სამაგიეროდ, გასიმოვს გმირივით დახვდნენ ბაქოში - ერევნიდან დაბრუნებულ გუნდს სამხედრო ორკესტრი და აუარება მაყურებელი შეეგება, თავად სპორტსმენი მშობლებთან ერთად თავის რეზიდენციაში ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და მისივე ბრძანებით, გასიმოვი, სხვა ჯილდოების გარდა, დამატებით გულუხვადაც დაასაჩუქრეს.
ამ ყველაფერს მირალიევი შორიდან უყურებდა, თან მკურნალობდა და სპორტში დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ ტრავმამ არ იქნა და არ დაანება თავი. ჰოდა, 26 წლის სპორტსმენმაც სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა! შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება გასიმოვის ფაქტორმაც დააჩქარა - მაშინ ის ყველას შეუჩერებელი ეგონა და მისგან უახლოეს წლებშივე უდიდესი შედეგების მიღწევას ელოდნენ, მაგრამ საწინააღდეგო მოხდა. ვარსკვლავური ავადმყოფობა შეეყარა თუ რა იყო, გასიმოვი ფსკერისკენ დაეშვა და ჯერაც ვერ ამოსულა იქიდან! მას შემდეგ ერევნის გმირს არაფერი მოუგია, თუმცა ოქროს ვინ დაეძებს, ვერცხლ-ბრინჯაოც სანატრელი გაუხდა და აქა-იქ თუ შესწვდება მათ. არ გამოვრიცხავთ, მირალიევის ახლანდელ გადაწყვეტილებაზე გავლენა ამ ჩავარდნამაც იქონია - შესაძლოა, მირალიევმა ირწმუნა, რომ ნაკრებში ადგილის დაბრუნება შეუძლია. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ის 23-24 ნოემბერს აბუ-დაბის `დიდ პრიზზე~ გეგმავს გამოსვლას.
ტრავმამდე მირალიევი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იქნებ არა იმდენად უპირველესი, როგორც ანაი, ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი და კიდევ რამდენიმე ფალავანი, მაგრამ მაინც ლიდერი. მეტ-ნაკლებად ამართლებდა კიდევც ამ სტატუსს, მაგრამ რა იქნება დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია. თუმცა, შესაძლოა, არც იმდენად ძნელი - მას ხომ 2008 წლის შემდეგ არსად უჭიდავია. დაახლოებით ერთი წელიწადიც ადაპტაციას დასჭირდება, ამასობაში ასაკიც მოემატება და... არადა, მირალიევი არაა ზურაბ და ჯარჯი ზვიადაურებივით ნიჭიერი, თვითნაბადი ტალანტი, ამხელა ჩავარდნა იოლად დასძლიოს.
ის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო ქართველებისთვის. განსაკუთრებით - თავისი კარიერის ბოლო წლებში. მისი ბოლო შეხვედრა ჩვენებურებთან პეკინის ოლიმპიადაზე შედგა, სადაც ლომერ ჟორჟოლიანს მოუგო, ქართველებთან მეტოქეობა კი სათავეს შორეული 1998 წლიდან იღებს. მაშინ ის 90 კილოგრამში გამოდიოდა და მოსკოვის იმჟამინდელ მსოფლიოს თასზე გია გუგავასთან დამარცხდა. იმავე სეზონში თბილისის ტურნირზე დავით ზუბიტაშვილთანაც წააგო. ამის შემდეგ 100-ში გადანაცვლებამდე ჩვენებურებს არ შეხვედრია, ქართველებიდან ყველაზე ბევრი ორთაბრძოლა გიორგი ყიზილაშვილთან გამართა - ოთხი, რომელთაგანაც სამი მოიგო. გუგავა მას სამჯერ ეჭიდავა და ორი მოუგო, ივერი ჯიქურაულმა კი ორი შეხვედრიდან ორივეჯერ დაამარცხა. მირალიევთან დადებითი ბალანსი აქვთ ნოდარ მეტრეველს და ლევან რაზმაძეს (ეს აბსოლუტურში ეჭიდავა) - ერთი შეხვედრა და მოგება, ადამ ოქრუაშვილი კი ასევე ერთხელ შეხვდა აბსოლუტურში და წააგო.