ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა სალონიკში 13 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა სალონიკში, ილიადისის თასად წოდებულ თანატოლთა ევროპის თასზე. 13 მედალი, მათ შორის - 5-5 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი.

ხუმრობა საქმე როდია - 8 წონიდან 7-ის ფინალში გვყავდა მონაწილე, ხოლო 3-ში - 90, 100 და +100-ში სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

არსებითად, ქართველებმა იჭიდავეს მეოთხეშიც - 73-ში, თუმცა იქ გაჩემპიონებული რომან მასტოპულოსი საბერძნეთის სახელით გამოდის.

არადა, ის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი რევაზიშვილის შვილია. ისიც საამაყოა, რომ 8 წონიდან 7-ში მოვიპოვეთ მედალი, თუმცა
იმ ერთ კატეგორიაში - 81-შიც ვიჭიდავეთ დამამშვიდებლის ფინალში.

ჩვენებურთაგან ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (60), ანდრო ბერუაშვილი (66), ლაშა ტაველური (90), გურამ თუშიშვილი (100) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ.

გიორგი საჩალელი (55), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (90), გიორგი ქავთარაძე (100) და გიორგი ზაქარიაძე (+100) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, მინდია ღოლიჯაშვილი (55), ფრიდონ გიგანი (73) და როსტომ ხახალეიშვილი (+100) კი მესამე პრიზიორები გახდნენ.

ამასთან, კიდევ ორმა ფალავანმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა დათმო. ცხადია, ჩვენებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, იმის მიუხედავად, რომ გოგოებში მონაწილე არ გვყავდა.

იქნებ ვინმემ იფიქროს, თითქოს სუსტი ტურნირი იყო და ამიტომ მოვიპოვეთ ასეთი მასშტაბური წარმატება.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სალონიკში მხოლოდ ევროპული გუნდები გამოდიოდნენ, აზიელები და სხვები არ ყოფილან, თუმცა 25 ნაკრები მონაწილეობდა, ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნის 200-მდე ძიუდოისტი (მხოლოდ ბიჭებში, თორემ გოგოების ჩათვლით - 250-ზე მეტი).

ამიტომ ტურნირს სუსტსაც ვერ დავარქმევთ და თუნდაც ევროპაში პირველობა განა რითია ცუდი?

ამასთან, ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდის თავკაცი გიორგი გუგავა სწორად მუშაობს - შეგირდებისა არ იყოს, ახალგაზრდა მწვრთნელიც ნაკრებში მოსვლის დღიდან აგერ, უკვე მერამდენე წელიწადია, კარგ შედეგს აჩვენებს.

რაკი შეჯიბრების პირველ დღეს - შაბათს ოთხივე წონაში ფინალისტი გვყავდა, იყო შიში, რომ კვირას მსაჯთა ზეწოლა გაძლიერდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - სამივე ქართული ფინალი სწორედ ამ დღეზე მოდის.

ამიტომ, როგორც უფრო წარმატებულზე, საუბარიც კვირის მოვლენებით დავიწყოთ. მით უფრო, ჩვენთვის გამორჩეული ორი ფაქტიც მაშინ მოხდა - ბექა ღვინიაშვილი ტაველურთან დამარცხდა, ხოლო თუშიშვილი ძლევამოსილად დაბრუნდა.

ამ ბიჭს 100 კილოგრამში დღეს არსებული ჩავარდნის დაძლევის იმედს უკავშირებენ და მწვრთნელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, მაგრამ ბოლო თვეები ტრავმის გამო გაუცდა. საბედნიეროდ, სალონიკში კვლავ ძლიერი სახით წარსდგა.

Sportall.Ge

90 კგ
ბექა ღვინიაშვილმა ჭაბუკთა ნაკრებში ისეთი შედეგი აჩვენა, მხოლოდ ტალანტებს რომ ძალუძთ. დასათვლელი მას ახალგაზრდებშიც მოეპოვება, მაგრამ ჯერჯერობით აქ მაინც უჭირს.

ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ განვითარდა მოვლენები ტაველურთან პაქრობაში, მაგრამ ვერცხლი არ ჩაეთვლება აქტივში. ცხადია, იმ შემთხვევის გარდა, ტრავმა თუ არ ჰქონდა.

ღვინიაშვილი ფინალამდე ისე მივიდა, მას რომ სჩვევია - ძლიერად, დამაჯერებლად, წმინდა მოგებებით - ბერძენ თეოფილაკტოს ანგელიდისს სამივე ხარისხის გდება გაუკეთა, უნგრელი გერგო ფოგასი პირდაპირ იპონზე დააგდო, თურქ ნურეტინ იელბოის იპონამდე ვაზარიც აართვა, ნახევარფინალში გერმანელი დარიო კურბივაიტ-გარსია კი პირდაპირ ბეჭებზე დადო.

ტაველური პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი საკმაოდ გაუჭირდა აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვთან - მხოლოდ იუკოთი მოუგო, თუმცა გაფრთხილებებშიც ჯობდა.

სამაგიეროდ, თურქი ოგუჟან ეფემგლი პირწმინდად დაჩაგრა - იუკო, ვაზარი და იპონი, ხოლო ნახევარფინალში გერმანელ დავიდ ტეკიჩს ვაზარით აჯობა.

მან ფინალში ღვინიაშვილი წმინდად დაამარცხა, რაც შეიძლება, შემთხვევითობის ბრალიც იყოს. მით უფრო, ილეთამდე ღვინიაშვილმა ტაველური გააფრთხილებინა.

ცხადია, არანაირად არ ვართ წინააღმდეგნი ტაველურის მოგებისა. უბრალოდ, ღვინიაშვილის მარცხი გვიკვირს, თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება კარგიც კია ნაკრებისთვის - კონკურენცია იზრდება.

დასასრულს, შევნიშნავთ, რომ ამ წონის მედალოსნები მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ილიას ილიადისმა (ჯარჯი ზვიადაური) დააჯილდოვა.

Sportall.Ge

100 კგ
თუშიშვილი ფინალამდე იპონებით მივიდა - თურქი ვურალ ტასი, აზერბაიჯანელი ჯალილ შუკუროვი და გერმანელი ამირ დოკაევი ბეჭებით გააკრა ტატამს, ფინალში კი ქავთარაძე შედარებით დაინდო და მხოლოდ ვაზარით აჯობა.

ფინალამდე ქავთარაძემაც არანაკლებ დამაჯერებლად იასპარეზა - ხორვატი მატეი გრუბიცა და გერმანელი ლეონ შტრუბერი დააიპონა. ამით ნახევარფინალში გავიდა, სადაც თანაგუნდელ შმაგი ონიანს დაუპირისპირდა.

მანამდე ონიანმაც ორი პაექრობა მოიგო, ოღონდ ორივე ვაზარით - ებრაელ ეგორ ბიტულაევთან და თურქ ენსარ კოლცუსთან. თანამემამულეთა ნახევარფინალური პაექრობა ქავთარაძის გამარჯვებით დასრულდა - ასევე ვაზარით მოიგო, ონიანმა კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ხორვატ იურიცა კატიჩთან დათმო.

+100 კგ
ამ წონაში კვარცხლბეკზე ერთბაშად სამი ქართველი დადგა, რაც საამაყო ფაქტია, მატიაშვილი კი კონკურენტებზე ბევრად ძლიერი გამოდგა.

არცაა გასაკვირი - მას ხომ უფროსთა შორის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა, რაც სერიოზული ფორაა თანატოლებთან შეხვედრაში.

სხვა თუ არაფერი, საქართველოს ჩემპიონია, რაც კარგი სავიზიტო ბარათია. სალონიკში მან ყველა პაექრობა იპონით მოიგო - თურქ სემი ადიამანთან, გერმანელ იაია მოჰამედთან, ბულგარელ ივან სტოიკოვთან და ფინალიც ზაქარიაძესთან.

100 კილოსი არ იყოს, აქაც ქართული ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც ზაქარიაძემ შეხვედრის შუაწელში წმინდა გდებით მოიგო.

იქამდე ორივე ჩვენებური ორი იპონით მივიდა, ხახალეიშვილმა კი ბრინჯაოსთვის პაექრობაში ზემოხსენებული მოჰამედი დააიპონა.

დანარჩენი წონები
მატიაშვილისა არ იყოს, მარგველაშვილის გამარჯვებაც კანონზომიერია - ის ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და წონაში ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა სალონიკში ბოლო ორ შეხვედრაში გაფრთხილებებით იმარჯვა.

მან წმინდად მხოლოდ რუმინელ ალექსანდრუ იაკობს და აზერბაიჯანელ ტელმან ვალიევს ვაზარით აჯობა, კვიპროსელ იროდოტოს კელპისს და ფინალში თურქ შაჰინ აჰმეტ კაბას კი გაფრთხილებებით მოუგო.

მარგველაშვილისგან განსხვავებით, ბერუაშვილი ნაკრების ახალი წევრია და ორმაგად სასიამოვნოა მისი ძლიერი გამოსვლა.

მით უფრო, ამ წონაში უმედლოდ დარჩა უფროსთა ნაკრების წევრი და ქვეყნის ჩემპიონი, თბილისის ევროპის თასის პრიზიორი ტრისტან ფეიქრიშვილი. იმედია, ბერუაშვილი მომავალშიც ასე გააგრძელებს.

55 კილოგრამში საჩალელთან ერთად ღოლიჯაშვილმაც კარგად იჭიდავა, რომელმაც ძირითადში პირველივე პაექრობა წააგო, მაგრამ სანუგეშოში ივარგა.

ამ წონაში უმედლოდ დარჩა ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე.

ანუ ტურნირი ნამდვილად არ იყო სუსტი. 73-ში ნახევარფინალში ორი კაცი გვყავდა - 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ვერცხლისმედალოსანი ფრიდონ გიგანი და ბრინჯაოსპრიზიორი ლევან გუგავა.

ამათგან ფინალში გუგავა გავიდა და მერე მასტოპულოსთან დამარცხდა, გიგანი კი ბრინჯაოს დაეუფლა.

ერთადერთი წონითი კატეგორია, სადაც ჩავარდნა გვქონდა, 81 კილოგრამია, თუმცა იქ საკადრო პრობლემები არახალია.

აქ ამჯერად ყველაზე უკეთ თეიმურაზ ხაჩიძე გამოვიდა, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ მერე ზედიზედ ორი ბრძოლა დათმო და საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თAვადზე მიკერდზოებული Vირტხ ხარ
Vbabsbs
01:42 18-05-2013
0
და აქ თუ უგებენ ქავთარაძეს და თუშიშვილს იქ არ წაიყვანეს ისინი?
????
22:13 08-04-2013
0

სიახლეები პოპულარული