როგორც იქნა, ასრულდა გიორგი თენაძის ოცნება და მისი შრომის შედეგიც გამოჩნდა. ის ყოველი ტურნირის წინ ნერვიულობდა, ნეტავ, შედეგი გვქონდესო, ხოლო წაგების შემდეგ იმდენად გაწბილებული მინახავს, ხშირად გამოლაპარაკებაც მომრიდებია.
ამ დროს ვხვდებოდი, მწვრთნელობა რამდენად რთული საქმეა, თორემ თენაძე თავადაც უებრო მოჭიდავე და თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ფალავანი იყო, ევროპის,
ვულოცავთ ამ წარმატებას მას, კახა მოცრაძეს, გიგა ბოჭოიძეს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გოგოების მომზადებაში.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სულ მალე უფროსებში, ვაჟებთან ერთად, გოგოების გუნდიც გვეყოლება საქომაგო.
ჯანაშვილის ტრიუმფი
ჯანაშვილი ტალინში იმდენად ძლიერად გამოვიდა, ისეთი უპირატესობით მოიგო შეხვედრათა უმეტესობა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ჩემპიონის ტიტულს იოლად, ზედმეტი გაჭირვების გარეშე დაეუფლა.
ამას მისი გამოსვლის სტატისტიკაც მოწმობს - ოთხივე ბრძოლა იპონით, ვადამდე მოიგო! ფიზიკურად ძლიერი ამ კომპონენტში აშკარად აღემატება თანატოლებს, თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც უფრო ტექნიკურად ჭიდაობს, ვიდრე - ძალისმიერ სტილში და ყველა შეხვედრაში ბლომად ილეთს აკეთებს.
ჯანაშვილის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ არასოდეს ზრუნავს ანგარიშის შენარჩუნებაზე, მაშინაც კი უტევს, როცა დაწინაურდება, ოღონდ ამასაც დიდი დაკვირვებით აკეთებს და არა რისკის ზღვარზე.
საერთოდ, პირველივე წამებიდან იმდენად ტვირთავს მეტოქეებს, მათ შეტევის საშუალებას არც აძლევს. ამაში კი, კარგ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, ტაქტიკურად სწორი ჭიდაობაც ძალიან ეხმარება.
პირველ ორ შეხვედრაში - თურქ დამლა ცალისკანთან და ჰოლანდიელ ჯულია კემინკთან 2-2 იუკო და თითო იპონი მიითვალა, ნახევარფინალში რუმინელი თეოდორა ბალაშოუ პირდაპირ წმინდაზე დააგდო, ფინალში კი მეორე ჰოლანდიელ ფლაუერ დენ დეკერს ორი ვაზარი აართვა.
თურქთან უკვე მე-20 წამზე სცადა ბრუნი, მაგრამ სუფთად ვერ გადააგდო. სამაგიეროდ, მესამე ცდაზე ისეთი ბრუნით დაახეთქა ტატამს, კომენტატორების აღფრთოვანება გამოიწვია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რაოდენ ტექნიკურად ჭიდაობს ის.
ამავე წონაში ბრინჯაოს მოპოვების შანსი გურანდა შოთაძეს ჰქონდა, მაგრამ ძირითად ბადეში ორი გამარჯვების შემდეგ ორჯერ წააგო - ჯერ ებრაელთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ინბალ შემეშთან, მერე სანუგეშოში - ფინელ ემილია კანერვასთან და მეშვიდეზე დარჩა.
63 კილოგრამში ერთი პაექრობა მოიგო მარიამ ჯანაშვილის უმცროსმა დამ - ხატია ჯანაშვილმა, მაგრამ მერე უნგრელთა მომავალ ჩემპიონ სზაბინა გერჩაკთან დამარცხდა და გავარდა.
ბიჭების ბრინჯაოს ეპოქა
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ჩვენი გოგოებიდან ბრინჯაოს მედალი მზია ბებოშვილმა (48) მოიპოვა.
ამდენად, გოგოების ანგარიშზე თითო ოქრო-ბრინჯაოა, რითაც საგრძნობლად გაუსწრეს ბიჭებს, რომლებმაც მხოლოდ 4 ბრინჯაო მოიპოვეს.
21 ივნისს პრიზიორი რობინზონ ბეგლარიშვილი გახდა, შაბათ-კვირას კი ანალოგიურ წარმატებას კობა მჭედლიშვილმა (66), თამაზ კირაკოზაშვილმა (73) და დავით რამაზაშვილმა მიაღწიეს.
ამათგან მჭედლიშვილი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, რამაზაშვილი - ვიცე-ჩემპიონი, კირაკოზაშვილმა კი ვერცხლი ორი წლის წინ მოიპოვა.
სამივე მედალოსანი მეოთხედფინალში დამარცხდა - მჭედლიშვილმა მასპინძელ სტრახინია ბუნჩიჩთან წააგო, კირაკოზაშვილმა - რუსთა მომავალ ჩემპიონ რუსლან გოდიზოვთან, რამაზაშვილმა - ბრიტანელ ჯოენ ჯოერთან, რომელიც მერე ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა, ანუ ჩვენებურს ჩამორჩა შედეგით.
ამ წონაში კვლავაც რუსთა სომეხმა კარლენ პალიანმა გაიმარჯვა და შეინარჩუნა ტიტული. მან შარშან ფინალში რამაზაშვილს მოუგო, წლეულს კი გიორგი გველესიანი დაგვიმარცხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"