ქებათა ქება გურამ მოდებაძის აღზრდილ ავთანდილ ჭრიკიშვილს! სეზონში დუბლის გაკეთება სულაც არაა იოლი და ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, განსაკუთრებით ნიჭიერები. თანაც, მან ევროპის ჩემპიონატი ძალზე იოლად, რომ იტყვიან, ცალი ხელით მოიგო და დიდად არც ახლა გასჭირვებია გამარჯვება. ვფიქრობთ, ეს წარმატება, უპირველესად, მისმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა - ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება თავში არ ავარდნია, ისევ ისეთი წყნარი, ჩუმი, გამრჯე, მწვრთნელებისადმი ძველებურად დამჯერი და მუყაითი დარჩა, არც ვარჯიშისთვის მოუკლია და დროის მცირე მონაკვეთში პირველზე უფრო დიდ შედეგს მიაღწია. თუ შეძლებს და მომავალშიც ასე აჯობებს საკუთარ თავს, არ შეეყრება "ვარსკვლავური სენი", მაშინ მეტოქეებსაც არაერთხელ აჯობებს და ბევრად დიდ წარმატებებსაც მოიპოვებს. ტექნიკურ-ფიზიკურად თუ ტაქტიკური განსწავლულობის მხრივ მას საამისოდ ყველა მონაცემი გააჩნია. ახლა მთავარია განუწყვეტელი შრომა, გამოცდილება კი თავისით მოვა, ხოლო დაუზარელი გარჯა და მონდომება აუცილებლად დაფასდება. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ "აქილევსის ქუსლად" ქცეულ ამ წონაში წლეულს უჩვეულოდ გაიზრდება კონკურენცია და საქართველოს ჩემპიონატზე საინტერესო ბრძოლებს ვიხილავთ.
ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ჭრიკიშვილს მაროკოშიც საჩემპიონო კაცად მიიჩნეოდა, თუმცა იყო რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტი - მსოფლიოს პირველობა ხომშეუდარებლად ძლიერია ევროპისაზე, აქ აზიელები რომ ორ-ორი შემადგენლობით ემატებოდნენ, ევროპელებიც ასევე ორ-ორი გუნდით გამოდიოდნენ; მეტად ხანმოკლე შუალედი ამ ორ დიდ შეჯიბრებას შორის - საერთაშორისო კალენდარი ასე ძალიან დიდებს არ ტვირთავს, არათუ მოზარდებს, მაგრამ ჭრიკიშვილმა ყველაფერს გაუძლო. თან მშვენიერი მომზადება გამოავლინა ყველა ასპექტში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ისედაც გამორჩეულია, მაგრამ მისი მნიშვნელობა გააათმაგა იმ ფაქტმა, რომ ჭრიკიშვილმა ბოლო ორი შეხვედრა იაპონელებთან მოიგო, რაც სპორტული გმირობის კიდევ ერთი საზომია - ნახევარფინალში იუნ ტოიოდას იუკოთი გასცდა, ფინალში კი იუიჩი კიტანო ვაზარით დაჯაბნა. ალბათ, ნახევარფინალი ყველაზე ძნელი ბრძოლა იყო, სადაც ჩვენებურმა იუკო მეორე წუთის მიწურულს მოიპოვა, რის შემდეგაც მსაჯებმა მეტოქეს ორი გდება გაუუქმეს. ფინალში კიტანო უფრო ჭკვიანური, გააზრებული ჭიდაობით დაჩაგრა - იქნებ ზოგჯერ აზიელი უფრო აქტიური ჩანდა, მაგრამ ვერანაირი საფრთხე ვერ შეუქმნა. კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით, ჭრიკიშვილს მუდმივად წნეხში ჰყავდა ის, ჩავლებებშიც აჯობა და დამთავრებამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე ჯერ დამყოლი ბავშვივით გაიყვანა ხაზთან (ეტყობა, ეს გუგავას დავალება იყო - შუაში არ ეჭიდავა) და უზადო მოგვერდით ვაზარიზე დააგდო. ამ მომენტში მსაჯმა სულაც იპონი აჩვენა, მაგრამ მერე შეცვალა გადაწყვეტილება, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა - ჭრიკიშვილმა გარეგნულად ინიციატივა დაუთმო კიტანოს და უფრო დროის გაყვანაზე ჭიდაობდა, ფინალი კი მორიგი მშვენიერი, სახალისო გდებით დაასრულა - ერთი წამით ადრე იაპონელი ისე მოხდენილად გადმოიღო და გაისროლა, შერცხვენილი კარგა ხანს ვერ დგებოდა ლეიბიდან. ეს უფრო საცირკო-აკრობატულ ილეთს ჰგავდა, რამაც დარბაზი გვარიანად გაამხიარულა და ჩვენებურს ლამაზი სანახაობისთვის ტაშიც დაუკრეს.
წინასწარ შეხვედრებს რაც შეეხება, ამერიკელ დერეკ ვოიციკს ჯერ იუკო აართვა, მერე კი პირდაპირ იპონზე დააგდო. შედარებით გაუჭირდა უკრაინელ დენის გრიგორენკოსთან და სლოვენიელ გასპერ იერმანთან - ორივეს გაფრთხილებებით მოუგო, მეოთხედფინალში კი თურქი ბატუჰან ეფემგილი დააიპონა.
ეს ყველაფერი შაბათს მოხდა, რაც გუგავას აგადირულ თავგადასავლებში, ალბათ, ყველაზე წარმატებული და რთულიც იყო, ვინაიდან მედლისთვის კიდევ ორი ქართველი ჭიდაობდა - გიორგი მერმანიშვილი და არჩილ შინჯიკაშვილი. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მერმანიშვილი ტურნირში ყოჩაღად ჩაება, თუმცა პირველ შეხვედრაში უზბეკი დავრონბეკ სატოროვის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა, მაგრამ ღირდა ამად - იპონზე დააგდო. დრამატული გამოდგა მეორე შეხვედრაც მასპინძელ ამინე აჰდა აჰმედთან - 27-ე წამზე მეტოქე ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენებურის დრო დადგა - ჯერ იუკო აართვა, მერე - ორი ვაზარი და მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა. მერმანიშვილმა მესამე შეხვედრაც იპონით მოიგო სლოვაკ არპად სზაკაცზთან, აი, მერე კი უნგრელ კრისტიან ტოტთან წმინდად დამარცხდა. არადა, იუკოს უგებდა და გამარჯვებას 30 წამი აშორებდა. სამწუხაროდ, სანუგეშოში პირველივე შეხვედრა წააგო ამერიკელ მაქს გოლემბოსთან და უმედლოდ დარჩა, თუმცა მან მაინც კარგად წარმოაჩინა თავი და სამომავლოდ ამ წონაში კარგი კონკურენციის შექმნა შეუძლია.
ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა შინჯიკაშვილმა პირველი ორი შეხვედრა წმინდად მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ყაზახ აიტუარ აბდულოვს თუ 1,21-ში საიპონე ილეთი გაუკეთა, მასპინძელი ტაიბ მალკი გაფრთხილებებით მოახსნევინა. ამას უკრაინელ სტანისლავ რეტინსკისთან წმინდად წაგება მოჰყვა და დამამშვიდებელში გადავიდა. იქ ფრანგ ალექსანდრ იდირს იპონით კი მოუგო და ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაშიც უნგრელ გაბორ ვერს ვაზარის უგებდა, თან მეტოქეს ერთი გაფრთხილებაც ჰქონდა, მაგრამ ძალზე სამწუხარო შეცდომა დაუშვა - ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს. ასე დასანანად დარჩა ჩვენებური უმედლოდ.
შაბათს გუგავას შეგირდებიდან ნაადრევად მხოლოდ ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნოზაძე (90) გავარდა, რომელიც ძალზე გამოცდილ მეტოქესთან, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ვერცხლისა და მსოფლიოს პრიზიორთან, უფროსთა ტურნირებში ჭიპმოჭრილ ესტონელ გრიგორი მინასკინთან დამარცხდა. კვირას ჩვენებურებიდან მედლისკენ მხოლოდ კობერიძემ გაიწია, რაც საკუთარი ხარჯით წასული ბიჭისგან ფრიად მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპირიზი იყო. წინასწარ შეხვედრებში მან სამი იპონი მიითვალა - ლიბანელ ტარეკ ფაჰმისთან, ბრიტანელ ჯოშუა ბატლერთან და ეგვიპტელ მაჰმუდ გაბალასთან, თუმცა მერე დამთავრებამდე ოთხიოდ წამით ადრე დასანანი შეხვედრა წააგო ჯერ ყაზახ ვიქტორ დემიანენკოსთან, მერე კი სანუგეშოშიც დამარცხდა იტალიელ ლუკა არდიზიოსთან. ამავე წონაში ონისე ბუღაძე პირველივე შეხვედრაში ბულგარელ დანიელ დიჩევთან მარცხით დაემშვიდობა ჩემპიონატს. პირველივე ორთაბრძოლა დათმო მძიმეწონოსანმა ლევან მათიაშვილმა, ხოლო ამ წონაში უშანგი კოკაურმა ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, მეტის - ვერა.
გოგონათა ტურნირში ერთადერთი მონაწილე გვყავდა - შორენა შარაძე (63), რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა - ავსტრალიელი სტივ კელი იპონით დაამარცხა, ხორვატ ანდრეა დაკოვიჩს კი მედგარი ბრძოლა გაუმართა და იუკოც აართვა, მაგრამ საბოლოოდ ვაზარით წააგო.
კვარცხლბეკი
ვაჟები. 81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 2. იუიჩი კიტანო, 3. იუნ ტოიოდა (ორივე - იაპონია), კრისტიან ტოტი უნგრეთი).
90 კგ. 1. მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი), 2. მინ-ჰო ჰვანგი (კორეა), 3. შაჰინ გარამანოვი (აზერბაიჯანი), გაბორ ვერი (უნგრეთი).
100 კგ. 1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია), 2. იოუნგ-ჰუნ კიმი (კორეა), 3. ვიქტორ დემიანენკო (ყაზახეთი), ფეიაზ იაზიცი (თურქეთი).
+100 კგ. 1. ტაკეში ოჯიტანი (იაპონია), 2. ჰაო ვანგი (ჩინეთი), 3. როი მეიერი (ჰოლანდია), გუ-ჰამ ჩო (კორეა).
გოგოები. 63 კგ. 1. მიკუ ტაშირო (იაპონია), 2. ვლორა ბედეტი (სლოვენია), 3. კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია), იალინგ ზენგი (ჩინეთი).
70 კგ. 1. კიმ პოლინგი (ჰოლანდია), 2. ნაცუმი ბაბა, 3. იური მაცუნობი (იაპონია), სეონგ იეონ კიმი (კორეა).
78 კგ. 1. მაირა აგუიარი (ბრაზილია), 2. ანა ველენსეკი (სლოვენია), 3. ივანა მარანიცი (ხორვატია), მისაკი შიმოდა (იაპონია).
+78 კგ. 1. მანამი ინუე (იაპონია), 2. იან ჰაო (ჩინეთი), 3. სონია ასელანი (ალჟირი), იასუნა იამამოტო (იაპონია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"