ცირეკიძე რჩება და ემზადება

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დიდ სპორტში რჩება და აგრძელებს ვარჯიშს. მის თავს გადამხდარ დრამას რა შეხსენება სჭირდება, მაგრამ მაინც: სექტემბერში ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მან დამაჯერებლად მოიგო ორი შეხვედრა, მაგრამ მესამეში კუბელ ორეიდის დესპაინთან საჭიდაოდ გასვლა დააგვიანდა და ტურნირიდან მოხსნეს... შემთხვევა იმდენად არაორდინარული იყო, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა - მას გამოეხმაურა უკლებლივ ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალება; საქართველოში კი ისეთი ნაცნობები მეკითხებოდნენ ამაზე, სპორტი საერთოდ რომ არ აინტერესებთ...

ცხადია, მომხდარის გადახარშვა ძნელი
იყო. იაპონიიდან დაბრუნებული ცირეკიძეც ზომიერ კომენტარებს აკეთებდა - ის ძლიერი ნერვების პატრონია, ემოციებს არასოდეს ამჟღავნებს და ჩვეულებას არც ახლა უღალატა, მაგრამ დეპრესიის გარკვეული ნიშნები მაინც დაეტყო. კერძოდ, მოუკლო ვარჯიშს და სპორტიდან მისი წასვლის შესახებაც კი დაირხა ხმები. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ხმები ადრეც გავრცელდა - თვითონ სპორტსმენმაც დაგვიდასტურა, რომ მართლა მიდიოდა, მაგრამ მაშინაც და ახლაც ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს და მრავალრიცხოვან ქომაგთა გასახარად ისიც დარჩა!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ცირეკიძე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად - ბინა უქირავეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მისი კარიერისთვის ასე აჯობებდა. ოჯახში და მშობლიურ ქალაქში ყოფნა კარგი კი არის, მაგრამ ქუთაისში ბევრი ნაცნობ-მომცდენიც ჰყავდა. თან თბილისში სპარინგ-პარტნიორების მხრივაც ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. იმედია, ეს სასიკეთო სიახლე მართლაც წაადგება მის კარიერას და ის ქომაგებს კვლავაც გაახარებს დიდი წარმატებებით.

ცირეკიძეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ უჭიდავია, ახლა კი, 18-19 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

- ესე იგი, ხმები სპორტიდან წასვლის შესახებ უსაფუძვლოა, რჩებით ძიუდოში და აგრძელებთ ვარჯიშს...
- კი, ვვარჯიშობ და ვემზადები სრული დატვირთვით. უკვე გადმოვედი თბილისში, ოლიმპიურმა კომიტეტმა ბინა დამიქირავა - ლონდონის ოლიმპიადის დამთავრებამდე ისინი გადაიხდიან ქირას, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. აქ გადმოსვლა და ვარჯიში მეც მერჩივნა და ხელი შემიწყვეს.

- აქ ვარჯიში რატომ გერჩივნათ - იქ სპარინგ-პარტნიორები არ გყავდათ თუ სხვა ხელისშემშლელი მიზეზებიც იყო?
- ძირითადად მაინც სპარინგების გამო, რადგან იქ არაა საკმარისი რესურსი. ქუთაისში კი ვვარჯიშობდი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ბინა უკვე შევარჩიე და ოჯახთან ერთად აქეთ გადმოვედი.

- ალბათ, ტოკიოში მომხდარი უსიამოვნო ამბავი დღემდე მწარედ გაგონდებათ...
- ცხადია, დღემდე მწარე მოგონებაა და ეს არც დამავიწყდება.

- მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. დღეის გადასახედიდან, როგორ აფასებთ მომხდარს?
- კვლავაც ძველებურად! ვფიქრობ, ეს უფრო უყურადღებობის შედეგი იყო.

- იმ სანქციებით კმაყოფილი ხართ, რაც ამ ამბავს მოჰყვა საქართველოში?
- სიმართლე გითხრათ, ამ თემას არც ჩავძიებივარ და არც პასუხი მომითხოვია ვინმესთვის, ჩემთვის ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, იქ მეჭიდავა და შედეგისთვის მიმეღწია. ამიტომ არც მიზეზებზე მისაუბრია ვინმესთან. კიდევ ვიმეორებ - ჩემთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, მეჭიდავა.

- მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით...
- მომხდარს უკვე ვეღარ გამოვასწორებდი. ამის ანაზღაურება არც ფინანსურად შეიძლებოდა და არც არანაირად. სპორტსმენი ვარ და, ცხადია, გული მაგრად მწყდება, მაგრამ რაღაც ფაქტორების გამო მოხდა ასე. შეიძლებოდა, მეც მომესწრო, ცოტა მეტი ყურადღება რომ მიმექცია, მაგრამ, როცა წინა შეხვედრა მოვიგე და დარბაზში დავბრუნდი, კიმონოს გამოცვლამდე ეკრანს შევხედე. მესამე ორთაბრძოლა მიწევდა. ამით დამშვიდებული ბიჭებთან დავბრუნდი და ვსაუბრობდი. სამწუხაროდ, ის ორი შეხვედრა ვადამდე დამთავრდა, ძალიან ადრე, რაც გამოგვეპარა. ცოტა ორგანიზატორების ბრალიცაა - დარბაზში არ აცხადებდნენ, ვის უხმობდნენ საჭიდაოდ. მომსახურე პერსონალი როცა მოვიდა, მერე ვეღარ მოვასწარით - მაშინვე წავედი, მაგრამ გვიანი იყო. მწვრთნელები გზაში შემხვდნენ, დარბაზში მორბოდნენ ჩემს გასაყვანად, მაგრამ...

- ანუ კონკრეტულად ვერ ამბობთ, ვისი ან რისი ბრალი იყო?
- ფაქტია, რომ არენასთან უნდა მიგიყვანონ და დაგაყენონ, სანამ წინა შეხვედრა მიმდინარეობს. კუბელი ხომ მიიყვანეს, იმან ხომ მოასწრო მისვლა? ის ორი ორთაბრძოლა განა იმისთვის არ დამთავრდა ადრე?

- ამ ამბავს თქვენთვის უსიამოვნო ბევრი ჭორი მოჰყვა. ბევრი რამ დაგაბრალეს - განგებ დააგვიანაო, კიმონო შეგნებულად არ ჩაიცვა დროზეო, ისიც დაიწერა, გაყიდა შეხვედრაო.
- ამას ის ხალხი თუ ილაპარაკებდა, ვინც არ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში და ასეთებს რა პასუხი უნდა გავცე? ისიც ვიცი, ჩემზე რომ ითქვა, დაეძინაო... აბა, რა უნდა ვთქვა ამ ჭორებზე? კუბელები თუ შეხვედრებსაც ყიდულობდნენ, აქამდე არ ვიცოდი, მხოლოდ ამ ხმების შემდეგ გავიგე. მე კი შემეძლო მათგან ყიდვა, რადგან ისინი ხშირად ჰყიდიან ორთაბრძოლებს, მაგრამ პირიქით თუ ხდებოდა, არ ვიცოდი.

- სულ მალე საქართველოს ჩემპიონატი გელოდებათ. როგორ ატყობთ თავს - ხართ ფორმაში?
- მომხდარის შემდეგ ძნელი იყო სპორტში დარჩენა და ვჭოჭმანობდი, შევძლებდი თუ არა ჭიდაობის გაგრძელებას. დღეს ეს მომენტი უკვე გადაილახა და ჩვეულ სავარჯიში რეჟიმს დავუბრუნდი. ამ ეტაპზე ნორმალურად ვგრძნობ თავს და ვემზადები საქართველოს ჩემპიონატისთვის.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
"ცირეკიძე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად - ბინა უქირავეს".--- სირცხვლია სირცხვილიიიი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ქართულისტორიაში და საკუთარი ბინა არ აქვს დედაქალაქში!!!!!!!!!!!!
man.chester
02:29 13-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული