მათ შორის იყო "ქართული ძიუდოს პაპად" წოდებული გურამ პაპიტაშვილი, რომელიც სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა.
ამაგდარი სპეციალისტის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე მუდამ გასათვალისწინებელია. ბატონი გურამი ინტერვიუზე ამჯერადაც სიამოვნებით დაგვთანხმდა. საუბრის დასაწყისში კი გვითხრა:
- ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი გაზეთის მხრიდან აღიარებისა, რადგან მე კარგად ვიცი, "ლელო" რა გაზეთია და რა პასუხისმგებლობაა მისგან ჩემი დაჯილდოება.
სამწუხაროდ, უშუალოდ ცერემონიალს ვერ დავესწარი, თუმცა შინ მივიღე ნომინაციაში გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო.
- შარშან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყავით, წლეულს სპორტის მინისტრმა ფიზიკური კულტურის მოღვაწეთაგან შემდგარი ასეთივე ბიუროს წევრად დაგასახელათ...
- უახლოეს მომავალში სპორტის მინისტრთან შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ საქართველოში ფიზიკური კულტურის განვითარებაზე.
ვფიქრობ, რომ ზრუნვა ამ მხრივ არის მოდუნებული და შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ სწორი მიმართულების მიცემაში საბავშვო ბაღებიდან დაწყებული, უმაღლესო სასწავლებლებით დამთავრებული.
- ბატონო გურამ, ძიუდოს წესებში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს როგორ აფასებთ?
- პირდაპირ ვამბობ, - ძალიან გახარებული ვარ! ამით მსოფლიო ძიუდოში იწყება სასიკეთო გარდატეხის პერიოდი.
კარგია, რომ იაპონელებმა მაინც მიაღწიეს თავისას და ფეხში შესვლა აკრძალეს. როდესაც საბჭოთა კავშირსა და კერძოდ საქართველოში ძიუდო შემოვიდა, დღევანდელის დარი წესები მოქმედებდა.
ფეხში შესვლა ევროპელების და აზიის ზოგიერთი ქვეყნის (მაგალითად, მონღოლეთი) წარმომადგენელთათვის მისაღები სტილი იყო და მათი ინიციატივით დაემატა ძიუდოს წესებში.
არადა თავდაპირველად ძალიან ჰგავდა ქართულ ჭიდაობას. ავიღოთ თუნდაც 1962 წლის ევროპის ჩემპიონატის მაგალითი, როდესაც ესენში (გერმანია) ანზორ ქიბროწაშვილმა და ანზორ კიკნაძემ ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვეს.
სსრკ-ის ნაკრებმა სპეციფიკური ვარჯიშები ძიუდოში იმ წლის იანვრიდან დაიწყო, შეჯიბრება კი მაისში ჩატარდა.
ნაკრების შემადგენლობაში ყველა სამბისტი იყო, შულცი, დვოინიკოვი, ციპურსკი, სტეპანოვი და ქართველები - ქიბროწაშვილი, კიკნაძე.
ჩვენები ყველაზე მალე და ოლად მოერგნენ ძიუდოს, რადგან იგი ძალიან ჰგავდა ქართულ ჭიდაობას, თორემ სამ თვეში რა უნდა ესწავლათ ჩვენებს ისეთი, რომ ევროპის ჩემპიონები გამხდარიყვნენ?
სწორედ რომ, ქართულის გამო გახდნენ. 1964 წელს ასევე ევროპის ჩემპიონატზე დურმიშხან ბერუაშვილი თავისი ქართული ჭიდაობის ლაღი, ესთეტიკური სტილით ეკვეთა ანტონ გეზინგს (ჰოლანდია).
ჰოლანდიელი ნამდვილი გიგანტი და ყველა დროის ტიტულოვან ძიუდოისტთა შორისაა. ჩემი თვალით ვნახე ქედმოხრით როგორ ხვდებოდნენ მას იაპონელები.
დურმიშხანი ისე ჩაეჭიდა გეზინგს, იფიქრებდით ხე უნდა მოჰგლიჯოს ფესვებიანადო, დააბორძიკა, მაგრამ ვერ გადააგდო. ჰოლანდიურ პრესაში გამოქვეყნებულ მისი და ბერუაშვილის შეხვედრისადმი მიძღვნილ წერილს კი სათაურად ჰქონდა: "გეზინგის ტახტი შეირყა"! ჩვენი ძველი ფალავნები სწორედ ქართულ ჭიდაობაზე დაყრდნობით ჭიდაობდნენ, თუნდაც შოთა ჩოჩიშვილის მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე განვლილი გზის გახსენება რად ღირს.
მეორე მხრივ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ფალავნებს "ფეხიდან ჭიდაობა" უჭირდათ, რა თქმა უნდა, არა. თუნდაც ჩემს შეგირდს როინ მაღალთაძეს გავიხსენებ, რომელიც ერთდროულად ორივე ფეხში შედიოდა ეფექტურად. იგი 1968 წელს კონტინენტის ჩემპიონიც გახდა.
მაგრამ ქართველებს ეროვნული ჭიდაობა სულაც სისხლში გვაქვს გამჯდარი და მეტ წარმატებებს სწორედ მისი სტილი მოგვიტანს.
- თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ახალი წესებით ჭიდაობა როგორ მოგეწონათ?
- ჯერ ძიუდოისტებს ადაპტაციის პერიოდი აქვთ გასავლელი. თბილისის ტატამზე 167 ძიუდოისტისგან ახალი წესების დარღვევისთვის შვიდი მოხსნეს შეჯიბრებიდან.
ვნახოთ, რა მოხდება პარიზის და პრაღის ტურნირებზე. თუმცა ყველა შეეჩვევა ნელ-ნელა. მე გორის დარბაზებში მომუშავე სპეციალისტებს მივეცი მითითება, რომ კიდევ უფრო გაიღრმაონ ქართული ჭიდაობის ცოდნა.
სიმართლე ვთქვათ, ძიუდოს განსაკუთრებით თანამედროვე სპეციალისტებს ნაკლებად აქვთ ქართული ჭიდაობის სკოლა გავლილი. ფალავნებს კი მივმართავდი: ახლა უკვე, ვინც კარგად იცის ქართული ჭიდაობა, ის კარგი ძიუდოისტიცაა, ამიტომ შეისისხლხორცეთ ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობა!
- ადრე აღნიშნავდით, რომ საქართველოს ნაკრებში უცხოელი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას არ მიესალმებოდით. ირაკლი უზნაძეს თუ შეხვდით?
- რასაკვირველია, თბილისის ტურნირზე მასაც ვესაუბრე, საკითხებისადმი თვალთახედვით ირაკლიმ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შეხვედრებისას მე მზად ვარ გარკვეულ თემებზე ჩემი მოსაზრებებიც გავუზიარო.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ცალსახად გასათვალისწინებელია ჩემი აზრი, მაგრამ მწვრთნელის მოვალეობაც ისაა, აზრები შეაჯეროს და ანალიზით სასიკეთო დასკვნები გამოიტანოს. ქართველ სპორტსმენებთან მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე სხვებთან.
წარსულის ერთ მაგალითსაც გავიხსენებ. სტუდენტთა საკავშირო ნაკრების მწვრთნელობისას, რუსი ძიუდოისტი სტეპანოვიც მყავდა გუნდში. მერე ის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს მოსკოვში.
რომელიღაც შეჯიბრებაზე შევხვდით და მან მომიყვა: "ერთხელ ვარჯიშზე მაგვიანდებოდა, თქვენ დარბაზის კარებში იდექით და საათზე იყურებოდით, ვინმე ხომ არ აგვიანებსო.
აბა, პირდაპირ მოსვლას როგორ შემოგბედავდით - უკანა ფანჯრიდან თანაგუნდელებმა გადაბმული ზეწარი ჩამომიშვეს და ისე გადავედი დარბაზში". რუსები ყოველთვის ასე უფრთხოდნენ წესრიგის დარღვევას. მათი დამორჩილება გაცილებით იოლი იყო, ქართველი ფალავნებისა კი ორმაგ ენერგიას მოითხოვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"