რეფორმები საფრანგეთის ნაკრებში - ჩვენთვისაც საყურადღებო

AutoSharing Option
ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირამდე ბევრიც არაფერი რჩება - ხვალ იწყება ტოკიოში. გუნდები უკვე ძიუდოს სამშობლოში იმყოფებიან, თუმცა მონაწილეთა სრული სია რამდენიმე საათში გაცხადდება, როცა წილისყრა ჩატარდება. ამჯერად ყურადღებას მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებზე - საფრანგეთზე შევაჩერებთ, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებებია. ცხადია, ეს ჩვენთვისაც საყურადღებოა.

საფრანგეთის ნაკრები ტოკიოში ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ისამ ნოური (60), დიმიტრი დრაჟინი, ლუის კორვალი (66), ბენჟამინ დარბელე, უგო ლეგრანდი (73), აქსელ კლერგეტი, ანტონინ ჟანინი (81), ტიერი ფაბრი (100), მეთიუ ბატე (+100).

როგორც ვხედავთ, ფრანგებს მონაწილე
არ ეყოლებათ 90-ში, მძიმეწონოსან ტედი რინერს კი, ეტყობა, ჯერაც მწარედ ახსოვს ტოკიო და არ წავიდა! საქმე ისაა, რომ იქ სექტემბერშიც იჭიდავა და მძიმე წონაში ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ტირილს ცოტა დააკლდა აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალის დასრულებისას - მსაჯთა გადაწყვეტილებით ის შეხვედრა მასპინძელმა დაიკი კამიკავამ მოიგო, რაც მართლაც საკამათო გადაწყვეტილებაა, რინერის კი მსოფლიოს პირველობის მეხუთედ მოგების შანსი არ მიეცა.

ფრანგთა ნაკრებში მომხდარი უმთავრესი საკადრო გადაადგილებები უმჩატეს წონებს ეხება. კერძოდ, 60 კილოგრამიდან 66-ში ერთბაშად ორმა ლიდერმა გადაინაცვლა - დრაჟინმა და ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ფლორენტ ურანიმ. ამით უფრო კარგად დრაჟინმა ისარგებლა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა - ფინალში დავიდ ლაროსეს სძლია. რაც შეეხება ურანის, მას გაუჭირდა ადაპტაცია და დამარცხდა - ფრენკ პარტისთან. ეს პარტიც კარგი კერკეტი კაკალი გამოდგა - ურანის შემდეგ წონის კიდევ ერთი ლიდერი სებასტიან ბერტელო დაამარცხა. აი, ამის შემდეგ კი ვერაფერს გახდა - ჯერ დრაჟინთან წააგო, მერე დამამშვიდებელშიც და უმედლოდ დარჩა.

ულიდეროდ დარჩენილ 60-ში ისამ ნოური გალიდერდა. აქ ცნობილი სახეები არც კი იყვნენ და მისი ჩემპიონობა იქნებ ლოგიკურიცაა. სხვა წონებიდან გამოვარჩევთ ანტონ ჟანინის 81-ში გადანაცვლებას და მის გამარჯვებას. თანაც ძალზე ძლიერად იჭიდავა და შეხვედრათა უმეტესობა წმინდად მოიგო. ამ წონაში ევროპის საუკეთესო ვაჟთა მწვრთნელად დასახელებულმა ბენუა კამპარგმა ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მეორე მონაწილედ არა ვიცე-ჩემპიონი ალაინ შმიტი, არამედ მესამე პრიზიორი კლერგეტი მიჰყავს. ქვეყნის პირველობა ძლიერად ჩაატარა რამდენიმე წლის წინ 66-დან 73-ში ანაცვლებულმა ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა დარბელემ, რომელმაც ფინალში ორი ვაზარით აჯობა ლეგრანდს.

"მამლებს"ახალი ლიდერი ჰყავთ 90-შიც - ანტონი ლაიგნესი, მაგრამ კამპარგმა ტოკიოში არც ის წაიყვანა და არც სხვა პრიზიორები. სრულიად ახალია 100-ის ჩემპიონი მაელ ელ ნორმანდიც, რომელმაც ხუთიდან სამი შეხვედრა იპონით მოიგო, მაგრამ ტოკიოში არც ის მიდის. ამ წონაში წააგეს სირილ მარეტმა და კრისტოფ ჰუმბერტმა, თუმცა მოგვიანებით ორივემ იჭიდავა ბრინჯაოსთვის. იქ მარეტმა აისრულა საწადელი, ჰუმბერტი კი მეხუთეზე დარჩა, ხოლო ფაბრის საერთოდ არ უჭიდავია. ფრანგულ ჩემპიონატში ასევე არ გამოსულან რინერი და მსოფლიოს პრიზიორი ბატე. მათ არყოფნაში მეთიუ ტორელმა იმარჯვა, რომელმაც ფინალში იან-სებასტიან ბონვოისინი დაჯაბნა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული