ტურნირში რვა გუნდი გამოვა - საქართველო, თურქეთი, იაპონია, კორეა, ბრაზილია, მონღოლეთი, საფრანგეთი და რუსეთი. ორგანიზატორებმა ეს ოქტეტი რეიტინგის მიხედვით ორ ჯგუფად გაანაწილეს, ოღონდ რა კრიტერიუმით ისარგებლეს, ვერ გეტყვით - საქართველო ჯერ საერთოდ არ იყო ამ ტურნირზე მიწვეული სწორედ სარეიტინგო პრობლემების გამო, ახლა კი ანთალიაში რაღაც იმგვარად
წინასწარ იყო ცნობილი, რომ განთესილი ოთხეულიდან I-IV ერთ ჯგუფში მოხვდებოდა, II-III - ერთად ანუ იაპონიასთან ჩვენი მოხვედრა იმთავითვე განისაზღვრა. ამას კონტინენტების მიხედვით განთესვაც დაემატა და საბოლოოდ ქვედა ჯგუფიდან ჩვენთან კორეა და რუსეთი ამოვიდნენ, იქ კი განთესილები ანუ ჩვენ და იაპონია პირველ წრეში ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით. საბოლოოდ ზემოხსენებული წყვილები მივიღეთ, მეორე ჯგუფში კი საფრანგეთი-ბრაზილია და მონღოლეთი-თურქეთი დაწყვილდნენ.
სამწუხაროდ, მეტოქე გუნდების შემადგენლობები ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ როგორც ჩვენი ძიუდოს პრესსამსახურის უფროს ზურაბ უსუფაშვილისგან ვიცით, კორეელებს ანთალიაში 66 კილოგრამში საჭიდაოდ 60-ში ოლიმპიური ჩემპიონი მინ-ჰო ჩოი ჩაუყვანიათ. რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, იაპონელებს მსოფლიოს წლევანდელ მედალოსანთაგან ჩემპიონი ტაკამასა ანაი (100) და ვერცხლის პრიზიორი დაიკი ნიშიამა (90) ჰყოლიათ.
ირაკლი თავაძე