ჩვენთვის სახეირო სკანდალი გრძელდება - მოლდოველები ევროპას ტოვებენ

AutoSharing Option
სამშობლოდან გაქცეული თუ სავარჯიშოდ წასული მოლდოველი ძიუდოისტები ქვეყანაში ჯერაც არ დაბრუნებულან.

ამ სკანდალის შესახებ "ლელო" უკვე წერდა, თუმცა მაინც შეგახსენებთ საქმის ვითარებას: იქაურთა ნაკრების ხუთი წევრი უპირობო ლიდერის, მსოფლიოს 2011 წლის პირველობის ბრინჯაოსმედალოსნისა და ევროპის იმავე წლის ვიცე-ჩემპიონ სერგიუ ტომას (81) თავკაცობით, აგრეთვე, ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი მონაწილე ივან რემარენკო (90) და ჯერჯერობით უტიტულოები - ოქტავიან ნაკუ (60), მიხაილ მარკიტანი (66) და ვიქტორ სკვორცოვი (73), ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვასილ კოლცასთან ერთად, თებერვლის შუა რიცხვებში ტაშკენტში გაემგზავრნენ და ნაკრების დაგეგმილ შეკრებაზე
არ გამოცხადდნენ.

ამაზე გუნდის ახალმა თავკაცმა ვიაჩესლავ ბაკალმა განაცხადა, - მათ მოლდოვის დატოვება და სხვა ქვეყანაში - ქუვეითში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადასვლა სურთო.

მას ტაშკენტიდან უმალ გამოეხმაურა კოლცა და ბრალდებას აბსურდული უწოდა, უზბეკეთში მხოლოდ ერთობლივ შეკრებაზე ჩამოვედით აქაურთა დაფინანსებით, წამოსვლისას უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც შევიძინეთ და 21 მარტს კიშინიოვში ვიქნებითო.

დათქმული თარიღიც გავიდა და სადაცაა, 21 აპრილი მოვა, მაგრამ როგორც მოლდოვის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მანოლაკის მიერ მოლდოვურ-უკრაინული საიტებისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ისინი არათუ არ დაბრუნებულან, უკვე ფედერაციასთან კონტაქტზეც კი არ გამოდიან.

"ძნელი განსასჯელია, რა მოხდება მომავალში. მე არ ვიცი მათი გეგმები, მაგრამ, სავარაუდოდ, მოლდოვის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა სურთ" - თქვა მანოლაკმა. აქვე მან ადრე ხსენებულ გადაყვანის მსურველი ქვეყნების სია კიდევ უფრო გაზარდა და ზემოხსენებულ დუეტს აზერბაიჯანი, უზბეკეთი და მონაკო დაამატა.

"ბოდიშის მოხდა საკმარისი არაა. გული მტკივა, ჩვენ მათში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ. განსაკუთრებით ტომაზე მწყდება გული, რომელსაც მივეცით ბინა, იღებდა მეტ-ნაკლებად საკმარის ხელფასსაც - კლუბიდანაც და ფედერაციიდანაც" - ესეც მანოლაკის სიტყვებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ახლანდელი პათოსი პრინციპულად განსხვავდება ადრინდელისგან.

მაშინ ისიც დაეთანხმა კოლცას და კვერი დაუკრა, ბიჭები ერთობლივ შეკრებაზე არიან და დაბრუნდებიანო, იქვე კი მომხდარის მიზეზად უფულობა დაასახელა.

მისი სიტყვით, ფედერაციას სამინისტროსგან ერთი ლეიც არ მიუღია და ამიტომ იქაურები წლეულს არც ერთ ტურნირში არ გამოსულანო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ხსენებული ძიუდოისტები 25-28 აპრილს ბუდაპეშტში ევროპის პირველობაზე არ გამოვლენ.

სხვების რა გითხრათ - მათთვის მოლდოველ მეტოქეთა არსებობა სულერთია, რადგან არ ჰყავთ ძლიერი ძიუდოისტები; აი, 81 კილოგრამში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ლევან წიკლაურისთვის კი ეს გვარიანი შეღავათია.

საქმე ისეც ნამდვილად არაა, თითქოს ტომასთან ჩვენებურები უშანსოდ იყვნენ - პირიქითაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ის მაინც ანგარიშგასაწევი ფალავანია და მისი ჩამოცილება შეღავათი ნამდვილადაა.

ეს კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სპორტსმენთა სხვაგან გადასვლა ქართული ძიუდოსთვისაც კვლავ აქტუალური გახდა.

ნამდვილად არ გვეგონა, 90-იან წლებში თუ დავბრუნდებოდით, როცა ჩვენი ძიუდოისტები სწრაფი ტემპით გადიოდნენ "ექსპორტზე", მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით ახლო მომავალში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული