მარიამ ჯანაშვილი ანთალიის ევროპის თასის ჩემპიონია

AutoSharing Option
16 მარტს დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჯანაშვილმა - ანთალიაში, ჭაბუკთა ევროპის თასზე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. ბიჭებიდან ვერცხლის მედალი სიმონ მამარდაშვილმა (66) მოიპოვა.

ჯანაშვილმა ნახევარფინალში თანაგუნდელი გურანდა შოთაძე დაამარცხა იპონით, მანამ კი რუსი ელიზავეტა სტეფანოვა ვაზარით, ხოლო ბრაზილიელი ლაიანა კოლმანი ასევე წმინდად დაჯაბნა.

მისი უპირატესობა ფინალშიც დიდი იყო ბელარუს ულიანა მინენკოვასთან - ჯანაშვილი ჯერ იუკოთი დაწინაურდა, ბოლოს კი ისიც ბეჭებით დასცა ტატამზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა შარშანწინაც მოიგო ანთალიის ტურნირი, ოღონდ მაშინ 57 კილოგრამში ჭიდაობდა, შარშან კი
ისიც და შოთაძეც მესამეზე გავიდნენ ასევე 57-ში.

სამწუხაროდ, შოთაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა - რუს სოფია ჩისტანოვასთან წააგო, ვინც მანამდე სანუგეშოში ინა გალუსტიანიც დაგვიმარცხა.

მამარდაშვილს ცოტა გაუჭირდა ტურნირში ჩართვა - სერბ იანკო ვულოვიჩს იუკოთი მოუგო, თურქებს - დენიზან ცალისკანსა და რეცეპ კილინცის კი იპონებით აჯობა.

რუს ისმაილ ჩასიგოვთანაც იუკოთი იმარჯვა, ფინალში კი მეორე რუს სამველ ჩაკრასთან იმავე მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

16 მარტს ჩვენს ნაკრებს კიდევ ორჯერ მიეცა ბრინჯაოს მოპოვების შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა - ბიჭებში ბაჩანა ჭიკაიძემ (60), გოგოებში კი მზია ბებოშვილმა (48) მესამე ადგილისთვის შეხვედრები დათმეს.

ანთალიის ტურნირის პარალელურად, პორტუგალიურ კოიმბრაში ევროპის თასი ახალგაზრდა ძიუდოისტებშიც ტარდება, სადაც ერთადერთი მონაწილე გვყავდა - საკუთარი ხარჯით წასული ანრი ეგუტიძე (73), რომელიც მესამეზე გავიდა. ის ევროპაში ცხოვრობს და საქართველოს სახელით პერიოდულად მონაწილეობს მსგავს შეჯიბრებებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული