარ რისკავდა, წამები კი მოიგო.
ჩვენებურს ყველაზე ძლიერი მეტოქე ფინალში შეხვდა - ავსტრიელი ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ-ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ლუდვიგ პაიშერი. 28 წლის ავსტრიელი ათწლეულზე მეტია, უმაღლეს დონეზე ჭიდაობს, მაგრამ არ იღლება და ნახევარფინალში იოლად გაუსწორდა ბევრად ახალგაზრდა იტალიელ მსოფლიოს პრიზიორ ელიო ვერდეს. პაპინაშვილი ამ შეხვედრაშიც ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, რაც წარმატების უმთავრესი მიზეზი გვგონია. ამასთან, ყურადღებითაც ჭიდაობდა.
პაიშერი აქაც მისთვის ჩვეულ მტკივნეულ-შებოჭვებს ეძალებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ჩვენებურმა არცერთხელ დაანება. ამ შეხვედრის ბედიც დაახლოებით შაუწელში გადაწყდა, როცა პაპინაშვილმა ძალიან კარგი თვისება - მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. ერთ-ერთი მორიგი ძიძგილაობისას ტატამზე დაცემული მაინც არ მოეშვა მეტოქეს, ლამის ლეიბზე ხოხვით ბოლომდე გაეკიდა და წაქცეულმა იმდენი მოახერხა, მძლავრი ბიძგით თავისკენ დაქაჩული ავსტრიელი იპონზე გადააგორა. ეს მისი მეორე გამარჯვებაა პაიშერთან - შარშან პარიზის "დიდ მუზარადზე" ნახევარფინალში მოუგო. ეს წარმატებაც მეორეა მის კარიერაში - შარშან თბილისის ტურნირიც მოიგო, თუმცა ის შეჯიბრება ამას ვერც რანგით და ვერც სიძლიერით შეედრებოდა. ამ მოგებისთვის პაპინაშვილმა სალიცენზიო რეიტინგში 200 ქულა და 3 000-დოლარიანი პრემია მიიღო. თუ ასე გააგრძელა, კიდევ არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს - მისი ამჟამინდელი გამოსვლა რადიკალურად განსხვავდებოდა ადრინდელებისგან.
სამწუხაროდ, გუშინ სხვა ქართველებმა ძალზე ცუდად იჭიდავეს. ასუმბანის წაგებაზე პაპინაშვილის მიერ დაჯაბნილ ბრიტანელ ეშლი მაკენზისთან უკვე გითხარით - ჩვენებურს ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა და დაიღალა. ასევე პირველ წრეში დასვენებულმა შალვა ქარდავამ (66) ერთი წუთიც ვერ გაუძლო მომავალ ფინალისტს, იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს და ორი ვაზარით წმინდად წააგო. ამავე წონაში ერთი შეხვედრა მოიგო უჩა ხუციშვილმა ვენესუელელ რიკარდო ვალდერამასთან - ჯერ ვაზარი აართვა, ბოლოს კი იპონზეც დააგდო. თუმცა ვენესუელის ძიუდოს სკოლის დონიდან გამომდინარე, ამაში არაფერია გასაკვირი, ცუდი კი ისაა, რომ ხუციშვილმა მეტი ვერაფერი მოახერხა - მომდევნო ორთაბრძოლა მასპინძელ იესპერ დე იონგთან დათმო.
დღეს ვაჟთა ტურნირში შეხვედრები კვლავაც ორ წონით კატეგორიაში გაიმართება. 73-ში ჩვენი მოჭიდავეები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ანუ არაა გამორიცხული, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთოს, მაგრამ იქამდე ორივემ ორ-ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. ვფიქრობთ, ამის გაკეთება უფრო იოლად ზაზა კედელაშვილს შეუძლია - ჯერ ისრაელში გადასულ იოსებ ფალელაშვილს შეხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლასა და თურქ ჰასან ვანლიოღლუს შორის მოგებულს დაეჭიდება. ახალგაზრდა ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში იტალიელ ლუკა პოეტას ხვდება, ამ წყვილში გამარჯვებულს კი უნგრელ შანდორ ტარაბასა და ჰოლანდიელ დექს ელმონტის წყვილში წარმატებული ელოდება. უნგრელი არაა ძლიერი მოჭიდავე, მასპინძელი კი მსოფლიოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია.
81-ში ლევან წიკლაურიც და მისი მეტოქეც, თურქი ჰალილ ოზერლერი პირველი წრიდან თავისუფალნი არიან და ტურნირში მეორიდან ჩაებმებიან, იოსებ წელაური კი პირველივეში იჭიდავებს ფინელ ანტი ვირტასთან. ამათში მოგებულს უკვე ელოდება კანადელი კალემ კაჩური, ხოლო ვინც ამ ეტაპსაც გადალახავს, ამ ორი ძლიერი ძიუდოისტიდან ერთ-ერთთან გაარკვევს მეოთხედფინალისტის ვინაობას - ებრაელ ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონ იოელ რაზვოზოვთან ან პოლონელ ევროპის ჩემპიონ რობერტ კრავჩუკთან.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 2. ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია), 3. ელიო ვერდე (იტალია), სერჯიო პესოა (კანადა).
66 კგ. 1. მიხეილ პულიაევი (რუსეთი), 2. ფრანჩესკო ფარალდი (იტალია), 3. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), სერჰიუ დრებოტი (უკრაინა).
ქალები.
48 კგ. 1. კარლინ ვან სნიცკი (ბელგია), 2. ალინა დუმიტრუ, 3. კარმენ ბოგდანი (ორივე - რუმინეთი), ემი იამაგიში (იაპონია).
52 კგ. 1. იაანა სუნდბერგი (ფინეთი), 2. ლაურა გომესი (ესპანეთი), 3. ანა კარასკოსა (ესპანეთი), პენელოპე ბონა (საფრანგეთი).
57 კგ. 1. აიკო სატო (იაპონია), 2. მარლენ ჰაინი (გერმანია), 3. ვესნა ძუკიჩი (სლოვენია), ვიოლა ვახტერი (გერმანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"