ფრთხილად! - რამაზანოვმა თვალი ქართველ ძიუდოისტებს დაადგა

AutoSharing Option
ბელორუსის ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი მაგომედ რამაზანოვი საკუთარი გუნდის გაძლიერებას უცხოელებით აპირებს, სასურველ ფალავნებს შორის კი ქართველებსაც მოიაზრებს.

უფრო მეტიც - რამდენიმე ჩვენებური თურმე უკვე ვარჯიშობს კიდეც იქ. უცხოელთა დამატების სურვილი რამაზანოვმა "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე მიმდინარე ქვეყნის ღია პირველობისას თავად განუცხადა ბელორუსულ მედიას.

"მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ფალავნები არ გვყოფნის და ყველა წონა დახურულია, მაგრამ გვინდა, კონკურენცია კიდევ უფრო გავზარდოთ.

ამისათვის გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც უკვე დარწმუნებულნი არიან თავიანთ შესაძლებლობებში.

ასეთების მოძიება შეიძლება მოსკოვის ოლქში და ისეთ გუნდებში,
როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და ტაჯიკეთი".

სამბოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზანოვი დაღესტნელია, რომელიც კონტრაქტით მუშაობს ბელორუსში.

ის აქამდე სამბოში იქაურთა ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და პირველხარისხოვან ტურნირებში 17 მედალიც მოაპოვებინა.

შარშან ნოემბერში, მინსკში გამართულ მსოფლიოს ბოლო პირველობაზე, ბელორუსი გუნდურში მეორეზე გავიდა, რაც დიდ წარმატებად ჩაუთვალეს. ეს ფაქტი მის კარიერაში დაწინაურების საბაბად იქცა - ორი თვის წინ ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად მიიწვიეს.

იქ მან მსოფლიოს პრიზიორი ძიუდოში რუსლან შარაფოვი შეცვალა, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადაზე წარუმატებლად გამოსვლა არ აპატიეს.

აღსანიშნავია, რომ რამაზანოვი მესამედ დაბრუნდა ამ პოსტზე - ის ბელორუს ძიუდოისტებს 1999 და 2004 წლებშიც წვრთნიდა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება იქაური ძიუდოს ყველაზე დიდი წარმატება - 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე იჰარ მაკარაუ (100) ჩემპიონი გახდა, თუმცა იმ მიღწევის შემდეგ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

ძიუდოისტთა ნაკრებში მას სამბოდან ცნობილი მოსწავლეებიც დახვდებიან - იგივე მაკარაუ (რომელიც ახლა მძიმე წონაში ჭიდაობს), მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი იური რიბაკი (+120) და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ანდრეი კაზუსიონაკი (90). ამათგან მაკარაუს და კაზუსიონაკს კვლავაც ნაკრების ძირითად წევრებად მოიაზრებს.

რამაზანოვს უკვე შეგულებული სასურველი ფალავნები არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ზემომოყვანილი ფრაზიდან ჩანს, ახალგაზრდებს ეძებს.

ამ კონტექსტში საქართველოს, რუსეთის და უკრაინის ხსენება სავსებით გასაგებია, მაგრამ ტაჯიკეთის აღნიშვნა ფრიად მოულოდნელი იყო.

მის ნაცვლად ყაზახეთი ან უზბეკეთი რომ ეხსენებინა, კიდევ ჰო, მაგრამ ტაჯიკებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ რასულ ბოკიევის (73) გარდა, ხეირიანი სხვა არც არავინ ჰყავთ.

მათ ლონდონშიც სულ ორი მონაწილით იასპარეზეს - ბოკიევთან ერთად ფარვიზ სობიროვმაც (90) იჭიდავა...

თან ძიუდოს იმდენად არ აქცევენ ყურადღებას, რომ 3-4 წლის წინ ბოკიევიც რუსეთში გაექცათ და მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის აქტიური ჩარევის შემდეგ დააბრუნეს.

მაშინ სპონსორიც უპოვეს და კონტრაქტიც გაუფორმეს, რაც, როგორც გაირკვა, ტაჯიკური სპორტის ისტორიაში პირველი პრეცედენტი ყოფილა...

იქაური ძიუდოისტები არც ახალგაზრდულ შეჯიბრებებში ბრწყინავენ და ვერ გეტყვით, რამაზანოვს მათ დასასახელებლად რა რეალური მიზეზი ჰქონდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადრე ის ტაჯიკეთში ცხოვრობდა და შესაძლოა, ამიტომაც აქცევს ყურადღებას.

სამაგიეროდ, მწვრთნელმა განმარტა, რომ ნატურალიზაცია ბიძგს მისცემს ადგილობრივ ძიუდოისტებს და ამის მაგალითად სიდნეის 2000 წლის წლის ოლიმპიადის წინ რუსეთიდან ანატოლი ლარიუკოვის (73) გადაბირება დაასახელა - ავსტრალიაში მოპოვებული ბრინჯაოთი ძალიან დაეხმარა გუნდსო.

ვერ გეტყვით, დახმარებაში რას გულისხმობს - მართალია, ლარიუკოვის შემდეგ იქაურებს ათენში მაკარაუ ჩემპიონი გაუხდათ, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც აქვთ მედლები მოპოვებული, თუმცა ფაქტია, რომ ის დღეს ისევ ლეგიონერებს ეძებს და არც ბელორუსის ნაკრებია თუნდაც ჩვენსავით (ბოლო წლების არეულობების მიუხედავად) სტაბილური, ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი, ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტთა შორის რომ იყოს.

თავის დროზე ჩვენი ნაკრების თავკაც ირაკლი უზნაძის, აზერბაიჯანელ, ჩეჩენ თუ სხვა ძიუდოისტთა გადაბირებით თურქებმაც ძლიერი გუნდი შექმნეს, ჰქონდათ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ოქროს მედლებიც, მაგრამ წავიდა ის თაობა და დღეს თურქებს საშუალო დონის ნაკრებიც ენატრებათ; ოლიმპიადაზე ყველა ლიცენზიაც ვერ მოიპოვეს.

არადა, პირობები ჩვენზე ბევრად მეტი აქვთ, მაგრამ იმ ნატურალიზებულების ბაზაზე ვერ შექმნეს საკუთარი სკოლა, რაც ახალგაზრდებს გამოზრდიდა.

ეტყობა, დაღესტნელებს და ზოგადად, ჩვენს მეზობლებს გადაბირება სისხლში გაუჯდათ -
აზერბაიჯანმა ჭიდაობებში ხომ ლამის ნახევარ მსოფლიოს მოხვია ხელი და აქეთ რუსეთ-ირანს ართმევს ფალავნებს, იქით კი ბულგარელებს დაუპირა უმთავრესი ვარსკვლავის წართმევა; სომხებმაც ბლომად მოჭიდავე გადაიბირეს რუსეთიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან, დაღესტნელებზე კი ლაპარაკიც არაა - სადაც კი წავიდნენ იქაური მწვრთნელები, ყველგან წაიყვანეს თანამემამულეები.

სხვათა შორის, აზერბაიჯანშიც გადაბირების ინიციატორები ისინი იყვნენ. ორიოდ დღის წინ პოლონეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად იუსუპ აბდუსალამოვის დანიშვნის შესახებ გაცნობეთ და ისიც კი, რომელსაც ჯერ პრაქტიკული მუშაობა არ დაუწყია, თანამემამულეების წაყვანაზე საუბრობს!

უბრალოდ, ხელს პოლონური კანონმდებლობა უშლის, რომელიც მოქალაქეობას მხოლოდ ქვეყანაში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ ანიჭებს, დაჩქარებული ტემპით - ნახევარ წელიწადში მიღება კი სახელმწიფოს მეთაურზეა დამოკიდებული. ბელორუსისა და უკრაინის გუნდებიც, ჭიდაობებსა თუ ძიუდოში, უკვე გაივსო ჩრდილოკავკასიელებით.

თუმცა დაღესტნელებს, ოსებს და სხვა ჩრდილოკავკასიელებს სპორტსმენთა მიგრაცია დიდად არც ანაღვლებთ - ადამიანური რესურსი ჩვენზე ბევრად მეტი აქვთ, ჩვენთან კი ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ათლეტი დარჩა და ყოველი მათგანის წასვლა დიდი დანაკარგია.

მით უფრო, თუ ის პერსპექტიული ახალგაზრდაცაა. ამიტომ ძიუდოს საქართველოს ფედერაციას განსაკუთრებული პრინციპულობა მართებს და არაფრის დიდებით არ უნდა დათმოს საკუთარი სპორტსმენები.

არადა, მოარული ხმებით, ბელორუსებმა უკვე ჩაიყვანეს რამდენიმე ქართველი. ჩვენი მწვრთნელებისთვის იქაურებს ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ უთქვამთ, თქვენები ჩამოვიდნენ მინსკში სავარჯიშოდო. თუ ეს ამბავი მართალია, მაშინ რამაზანოვს დანიშვნისთანავე დაუწყია ზრუნვა ჩვენებურთა გადასაბირებლად.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ყიზილაშვილმა მხოლოდ ერთი ფაქტი გაიხსენეს - ბელორუსის ზემოხსენებულ ღია პირველობაში საჭიდაოდ გაშვება მხოლოდ მიხეილ ნარიმანიძეს (100) უთხოვია, რომელიც ბოლო წლებში ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობდა.

ქევხიშვილს მისთვის უკითხავს კიდეც, მხოლოდ ტურნირში გამოსვლა სურდა თუ სხვა გეგმებიც ჰქონდა, მაგრამ სპორტსმენს იქ გადასვლა უარუყვია. უთქვამს, ვიჭიდავებ, მერე ცოტა ხნით იქაურ მეგობართან დავრჩები, თან ბელორუსებთან ვივარჯიშებ და დავბრუნდებიო...

ქევხიშვილს მაინც გაუფრთხილებია, რომ გადასვლაზე არც ეფიქრა. ის ახლაც აცხადებს, რომ ფედერაცია არც ნარიმანიძეს და არც სხვას წასვლის ნებას არ მისცემს და იმ ორწლიანი ვადის გასვლამდე, რაც მოქალაქეობის შეცვლის შემთხვევაშია განსაზღვრული, მსურველებს ყველანაირად დააბრკოლებს.

ნარიმანიძის გარდა, კულუარებში და დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიდევ ერთი ძალზე პერსპექტიული ფალავანი დაასახელეს მინსკში გადასულთა შორის - ახალგაზრდებში 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი (90).

საინტერესოა, რომ მან ოქტომბერში მოგილიოვში უკვე იჭიდავა ბელორუსის პირველობაზე, რომელიც, ახლანდელისგან განსხვავებით, არ იყო ღია სტატუსისა. იქ ჩვენებური ჩემპიონიც გახდა, თუმცა შეჯიბრების ოქმში საქართველო უწერია.

ასეა თუ ისე, ეს პროცესი უკვე დაძრულია და ამას სასწრაფოდ სჭირდება სიმკაცრის გამოჩენა ფედერაციისგან, რათა დროულად შეჩერდეს ეს მავნე პროცესი. გვეყო, ქართულმა სპორტმა რაც დაკარგა ათლეტთა ასე უთავბოლო გაშვებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბუნებრივი პროცესი გახდება ,სანამ ჩვენ სპორცმენებს არ დააფასებენ და იმას არ მისცემს ფედერაცია რაც ეკუთვნით.....!!!!!!!სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში ძალიან ცუდ დღეშია სპორცმენთა უმრავლესობა...
0

სიახლეები პოპულარული