ქართველი ძიუდოისტების აზერბაიჯანელი მეტოქეები გაირკვნენ

AutoSharing Option
ძიუდოში ევროპის პირველობის დაწყებამდე ორიოდე კვირა დარჩა და თანდათან ირკვევა მეტოქე გუნდების შემადგენლობა, ანუ ვიგებთ ჩვენებურთა შესაძლო მოწინააღმდეგეებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც 25-28 აპრილს ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი ფალავნები დაასახელა, აზერბაიჯანელთა ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერია. ვუგარ შირინლი (60), ნიჯატ შიხალზადე (66), ჰუსეინ რაჰიმლი (73), ტურალ შაფგულიევი (81), შეხმან მამედოვი, შაჰინ გახრამანოვი (ორივე - 90), ელმარ გასიმოვი, ელხან მამედოვი (100), ემილ ტაჰიროვი (+100) - აი, ასეთია მისი გადაწყვეტილება.

როგორც ვხედავთ, გუნდში არ არის ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამედლი, თუმცა მწვრთნელს რკინის არგუმენტი
აქვს - მამედლი გერმანიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, შაფგულიევმა კი თბილისის ტურნირი მოიგო.

თბილისში ის ჩვენებურებიდან მხოლოდ იასონ ჩილინდრიშვილს შეხვდა. ვფიქრობთ, მის ჭიდაობას კარგად შეისწავლიდნენ ჩვენი მწვრთნელები, რადგან ეს ის წონაა, სადაც ევროპაზე მედლისთვის ბრძოლა სავსებით ხელგვეწიფება.

ზაიზენბახერის შემადგენლობაში ცოტა მოულოდნელია მამედოვის გამოჩენაც, რადგან ის ავსტრიელმა გუნდში მისვლისთანავე ასაკის გამო აითვალწუნა, რიოს ოლიმპიადამდე ვერ მიგვყვება და მირჩევნია, აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოო, თუმცა ახლა მაინც შეიყვანა გუნდში.

შეიძლება, მწვრთნელი ფედერაციის ზეწოლასაც დაჰყვა და მორიგი შანსი მისცა, რადგან მამედოვი იქ ერთ-ერთი ლიდერია და მისმა ასე ხელაღებით მოკვეთამ იქაურ მედიაში საკმაო ხმაური გამოიწვია; თუმცა ვეტერანი ამჯერად ზედა წონაში გამოვა, რაც მის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

და თუ მაინც მოხდა სასწაული, ეს მამედოვისთვის მესამე ევროპული მედალი იქნება ვერცხლ-ბრინჯაოს შემდეგ.

აზერბაიჯანელებს ბუდაპეშტში ბოლო წლების კიდევ ორი ლიდერი არ ეყოლებათ - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტარლან კერიმოვი (66) და ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე რუსტამ ორუჯევი (73) - პირველს მუხლის ტრავმა აწუხებს, მეორეს კი თამაშების შემდეგ თავი არაფრით გამოუჩენია, ხოლო რაჰიმლიმ ჩვენს ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა.

ის თბილისში ქართველებს არ შეხვედრია, მაგრამ ჯერ ძირითად ბადეში ნუგზარ ტატალაშვილის მომგები ირანელი ელიას ალი აკბარი დააიპონა, ხოლო სანუგეშოში ზებედა რეხვიაშვილის დამმარცხებელ იაპონელ ტაკენორი ნაკამურას მოუგო წმინდად.

ტრავმის გამო ამჯერად გუნდში ვერც მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი (60) მოხვდა, თუმცა მისი ყოფნა ჩვენთვის იქნებ კიდევაც ჯობდა, რადგან მასთან ქართველებს დადებითი ბალანსი აქვთ.

ჩვენთვის საინტერესოა 90 კილოგრამიც, სადაც ზაიზენბახერმა თბილისის ტურნირის ფინალისტები დააყენა. ეს წონა ჩვენთვისაც სტრატეგიულია, სადაც ვალერი ლიპარტელიანის წასვლას წინ, ალბათ, არაფერი უდგას.

ვფიქრობთ, აზერბაიჯანელები მას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ, უფრო კი - ჩვენი ტურნირის ჩემპიონი მაგომედოვი. მან თბილისში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მომდევნო ტურნირებში ზაიზენბახერი რატომღაც უფრო გარამანლის ენდობოდა.

მასპინძელთაგან მაგომედოვმა ჯუმბერ გიგაურსა და ბექა ღვინიაშვილს მოუგო, გარამანლიმ კი ზვიად გოგოჭური და ლაშა ტაველური დაგვიმარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული