ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. ეტყობა, ეს ტურნირი მართლაც ძლიერი შეჯიბრება გამოვა და ყველა ლიდერი იჭიდავებს. ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა სიები წონითი კატეგორიების მიხედვით და მათში ყველა ლიდერია შეყვანილი. მწვრთნელთა საბჭომ ექიმების დასკვნის საფუძველზე მხოლოდ როტერდამის `დიდი პრიზის~ გამარჯვებული ამირან პაპინაშვილი (60) დაასვენა. მას ფეხი სტკივა, თუმცა თავად მაინც ფრიადი მონდომებით იწევს საჭიდაოდ, მაგრამ ექიმები არ აძლევენ ნებას. სხვა ცნობილ ფალავანთაგან ყველაა სიაში. ვგონებთ, სიტყვის გაგრძელება ზედმეტია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ლიდერთა მონაწილეობა - ამით იზრდება ქვენის პირველობის დონე, ავტორიტეტი, ტურნირი უფრო სანახაობრივი და ლამაზი ხდება, ლიდერების გამოსვლა კარგი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავებთან გაჯიბრების საშუალება ექნებათ. ვინ იცის, იქნებ ასეთი სტიმულით გულმოცემულებმა სენსაციაც შემოგვთავაზონ. ეს ლიდერებისთვისაც კარგია - მათ საშინაო ასპარეზზევე მოუწევთ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება, რაც მობილიზაციას, ფორმაში მუდმივად ყოფნას აიძულებთ.
ნაკრების ახალ თავკაცის სოსო ლიპარტელიანის მკაცრი მოთხოვნით, უკლებლივ ყველა სპორტსმენი თავის წონაში იჭიდავებს, ანუ წონითი კატეგორიებით მანიპულაცია აღარ მოხდება. ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. ჯერ ერთი, ამით მწვრთნელები ყველა წონაში შექმნილ ვითარებაზე რეალურ სურათს მიიღებენ და მეორეც, რაც უმტავრესი გვგონია - სპორტსმენები ერთხელ და სამუდამოდ მიეჩვევიან რეჟიმის დაცვას, წონის მუდმივად კონტროლს, მენიუს შერჩევას და სხვა აუცილებელ თვისებებს, რაც ჰაერივით საჭიროა დიდ სპორტში. ლიპარტელიანი ერთადერთ გამონაკლისს ზაზა კედელაშვილისთვის დაუშვებს, მაგრამ მხოლოდ ამ ტურნირზე - მას ძალიან ბევრი აქვს დასაკლები, ამიტომ მწვრთნელმა ამჯერად შეღავათი გაუწია და 73-ში გამოსვლის ნება დართო, თუმცა სამომავლოდ მისგან 66-ში დაბრუნებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 73-ში არ შეიყვანს ნაკრებში. თუმცა გუნდში ავტომატურად არც 66-ში დააყენებს - საამისოდ ევროპის სამგზის ჩემპიონმა თბილისის მსოფლიოს თასსა და კიდევ ერთ რომელიმე შეჯიბრებაზე (რომელსაც მწვრთნელთა საბჭო გამოსაცდელად შეურჩევს) უნდა გამოიჩინოს თავი.
სოსო ლიპარტელიანმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრინდელი ნათქვამი, ვინც ქვეყნის პირველობაზე არ გამოვა, გაისად ვერც ნაკრებში მოხვდებაო. სიმართლე გითხრათ, ასეთი კატეგორიულობის მიუხედავად, მაინც გვეეჭვება, ყველა გამოვიდეს! ვშიშობთ, ბოლო წუთებში ვინმე რამეს მოიმიზეზებს და თავის არიდებას შეეცდება, მაგრამ ლიპარტელიანმა დაგვიდასტურა, რომ ამ საკითხში კვლავაც კატეგორიულია და ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის გარეშე გაისად ნაკრების კარი დაიხურება ყველასთვის, ტიტულების მიუხედავად, შეღავათი კი არავის გაეწევაო. მწვრთნელმა ისევ გაგვიმეორა ადრინდელი სიტყვები - მირჩევნია, ერთი სეზონი ჩავაგდო და ახალგაზრდები ვატარო, რითაც სამომავლო გუნდის მშენებლობას დავიწყებ, ვიდრე უდისციპლინობა მოვითმინოო. ძალიანაც კარგი, ეს ვის არ უნნდა!
სიახლეებისთვის ემზადება ძიუდოს ფედერაციაც ჩემპიონატის მაღალ დონეზე და, რაც მთავარია, ობიექტურად ჩასატარებლად. შარშანდელ ჩემპიონატს თუ ძიუდოს ევროპული კავშირის ერთი კომისარი, სლოვაკი მარიან ჰეპკა ესწრებოდა, წლეულს მას ბელგიელი ფრანკ დე მოორიც დაეხმარება.
ფრთხილად!..
ვარაუდობენ, რომ ამ ჩემპიონატზე გაცილებით მაღალ დონეზე იქნება უსაფრთხოებაც, რომელსაც ამჯერად არა ადრინდელივით კერძო ფირმები, არამედ დაცვის სახელმწიფო სამსახური მიხედავს. მისასალმებელია, რომ ფედერაციაში თანდათან მომწიფდა აზრი იმის შესახებ, რომ ტატამზე გადამხტომი, ჩხუბის ამტეხი და წესრიგის დამრღვევი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს, ანუ პოლიციამ დააკავოს და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელი დააკისრონ. იგივე ითქმის სპორტსმენებზეც. მით უფრო, ყველამ იცის ჩხუბისთავთა ვინაობა - აქ ძირითადად ერთი და იგივე ხალხი ჩხუბობს (როგორც სპორტსმენები, ისე - ქომაგები).
ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ძიუდოს სამყაროში წინასწარ ამბობენ, ეს იჩხუბებს, იმის გულშემატკივრებს რა გააჩერებსო, ანუ აქედანვე ემზადებიან მოსალოდნელი უსიამოვნებებისთვის... ერთხელ და სამუდამოდ ეს უმსგავსობაც უნდა აღიკვეთოს, ვიდრე საქმე ტრაგედიამდე არ მისულა. ბევრიც არ აკლია - ცემა-ტყეპასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობთ, სამწუხაროდ, ქომაგებს შორის დაჭრის და სისხლისღვრის ფაქტიც რამდენჯერმე დაფიქსირდა. ასევე - ტატამზე შევარდნა და კონკურენტისთვის თავპირის დასისხლიანება. ერთხელ ვერის ბაღში მსგავს კრიმინალს ჟურნალისტებიც შევესწარით - ჩვენი სექტორიდან რამდენიმე იარუსის ზევით ახალგაზრდა კაცს სახე... სამართებლით გადაუსერეს!
დაგვეთანხმებით, ტრაგედიად არანაირი შეჯიბრება არ ღირს, ჩხუბისთავი ქომაგებიც და სპორტსმენებიც ერთხელ რომ დაისჯებიან, კარგი გაკვეთილი იქნება მათთვისაც და სხვებისთვისაც. ვგონებთ, ამ კატეგორიის გულშემატკივრებისთვის დროული გაფრთხილება იქნება ცნობა იმის შესახებ, რომ ამჯერად პოლიცია უდისციპლინოთა წინააღმდეგ კანონის გატარებას აპირებს. იმედია, სპორტსმენებიც გაითვალისწინებენ, რომ ჩხუბის შემთხვევაში ფედერაცია დისკვალიფიკაციით დასჯის. წესრიგის დაცვაში ფედერაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც ფრიად დაეხმარა - მისი ჩარევის შემდეგ მოხერხდა სპორტის სასახლის დაქირავება, სადაც სამართალდამცავთათვის მუშაობა ბევრად იოლია.
დეტალები, მაგრამ მნიშვნელოვანი
შარშანდელი ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამჯერად წილისყრა განთესვით ჩატარდება - განითესებიან წონების ლიდერები და ერთი გუნდის წევრები. წონების ლიდერები ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ ერთობლივად შეარჩია, რადგან ჩვენთან შიდა რეიტინგები არ არსებობს. ესაა დაახლოებით ოთხ-ოთხი უმთავრესი ლიდერი და კიდევ რვა-რვა კაცი, თუმცა ზოგან ამდენის გამორჩევაც გაჭირდა. მაგალითად, 66-ში რვის კი არა, ოთხის დასახელებაც გაძნელდა. განთესილი ოთხეული ერთმანეთს ნახევარფინალამდე არ შეხვდება. ასევე - ვერც თანაგუნდელები. ეს ყველაფერი იმ პროგრამის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც ძიუდოს ევროპული და მსოფლიო ფედერაციები იყენებენ. სხვათა შორის, მათივე პროგრამით იმუშავებს ელექტროტაბლოებიც, სადაც დეტალურად აღინუსხება ტატამზე მიმდინარე მოვლენები. ეს ნოვაცია ძიუდოს ფედერაციამ ახლახანს გადმოიღო.
ეს ძალიან კარგი, მაგრამ განთესვის ასე ჩატარება მაინც გამოიწვევს მითქმა-მოთქმას. მსგავსი ჭორები ისეთ რამეზე მოგვისმენია, როცა ამის არავითარი საფუძველი არ იყო. აჯობებს, ფედერაცია შიდა რეიტინგის შემოღებაზეც თუ იზრუნებს. გვესმის, იქნებ ბოლომდე ობიექტური არც ეს იყოს, მაგრამ რეალურთან მიახლოებულ სურათს მაინც შექმნის. რაც მთავარია, დაიდება რეიტინგი როგორც დოკუმენტი, რითაც ფედერაცია იხელმძღვანელებს. ტრავმების, ობიექტურ მიზეზთა გამო თუ ვინმე დაიჩაგრება, მის შესამოწმებლად და ვითარების გამოსასწორებლად უამრავი ტურნირი არსებობს... ვფიქრობთ, მაინც აჯობებს, ფედერაციამ რეგიონულ პირველობებზე, შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებისთვის გარკვეული ქულები დააწესოს. გავიმეორებთ, ამით გარკვეული სურათი შეიქმნება და განთესვაც გაიოლდება.
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა ყველამ რეგიონულ პირველობებში წარმატებული გამოსვვლით გაინაღდა, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი აქაც მოხდა - მიზეზთა გამო, მავანთ გამოტოვეს რეგიონის პირველობები და მერე მწვრთნელებს ამ ტურნირში მათ ჩასართავად გვარიანი ჯაფა დაადგათ - ზოგმა იმ შეჯიბრების მედალოსანი ან სულაც შინ დატოვა, ან - სხვა რეგიონს ათხოვა, ვინც თავის კვოტას ვერ ითვისებდა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ არა შემთხვევითი ფალავნები, არამედ საქართველოს შარშანდელი ჩემპიონები - საბა გავაშელიშვილი (90), ზურაბ დილებაშვილი და შარშან მეხუთეზე გასული მინდია ბოდაველი (90) და სხვები. ვერ გეტყვით, მათ რეგიონის პირველობები რატომ გამოტოვეს, მაგრამ თუ ობიექტური მიზეზი არ ჰქონდათ, ძალიან ცუდი. ვფიქრობთ, ფედერაციამ ამ პრობლემასაც უნდა მიხედოს - ნაკრების დონეზე ანუ ზედა ფენებში წესრიგის დამყარებას მივესალმებით, მაგრამ სიმკაცრის გამოჩენა და დისციპლინა ქვედა ფენებში, ანუ რეგიონული ფედერაციების დონეზეც საჭიროა.
საქართველოს ჩემპიონატზე ახალ ამპლუაში წარსდგება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური - იგი მწვრთნელად მოგვევლინება. ზვიადაური ამ ტურნირისთვის ვალერი ლიპარტელიანს (90), გიორგი ბაინდურაშვილსა (81) და შმაგი ლაგაზაურს (60) ამზადებდა, პარალელურად კი ახალგაზრდულ ნაკრებშიც აიყვანეს მწვრთნელად, სადაც მთავარ მწვრთნელ გიორგი გუგავას და ვაჟა ბალხამიშვილს დაეხმარება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ თბილისის მსოფლიოს თასზე იგეგმება სპორტიდან მისი და ნესტორ ხერგიანის საზეიმო გაცილება.
საქართველოს პირველობა ორივე დღეს 11 საათზე დაიწყება, 17 საათიდან კი ფინალური ბლოკია, რომლის ჩვენებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გეგმავს. პირველ დღეს უმჩატესი სამი წონის (60, 66, 73) ფალავნები იჭიდავებენ –დანარჩენებს კი ტატამზე პარასკევს ვიხილავთ. დასწრება თავისუფალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"