თურქული გამბიტი საევროპოდ - ირაკლი უზნაძე ლიდერებს დაასვენებს

AutoSharing Option
30-31 მარტს სამსუნი "დიდი პრიზის" ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ამჯერად ლიდერთა უმეტესობას დასვენების საშუალება მისცა და თურქეთში უფრო მეორე ნომრები მიჰყავს.

ეს ფრიად მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა ჩვენი ნაკრებისთვის, რადგან ბოლო შესარჩევი-სასტარტო ტურნირია ევროპის ჩემპიონატის წინ. იქ ნაჩვენები შედეგი დიდწილად განსაზღვრავს აპრილის ბოლოს ბუდაპეშტში კონტინენტის პირველობაზე წამსვლელთა ვინაობას.

თუმცა უზნაძეს შეგირდებზე დასაკვირვებლად მანამ კიდევ რჩება ერთი ეტაპი - გერმანული შეკრება.

სამსუნში პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, თორნიკე თათარაშვილი (66),
ზებედა რეხვიაშვილი, არსენ მაჭარაშვილი
(73), ლაშა ზურაბიანი, იოსებ ჩილინდრიშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, დავით ლორიაშვილი (ორივე - 100) და ონისე ბუღაძე (+100) იჭიდავებენ.

მოგეხსენებათ, შარშან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წონაში ქვეყნიდან 2-2 კაცის გამოყვანა შეიძლებოდა, ანუ მთლიანობაში 14 სპორტსმენისა; ახალი წესებით კი ქვეყნიდან მხოლოდ 9 ათლეტია დაშვებული.

მწვრთნელს შეგირდთა გაორება მხოლოდ ორ წონაში შეუძლია 7+2 პრინციპით, თუმცა შეიძლება ასეც მოიქცეს - რომელიმე წონაში საერთოდ არ წაიყვანოს ფალავანი და მის ხარჯზე მესამე გააოროს, მაგრამ წონაში ორ კაცზე მეტს ვერ დააყენებს. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ უზნაძე სამსუნში ბუდაპეშტში დასამატებელ იმ ორ კაცს ეძებს, თორემ პირველი ნომრების ბედი, ვფიქრობთ, გადაწყვეტილია - წონის ლიდერთაგან ვინც ახლა არ მიჰყავს, სავარაუდოდ, მათ ევროპაზე გამოსვლა გარანტირებული აქვთ.

გამონაკლისია 100 კილოგრამი, სადაც ლიდერი საერთოდ გასარკვევია, რადგან აქ ჩავარდნა გვაქვს. ამიტომ სამსუნში ორივე შესაძლო კანდიდატს გამოსცდის.

არის წონები, სადაც საქართველოს პირველობისა თუ უცხოური შეჯიბრებების შედეგებით ლიდერთა ვინაობა გარკვეულია, მაგრამ არის წონები, სადაც მთლად ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, ვინაა პირველი ნომერი და ვისი წაყვანა აჯობებს უნგრეთში. თუმცა ბუდაპეშტში პირადთან ერთად, კონტინენტის გუნდური პირველობაც ტარდება და, სავარაუდოდ, უზნაძე შეგირდთა ნაწილს, ვინც პირადში ვერ მოხვდება, გუნდურში გამოიყენებს.

დასახელებულ შემადგენლობაში ყველაზე ნიშანდობლივი დიუსელდორფის "დიდი პრიზის" მესამე პრიზიორი გოგოჭურის გამოჩენაა - თუ ვინმეს ეძლევა ევროპაზე წასვლის შანსი, უპირველესად - მას, ოღონდ საამისოდ სამსუნშიც წარმატებით უნდა გამოვიდეს.

თურქეთიდან ჩვენები გერმანიაში გადავლენ შეკრებაზე და ევროპირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპს იქ გაივლიან. ოღონდ გერმანიაში წამსვლელთა ვინაობა ჯერ საბოლოოდ არაა გარკვეული - ნაწილი თბილისში დარჩენილთაგან იქნება, ნაწილი კი თურქეთში მოასპარეზეთაგან შეირჩევა, რაც მთლიანად მწვრთნელის პრეროგატივაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია უპირველესად გოგჭურს აქვს შანსი და დაამტკიცებს კიდეც ამ ვიქენდებზე, ვისიამოვნებთ ვირტუოზული ჭიდაობით როგორიც ჩვევია გოგოჭურს
giorgi
22:47 27-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული