უმედლო იმედი იაპონიიდან

AutoSharing Option
ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა უპრესტიჟულეს ტურნირზე - ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" ჯერჯერობით უმედლოდ ვრჩებით, მაგრამ ერთი ნათელი წერტილი მაინც გამოკრთა. ახალგაზრდა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ასეთ ძლიერ შეჯიბრებაში კარგად იჭიდავა - მეოთხედფინალში გავიდა და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. მოგეხსენებათ, წლეულს მან ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო, უფროსებში კი პირველად საქართველოს ჩემპიონატში გამოვიდა და ფიზიკურად ცოტა გაუჭირდა. არადა, ახალგაზრდებში ეს მისი ერთ-ერთი კოზირი იყო. უფროსებში სულ სხვა დატვირთვებია. ეტყობა, გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები კარგად შეირგო და ტოკიოში პირველივე წრეში სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა -
პოლონელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი რობერტ კრავჩუკი იუკოთი დაამარცხა. ცოტა არ იყოს, თავიდან ამაზე ოცნებაც კი გვიჭირდა, ოღონდ უფრო ადაპტაციის პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე და არა ჩვენებურის ურესპექტივობის გამო. საბედნიეროდ, ჭრიკიშვილმა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

მთლად კრავჩუკივით ტიტულოვანი არა, მაგრამ არც ბედის საჩუქარი იყო მომდევნო მეტოქე - ამერიკელი ტრევის სტევენსი. ის ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა გამოცდილებით ბევრად აღემატება ჩვენებურს. ორი წუთში ჭრიკიშვილმა იპონით მოიგო. მეოთხედფინალში ჩვენებურის მეტოქე მასზე ერთი წლით უფროსი, 20 წლის მასპინძელი და ამ შეჯიბრების მომავალი გამარჯვებული ტაკაჰირო ნაკაი იყო, რომელიც წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს - მოიგო იაპონიის ჩემპიონატი, ვენისა და მადრიდის მსოფლიოს თასები, როტერდამის "დიდ პრიზზე" და სუვონის მსოფლიოს თასზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა, ლისაბონის მსოფლიოს თასზე - ბრინჯაო, ახლა კი ყველაფერი ამ გამარჯვებით დაასრულა. წლეულს უმედლოდ მხოლოდ რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" დარჩა, თუმცა ბრინჯაოსთვის იქაც იჭიდავა. ის ქართველებს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - მადრიდში გიორგი ბაინდურაშვილს აჯობა, ამჯერად კი მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე დაჩაგრული თანამემამულეებისთვის რევანში აიღო.

შეგახსენებთ, მაროკოულ აგადირში გამართულ იმ ტურნირზე ჭრიკიშვილმა ნახევარფინალსა და ფინალში იაპონელებს მოუგო, თუმცა ამჯერად გამარჯვება ნაკაის დარჩა - ვაზარი მიითვალა, ჩვენებურმა კი ქულის მოპოვება ვერ შეძლო. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მესვეურთაგან შევიტყვეთ, ამ შეხვედრაზე ჩვენი ნაკრების ავსტრიელ კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერს ასეთი კომენტარი გაუკეთებია, ნაკაიმ ჭკვიანურად იჭიდავა, ჩავლება არ მისცა და ამით მოუგოო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ნახევარფინალში ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლეანდრო გილეირო დაამარცხა, ფინალში კი თავისზე ბევრად უფროს თანაგუნდელ მასაჰირო ტაკამაცუს აჯობა, ვისაც იაპონიის წლევანდელი პირველობის ფინალშიც მოუგო. რაც შეეხება ჭრიკიშვილის გამოსვლას, ვფიქრობთ, მაინც დამაიმედებელია. მის ჭიდაობას ნაკრების თავკაცი სოსო ლიპარტელიანი და პეტერ ზაიზენბახერიც დადებითად აფასებენ. ალბათ, ახალგაზრდა ფალავანზე, რომელიც უფროსთა ტურნირებში პირველ ნაბიჯებს დგამს, გულშემატკივარიც ასეთივე აზრის იქნება. პირველი ნაბიჯები ყოველთვის სუსტია და გაუბედავი, მაგრამ ჭრიკიშვილის ტოკიოში ნაჭიდავებზე ასე არ ითქმის.

მეხუთეზე გავიდა ვალერი ლიპარტელიანიც (90) და თითქოს მისი გამოსვლაც ჭრიკიშვილის დარად უნდა შეფასდეს, მაგრამ აქ ერთი უსიამოვნო მომენტია - ის ამჯერადაც ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს პატრონ ტიაგო კამილოსთან დამარცხდა. ბრაზილიელი ჩვენებურს უხერხულ მეტოქედ ექცა - ვენის მსოფლიოს თასზე წაგების შემდეგ უკვე მასთან მეორედ დაყარა ფარ-ხმალი. არაოფიციალური ვერსიით ეს მსაჯთა შეცდომამ განაპირობა - საიპონე გდება ვაზარად შეაფასესო, მაგრამ ზაიზენბახერს თურმე მსაჯთა მისამართით პრეტენზიები არ გამოუთქვამს. 

პირველ წრეში ლიპარტელიანმა დიდი უპირატესობით აჯობა კორეელ სოო კეუნ სონგს - შეხვედრის მიწურულს იპონით მოუგო, მანამდე კი იუკოც აართვა. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი წარმატებით ჭიდაობს კორეელებთან - კარიერაში უკვე მეოთხედ მოუგო იქაურს, თავად კი არც ერთი წაუგია. ისიც საინტერესოა, რომ ოთხივე შეხვედრაში სხვადასხვა ფალავანს სძლია. სამაგიეროდ, მისთვის ნაცნობი იყო მომდევნო მეტოქე ამ ტურნირზე - არგენტინელი ჰექტორ კამპოსი, რომელიც წლეულს სან პაულუს მსოფლიოს თასზე დაამარცხა. ის არაა ძლიერი მოჭიდავე, თუმცა ლიპარტელიანს საკმაოდ გაუჭირდა მასთან - ორი იუკოთი მოუგო. როგორც ვხედავთ, ვერც უფრო მაღალი ხარისხის გდება გაუკეთა და მთელი ხუთი წუთიც იჭიდავა. აი, სწორედ ამის შემდეგ შეხვდა კამილოს, სადაც ისევ წამოტივტივდა მსაჯთა ფაქტორი. არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს მიზეზი, მაგრამ სტატისტიკური შედეგები ასეთია - ჩვენებურმა ერთი ვაზარი მიითვალა, სანაცვლოდ კი ორი ასეთივე გდება გაატარა. თანაც, მეორე - შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე და წმინდად დამარცხდა. თუმცა აქ ყველაზე საინტერესო შემდეგი გარემოებაა - პირველი ქულა ლიპარტელიანმა გააკეთა და მთელი სამი წუთი იგებდა. პრაქტიკულად, ახლაც ის მოხდა, რაც არაერთგზის ვიხილეთ ბოლო ორ სეზონში - ლიპარტელიანმა კვლავაც იმ დანავსულ ბოლო წუთებზე წააგო! სავარაუდოდ, მიზეზი კვლავ დაღლილობაა. იმედია, მის ხარვეზებს მწვრთნელები მიხედავენ. ცხადია, ლიპარტელიანმა ფიზიკური კონდიციებიც უნდა აიმაღლოს და ტექნიკური არსენალიც გაიმდიდროს, სტილი უნდა გაამრავალფეროვნოს.

სამწუხაროდ, ამ ორი ფალავანის გარდა, დანარჩენებზე სალაპარაკოც არაფერია - ბეთქილ შუკვანიც (60), შალვა ქარდავაც (66), თენგიზ პაპოშვილიც (73) და ბაინდურაშვილიც პირველივე წრეში დამარცხდნენ. ერთი შენიშვნაც - ამ კვარტეტიდან შუკვანის გარდა, ყველა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია, შუკვანმა კი ფინალი დათმო. მან ამჯერად ამერიკელ ნიკოლას კოსორთან ვაზარით წააგო. ქარდავას მასპინძელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჯუნპეი მორიშიტამ იპონით სძლია. არადა, თბილისის წლევანდელ ტურნირზე ქარდავამ მოუგო, მაგრამ მას შემდეგ მორიშიტამ ისე მოუმატა, აგერ, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. პაპოშვილმა უზბეკ ნავრუზ ჯურაკობილოვთან დათმო იპონით, ბაინდურაშვილი კი პორტუგალიელ დიოგო ლიმასთან დამარცხდა მინიმალური სხვაობით.

ბუნებრივია, უმედლოდ დარჩენა წარუმატებლობაა და კმაყოფილები არც უნდა ვიყოთ, მაგრამ ერთსაც შევნიშნავ - ნაკრების ხელმძღვანელობა, მწვრთნელთა საბჭო თავიდანვე აცხადებდა, რომ მათთვის შედეგი არ იყო მთავარი და უფრო ის აინტერესებდათ, რამდენად შეეგუებოდნენ ბიჭები გაზრდილ დატვირთვებს. თეორიულად ყველაფერი, რასაც ნაკრებისა თუ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა აკეთებს ან გეგმავს, კარგი ჩანს და პროგრესული. იმედია, იდეებს პრაქტიკაშიც წარმატებით განახორციელებენ და შედეგებიც მოვა.

თავად ტურნირს რაც შეეხება, იაპონელთა სრული ბატონობით მიმდინარეობს - ვაჟებში ხუთივე წონაში გაიმარჯვეს. თანაც სამში იაპონური ფინალი იყო, ხოლო 60-ში, გარკვეულწილად უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა - ოთხივე მედალი მათ დაისაკუთრეს. ქალებში მთლად ასეთი ასპროცენტიანი შედეგი არ აქვთ, თუმცა არც ბევრად ნაკლები - იქ ოთხ წონაში დამთავრდა შეჯიბრება და სამში იაპონელები გავიდნენ ფინალში. მასპინძლებმა ერთადერთ წონაში წააგეს - 63-ში, სადაც ფრანგული ფინალი შედგა, იაპონელებს კი მეხუთე ადგილი ერგოთ. მათ დომინაციაში გასაკვირიც არაფერია - ყოველ წონაში ოთხი იქაური გამოდის. თან ისინი საკუთარ ტურნირზე ყოველთვის გაათმაგებული მოტივაციით ჭიდაობენ. ამას თაობათა ცვლის პროცესიც დაერთო - ახალგაზრდები ძალიან სწრაფად პროგრესირებენ და შედეგიანად ავიწროებენ უფროსებს, რასაც თუნდაც მორიშიტას და ნაკაის მაგალითებიც მოწმობს.
ტურნირი დღეს დამთავრდება, ჩვენ კი ერთადერთი მონაწილე დაგვრჩა - მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი, რომელიც იაპონელ მასარუ მომოსეს ხვდება.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. ჰიროფუმი იამამოტო, 2. ტორი შიშიმე, 3. ტაკეში მაცუკი, შინჯი კიდო (ყველა - იაპონია).
66 კგ. 1. მასააკი ფუკუოკა (იაპონია), 2. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი), 3. მასაში ებინუმა (იაპონია), ჩაგანბაატარ ხაშბაატარი (მონგოლეთი).
73 კგ. 1. რიკი ნაკაია, 2. იუკი ნიშიამა (ორივე - იაპონია), 3. ნიკოლას ტრიტონი (კანადა), დირკ ვან ტიხელტი (ბელგია).
81 კგ. 1. ტაკაჰირო ნაკაი, 2. მასაჰირო კატამაცუ (იაპონია), 3. ეუან ბურტონი (ბრიტანეთი), ლეანდრო გილეირო (ბრაზილია).
90 კგ. 1. მასაში ნიშიამა (იაპონია), 2. ტიაგო კამილო (ბრაზილია), 3. დილშოდ ჩორიევი, ხურშიდ ნაბიევი (უზბეკეთი).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული