მასტერსი - აზერბაიჯანში, ქართველი ძიუდოისტები - გაურკვევლობაში

AutoSharing Option
ქართული ძიუდო ჯერაც დალაგება-დაწყნარების პროცესშია - აქეთ ფედერაციის ახალი ხემძღვანელობაა ასარჩევი, იქით - ძველი ცდილობს ფედერაციის სათავეში თავისი ხალხის მოყვანას თუ არა, მისთვის არასასურველი კანდიდატების ჩამოშორებას მაინც; ცალკე ნაკრების ძველ ლიდერთაგან ზოგნი ახალი მთავარი მწვრთნელისადმი დაუმორჩილებლობას ცდილობენ და კვლავ განახლდა ზარები სამინისტროებიდან (ოღონდ არა სპორტის), მაგრამ სოსო ლიპარტელიანიც შეუვალი გამოდგა და ურჩებს კიდევ ერთხელ მიუთითა კარისკენ, ვისაც ვარჯიში არ უნდა, ჩაალაგოს თავისი ავლადიდებადა სახლში წავიდესო.

თუმცა ამ კულუარულ ომებზე უახლოეს დღეებში ცალკე ვისაუბრებთ, ამჯერად კი საერთაშორისო ფედერაციის საგაისო კალენდარზე ვთქვათ
იმის მიუხედავად, რომ ჩვენები ჯერ კალენდარზე არც ჩამოყალიბებულან - ფედერაციის ხელმძღვანელობის არჩევამდე და ბიუჯეტის დამტკიცებამდე ეს არც მოხდება.

ძიუდოში 2011 წლის სეზონი 15-16 იანვარს ბაქოში გასამართი "მასტერსის" ტურნირით იხსნება. საერთაშორისო კალენდარის მთავარი მოულოდნელობაც ალბათ, სწორედ ესაა - ამ შეჯიბრების ბაქოში გადმოტანა. ეს ძალზე ძვირადღირებული სიამოვნებაა და პრესტიჟულ ტურნირთაგან ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით გამოირჩევა - 200 000 დოლარი.

მასში მხოლოდ ელიტა მონაწილეობს - მსოფლიო რეიტინგების 16-16 მოწინავე სპორტსმენი, ორ-ორი კი სათადარიგოა იმ შემთხვევისთვის, ამათგან ვინმე გამოსვლას თუ იუარებს ან დაშავდება. მიზეზთა გამო თუ ორზე მეტი ვერ ახერხებს ასპარეზობას, მაშინ რეიტინგში მე-18 საფეხურზე დაბლა მყოფს მაინც არ აძლევენ ჭიდაობის ნებას. ესეც შეჯიბრების პრესტიჟულობას ადასტურებს - ორგანიზატორთათვის მთავარია არა მონაწილეთა რაოდენობა, არამედ - მათი კლასი. ამიტომ ტურნირიც მაღალი დონისა გამოდის. შესაბამისად, სალიცენზიო რეიტინგშიც ყველაზე მეტ ქულას იძლევა (400) და ჩემპიონებსაც ყველაზე გულუხვად აქ აჯილდოებენ - 6 000 დოლარით, როცა "დიდ მუზარადებზე" მათი გასამრჯელო 5 000-ია, "დიდ პრიზზე" - 4 000 და ასე შემდეგ.

დაგვეთანხმებით, ასეთი შეჯიბრების მასპინძლობა ყველასთვის პრესტიჟია და, აფერუმ, ჩვენს მეზობლებს, ეს უფლება რომ მოიპოვეს. შარშან "მასტერსს" სამხრეთ კორეამ უმასპინძლა და იყო ლაპარაკი, რომ წლეულსაც ისინი ჩაატარებდნენ. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანზე არაფერს ამბობდნენ და კულუარებში სხვა კანდიდატს თუ განიხილავდნენ, ალბათ, ბევრად უფრო ავტორიტეტულ და ძიუდოში შედარებით წარმატებულ ქვეყნებზე იქნებოდა ლაპარაკი, ამ დროს კი აზერბაიჯანი... ჩვენი მეზობლები ბოლო წლებში დიდძალ ფულს დებენ სპორტში, მათ შორის - ჭიდაობებში, სადაც ლამის მონსტრებად იქცნენ. იქ მათი გავლენა იმდენად გაიზარდა, სერიოზულად შეავიწროვეს რუსეთი და სპორტსმენთა მიტაცება ისეთი გიგანტებისგან დაიწყეს, როგორიც იგივე რუსეთი და ირანია. ეტყობა, ახლა აზერბაიჯანული ძიუდოს ჯერია - "მასტერსისთვის" იაპონიას არ უმასპინძლია. მართალია, ის კანოს მემორიალს ატარებს, რომელიც სიძლიერით მსოფლიოს პირველობას თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება, მაგრამ "მასტერსს" სხვა ფასი ადევს ამ სიტყვის გინდ პირდაპირი და გინდ - გადატანითი მნიშვნელობით.

სავარაუდოდ, ჩვენები ბაქოში გამოვლენ (აქვეა და მიმოსვლა ძვირი არ დაჯდება), თუ მოიპოვეს იქ ასპარეზობის უფლება. ჯერჯერობით სანუკვარ ტოპ-16-ში მხოლოდ ხუთი მოჭიდავეა: ამირან პაპინაშვილი (60 კგ; 598 ქ; IX ადგილი), დავით ასუმბანი (60, 482, XII), ლევან წიკლაური (81, 592, XI), ვალერი ლიპარტელიანი (90, 896, VIII), ლომერ ჟორჟოლიანი (100, 688, XI). დანარჩენთაგან სანუკვარ მიჯნასთან ყველაზე ახლოს მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილია – XIX ადგილზე 348 ქულით. წლეულს სარეიტინგო ტურნირთაგან "დიდი მუზარადის" მხოლოდ ერთი შეჯიბრებაა დარჩენილი - 10-12 დეკემბერს ტოკიოში კანოს მემორიალი. ამასთან, გასამართია ორ-ორი "დიდი პრიზი" და მსოფლიოს თასი - 23-24 ნოემბერს აბუ-დაბიში და 17-18 დეკემბერს ჩინეთში ჩასატარებელი პრიზები, 12-13 ნოემბერს სამოაში და 3-4 დეკემბერს სუვონში _ თასები. ვიმეორებ, ჩვენი ფედერაცია ჯერ საგაისო კალენდარზე ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისე ჩანს, დარჩენილი ტურნირებიდან, დიდი-დიდი, კანოზე წავიდნენ. ამდენად, აღნიშნულ რეიტინგებში ჩვენთვის სასარგებლო ცვლილებები, ანუ ჩვენებურთა დაწინაურება მოსალოდნელი თითქმის არაა. აი, საპირისპირო კი შეიძლება მოხდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ შარშანდელ მასტერსზე სამმა ქართველმა იჭიდავა - პაპინაშვილმა, ლიპარტელიანმა და ჟორჟოლიანმა. მათგან პირველი ორი პირველივე წრეში დამარცხდა, ჟორჟოლიანმა კი ეგვიპტელ მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ რამადან დარვიშს აჯობა, მაგრამ მერე კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰე-ტაე ჰვანგთან წააგო და საბოლოოდ ბრინჯაო მოიპოვა.

"მასტერსის" შემდეგ საერთაშორისო კალენდარში კონტინენტების რეგიონული პირველობებისთვის მზადების ეტაპი დგება - ხუთი ისეთი ტურნირი იმართება, რომლებიც ამ პირველობებისთვის მზადებას ემსახურება. პირველი ასეთი შეჯიბრება 29-30 იანვარს გასამართი თბილისის მსოფლიოს თასია, მომდევნოები კი ზედიზედ მისდევენ ერთმანეთს - 5-6 თებერვალს პარიზის "დიდი მუზარადია", 12-13-ში - უნგრეთის მსოფლიოს თასი, 19-20-ში - დიუსელდორფის "დიდი პრიზი", 26-27-ში - პრაღის მსოფლიოს თასი. აქვე გეტყვით, რომ პარიზსა და დიუსელდორფში ვაჟები და ქალები ერთ ტურნირად ჭიდაობენ - მათი სტატუსი მოითხოვს ამას, მსოფლიოს თასებზე კი ცალ-ცალკე გამოდიან - თბილისის პარალელურად, ქალთა შეჯიბრებას სოფია უმასპინძლებს, პრაღაში ვაჟებს კი ქალები ვარშავაში დაუწყვილდებიან.

ცოტა ძელი სათქმელია, ამათგან რომელში გამოვლენ ჩვენები, მაგრამ თბილისში ხომ თავისთავად იჭიდავებენ, სავარაუდოდ, საფრანგეთსა და გერმანიაშიც გამოვლენ - გარდა იმისა, რომ ეს ძლიერი შეჯიბრებებია და იქ გამოსვლა როგორც კარგი გამოცდაა, ასევე - შემოწმების, ნაკლოვანებების გამოვლენის საუკეთესო საშუალება, მათი დასრულების შემდეგ ერთობლივი ვარჯიშებიც იმართება, რაც დიდი სკოლაა სპორტსმენებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია პრაღის თასიც, როგორც ბოლო ტურნირი ევროპის ჩემპიონატის წინ, ასეთებს კი მუდამ ენიჭებათ სასტარტო და ხშირად საკონტროლო მნიშვნელობაც იმ შემთხვევისთვის, რომელიმე წონაში კონკურენცია თუ კვლავაც გადაუჭრელია. ამდენად, ჩამოთვლილთაგან ყველაზე უპერსპექტივოდ ბუდაპეშტის თასი ჩანს, თუმცა არაა გამორიცხული, ძირითადმა ნაკრებმა იქაც იჭიდაოს ან - მეორე შემადგენლობა გაუშვან. არცშეიძლება ისეც მოხდეს,, ძირითადი შემადგენლობის კანდიდატთაგან იმ მომენტისთვის ვინმეს დამატებით სჭირდებოდეს სატურნირო პრაქტიკა და იქ აჭიდაონ.

როგორც გითხარით, ამ ხუთი ტურნირით მთავრდება რეგიონული პირველობებისთვის მზადების პირველი ეტაპი - ამის შემდეგ გუნდები საშეკრებო ეტაპზე გადავლენ. ადრე კონტინენტური ჩემპიონატები უსისტემოდ ტარდებოდა - რომელი რეგიონული ფედერაციაც როდის მოისურვებდა, მაგრამ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გავლენით, ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების წესიდან გამომდინარე (მისი გათამასება 2,5-წლიანი ვადით განისაზღვრა), ყველა საერთაშორისო ფედერაციამ ეს სისტემა გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია. გამონაკლისი არც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაა, რომელმაც კონტინენტური პირველობების თარიღად მარტის ბოლო-აპრილი დაადგინა. პირველ ამგვარ ტურნირს აფრიკა ატარებს - 26-27 მარტს სენეგალის დედაქალაქ დაკარში, რომელიც ბოლო წლეში ნელ-ნელა "შავი კონტინენტის" ჭიდაობის ცენტრად ყალიბდება - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ იქ სასწავლო ცენტრი მოაწყო, სადაც 6 თვით ქართველი მწვრთნელი ვლადიმერ იაშვილიც იყო მიწვეული. აფრიკელები დაკარში ერთმანეთს როგორ დაჰკრავენ, ვერ გეტყვით, მაგრამ 1-3 აპრილს მექსიკურ გვადალახარაში გასამართი პან-ამერიკული ჩემპიონატი კი ბევრად ძლიერი იქნება - ბრაზილია, აშშ, კანადა, არგენტინა... 5-7 აპრილს საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში აზიის პირველობაა, 15-17-ში კი ეგზოტიკური ტაიტი ყველაზე სუსტი რეგიონული გაერთიანების - ოკეანეთის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ყველაზე ბოლოს ევროპული პირველობაა - 21-24 აპრილს სტამბოლში.

აქამდე ჩამოთვლილი ყველა ტურნირი სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, ოღონდ აქ ერთიც უნდა შევნიშნოთ - ამგვარი შეჯიბრებები 2009 წლის 1 მაისიდან დაიწყო, მაგრამ პირველი ერთი წლის მანძილზე სპორტსმენებს რეიტინგში განახევრებული ქულები ეწერებოდათ. მაგალითად, "დიდ მუზარადზე" მეორე ადგილის მოპოვება საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი კვოტით 180 ქულით ფასდება, მაგრამ პაპინაშვილს წლეულს პარიზული ვერცხლისთვის 90 ქულა დაერიცხა, რადგან ის იმ სეკვესტრირებულ ერთწლიან პერიოდში ჩატარდა. აი, იქ გაისადაც თუ ანალოგიურ წარმატებას მიაღწევს (ღმერთმა ქნას, ოქროც მოიპოვოს), მაშინ უკვე 180 დაეწერება. იგივე პაპინაშვილმა ამ ერთი წლის განმავლობაში 764 ქულა დააგროვა, მაგრამ, ვინაიდან ზოგიერთი ტურნირი 50-პროცენტიანთა ნუსხაში ხვდებოდა, ანუ სალიცენზიო შეჯიბრებების დაწყებიდან პირველ სეზონში იმართებოდა და განახევრებას ექვემდებარებოდა, 598 დარჩა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ კალენდარს, სადაც რეგიონული პირველობების შემდეგ მთავარი აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გადადის. შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს ის ცოტა ადრე იმართება - 23-28 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის შემდგომი ტურნირები უკვე ამ პირველობისთვის სამზადისად განიხილება. პირველი მათგანი სწრაფადვე მოჰყვება ევროპირველობას - 6-8 მაისს ტუნისის "დიდი პრიზია". მაისში კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა - 14-15 მაისს ქაიროს მსოფლიოს თასი და 27-29 მაისს - მოსკოვის "დიდი მუზარადია". ივნისში მსოფლიოს ორი თასია - ბუქარესტის და ტალინის, ამ თვეს კი მსოფლიოს ძიუდოისტები ბრაზილიაში დაამთავრებენ - 18-19-ში რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადია", ერთ კვირაში - სან პაულუს მსოფლიოს თასი. ამ ტურნირებით სეზონი ამერიკაში გადაბარგდება - ამათ ივლისში გასამართი მსოფლიოს სამი თასი მოსდევს და სამივე იქ იმართება, აშშ-ში, ვენესუელასა და სალვადორში. სიაში ამ ბოლო ორი ქვეყნის გამოჩენა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ძიუდოს პოპულარიზაციისთვის გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია, თუმცა იქ ჩვენებურთა გამოსვლა გამორიცხული გვგონია. ალბათ, ესენი მსოფლიოს თასებზე ნაკლებად გამოვლენ და აქცენტს უფრო პრესტიჟულ შეჯიბრებებზე გააკეთებენ. თასების უმეტესობა ჩვენგან შორს, აფრიკა-აზიაში ტარდება და ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ მოსალოდნელია, უფრო ევროპული თასები შეარჩიონ, რასაც დიდი პრიზები და მუზარადები დაემატება - ამით სატურნირო პრაქტიკასაც მიიღებენ, ქულებიც უფრო მეტია და საპრიზო ფონდებიც.

ცხადია, სალიცენზიო ტურნირები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც ჩატარდება, თუმცა მათზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ამიტომ ისევ ლიცენზიების განაწილების პრინციპით შემოვიფარგლოთ.

საგზურს ვაჟთა სალიცენზიო რეიტინგში მოხვედრილი 22 ქვეყანა მიიღებს, ქალებში - 14, რადგან საგზურები არც ამჯერადაა სახელობითი და კვლავაც ფედერაცია მიიღებს. არადა, რეიტინგი სახელობითია და, ბუნებრივია, იმ 22-ში ერთი ქვეყნიდან რამდენიმეც შეიძლება მოხვდეს. ამ შემთხვევაში ლონდონის ოლიმპიადაზე წამსვლელს იმ ქვეყნის ფედერაცია აარჩევს. არადა, ადრე სწორედ ამ წესის შეცვლაზე იყო ლაპარაკი. ამ იდეის მომხრეთა არგუმენტი ის იყო, რომ თამაშებში იასპარეზოს მხოლოდ მან, ვინც ამის უფლებას სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლით მოიპოვებსო. ისინი აქცენტს ხარისხზე აკეთებდნენ - დაგვეთანხმებით, 22-ში მოხვედრილი სპორტსმენი უფრო ძლიერია ოკეანეთისა და აფრიკის წარმომადგენელზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს თამაშებზე, მაგრამ საერთაშორისო ფედერაცია აქცენტს გეოგრაფიის გაფართოებაზე აკეთებს და შანსს სწორედ ასეთ განვითარებად გუნდებსაც აძლევს. ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა გამოვიდეს ოლიმპიადაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ 22 კაცში ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელია, მაშინ საგზური 23-ეს გადაეცემა, თუ იმ ქვეყანას არ ჰყავს წარმომადგენელი ამ 22-ში. თუ ჰყავს, მაშინ 24-ეს და ასე შემდეგ... მთლიანობაში ოლიმპიადაზე ვაჟებში 214 მონაწილე უნდა გამოვიდეს, ქალებში - 138, რასაც სხვადასხვა კვოტებით კიდევ 34 მონაწილე დაემატება, ანუ ჯამში სულ 386 სპორტსმენი იქნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული