რუსთა ქართველი ჩემპიონები

AutoSharing Option
ამ დღეებში ძიუდოში ქვეყნის შიდა პირველობები ჩატარდა ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიც რუსეთი და აზერბაიჯანია. სხვათა მსგავსად, ესენიც საგაისო სეზონისთვის ემზადებიან და, ამდენად, საინტერესოა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი მათ გუნდებში. ბუნებრივია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებამდე კიდევ ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ, ვფიქრობთ, თვით ის პირველადი მონახაზიც საინტერესოა, რაც ამ შეჯიბრებებზე გამოჩნდა.

რუსეთის ჩემპიონატი სულაც გუშინ დამთავრდა ეკატერინბურგში, რასაც წინ ქვეყნის პრემიერ ვლადიმირ პუტინის ძიუდოისტებთან სტუმრობა უსწრებდა. ვინაიდან რუსეთის ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით დეკემბერში ზედიზედ სამ დიდ ტურნირში იჭიდავა, ლიდერებს დასვენების ნება მისცეს და
ახლანდელი პირველობა მათ გარეშე ჩატარდა. ამის მიუხედავად, ნაცნობი გვარ-სახელები მაინც ბლომად ვიხილეთ, ხოლო ჩემპიონთა შორის ორი ქართული წარმოშობის სპორტსმენიცაა - სერგეი ბადრიაშვილი (73) მორდვეთიდან და 20 წლის ნინო სორდია (70) ბურიატიის რესპუბლიკიდან.

ბოლო წლებში რუსულ საჭიდაო ჩემპიონატებში დამკვიდრებული უსიამოვნო ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მორიგი სკანდალი ვიხილეთ. მოვლენათა ეპიცენტრში ამჯერად 90 კილოგრამი წონითი კატეგორია და მურატ გასიევი აღმოჩნდნენ. 23 წლის ვლადიკავკაზელი ფალავანი ზედიზედ მესამედ ხდებოდა რუსეთის ჩემპიონი - ფინალში დაღესტნელ აბდულ ომაროვს ვაზარს უგებდა, თუმცა ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს და სკანდალის მიზეზიც ეს გახდა. გასიევმა ფინალამდეც ძალზე კარგად იჭიდავა და ჯერ კიდევ წინასწარ შეხვედრებშივე მიიჩნია ყველამ ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად. რიგითების გარდა, მან მეოთხედფინალში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი მაგომედ მაგომედოვიც დაამარცხა (შეგახსენებთ, რომ წლეულს ახალგაზრდებში დუბლი მხოლოდ ამ დაღესტნელმა და ჩვენმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეასრულეს), ნახევარფინალში კი ტურნირის უსწრაფესი მოგება მიითვალა - 24 წამში დააიპონა რუსეთის 2005 წლის ჩემპიონი, ირკუტსკელი გრიგორი სულემინი.

გასიევმა ფინალიც აქტიურად დაიწყო, თუმცა არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მან მიუღებელი მეთოდებით დასაწყისშივე მიიქცია ყურადღება - ომაროვს განგებ ჩაარტყა ფეხში. ყოველ შემთხვევაში, რუსულ წყაროებში ამ "ილეთს" ასე აფასებენ, რადგან მას ჩავლებაც არ ჰქონდა აღებული და გამოსმაზე ან რამე ამგვარზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. თუმცა სკანდალის მიზეზი ეს ფაქტი არ გამხდარა. მანამდე ოსმა ვაზარიც მიითვალა, როცა ფეხში ჩარტყმის მომენტიდან სულ რამდენიმე წამში გდება გააკეთა, მერე კი მეტოქეს მასირებული იერიშები დაატეხა თავს. აი, სწორედ აქ დადგა შეხვედრის კულმინაცია, როცა ერთ ეპიზოდში ხელით შევიდა ფეხში, რისთვისაც მსაჯმა დაუყონებლივ დასაჯა დისკვალიფიკაციით და გამარჯვება ომაროვს მიაკუთვნა. მონასტერიც ამაზე აირია. ეპიზოდს მთელი 10 წუთი არჩევდნენ ვიდეოგამეორებაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში გასიევი ტატამზე იდგა და გასახდელში გასვლას არც აპირებდა. ტატამი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ნაკრების იტალიელმა თავკაცმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეციო გამბამ აუხსნა, რომ მსაჯთა გადაწყვეტილება სწორი იყო. გასიევი მწვრთნელს კი დაემორჩილა, მაგრამ, ეტყობა, მსაჯებს მაინც არ ეთანხმება. ალბათ, ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე არც კვარცხლბეკზე ავიდა და არც მედალი ჩაიბარა.

რაც შეეხება ბადრიაშვილს, მას ქართულ ძიუდოსთან არაფერი აკავშირებს. ეს ჯერჯერობით მისი ყველაზე დიდი წარმატებაა, თუმცა გვეეჭვება, მომავალში ბევრად დიდ შედეგებს მიაღწიოს, რადგან არაა ძლიერი ფალავანი. ის 2001 წელს ახალგაზრდებში რუსეთის ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ მოიპოვა მედალი იქაურ პირველობაზე. თანაც ორივეჯერ - 2005 და 2008 წლებში მხოლოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ამ ჩემპიონატში გამოსვლა მან ქართველთან მოგებით დაიწყო - პირველივე წრეში მიხეილ ომაძე იპონით დაამარცხა, რომელიც წლების წინ საქართველოდანაა წასული. ფინალში მისი მეტოქე ვლადიკავკაზელი სოსლან კუძიევი იყო, რომელმაც ნახევარფინალში წონის ლიდერ თანამემამულეს და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს, ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ბატრაზ კაიტმაზოვს აჯობა. კუძიევი თავიდან ფინალშიც აქტიურობდა მორდოველ ქართველთან და ვაზარ-იუკოთიც დაწინაურდა, მაგრამ მერე დროის გაყვანაზე დაიწყო ჭიდაობა და დაისაჯა კიდეც - მსაჯებმა სამჯერ გააფრთხილეს, ბადრიაშვილმა კი დამთავრებამდე 11 წამით ადრე გააკეთა მომგებიანი გდება და სიხარული საკმაოდ ემოციურად გამოხატა.

საინტერესოა, რომ კაიტმაზოვი პრიზიორებშიც ვერ მოხვდა - ბრინჯაოსთვის შეხვედრა ადიღეელ რუსტამ შევეცუკოვთან წააგო. კაიტმაზოვმა აღიარა, რომ ვერ იყო საუკეთესო ფორმაში, რაც ავადმყოფობით ახსნა, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ გაისად მდგომარეობას გამოასწორებს და ისევ დაიბრუნებს ლიდერობას.

რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მძიმეწონოსანი, მოსკოველი ალექსანდრ მიხაილინი იყო, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ტატამს, მაგრამ ოქროს მედალს ვერ შეწვდა - მეოთხედფინალში რიაზანელ ანდრეი ვოლკოვთან დამარცხდა და საბოლოოდ ორივემ ბრინჯაო ირგუნა. მიხაილინის ტრავმისა და სახელოვანი ტამერლან ტმენოვის სპორტიდან წასვლის შემდეგ რუსებს ამ ზეპრესტიჟულ წონაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ - არაერთი ფალავანი გამოსცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ჩემპიონატში ამჯერად მეორე მოსკოველმა, ახალგაზრდებში ევროპის 2008 წლის ჩემპიონმა სერგეი პროხინმა გაიმარჯვა. მან ფინალში ყარაჩაელი სოსლან ბოსტანოვი დაამარცხა, პირველ წრეში კი - კიდევ ერთი ქართველი თეიმურაზ ბუჩუკური. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფინალამდე უფრო ძნელი გზა ბოსტანოვმა გაიარა - წინასწარ შეხვედრებში იმ დაღესტნელ მაგომედ ნაჟმუდტინოვს აჯობა, რომელიც ამას წინათ მიხაილინმაც შეაქო (ამაზე "ლელოც" წერდა), ნახევარფინალში კი ბოლო წლებში დაწინაურებული ოსი, რუსეთის შარშანდელი ჩემპიონი სოსლან ჯანაევი დაჯაბნა. საინტერესოა, რომ შარშან პროხინი ფინალში ჯანაევთან დამარცხდა. ამჯერად ჯანაევმა ბოსტანოვთან მიღებული ტრავმის გამო ბრინჯაოსთვის ვეღარ იჭიდავა მიხაილინთან და მედალი უბრძოლველად დაუთმო მას.

ვოლკოვი და მიხაილინი ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გუშინ აბსოლუტურის ფინალში შეხვდნენ და ამჯერადაც ვოლკოვმა იმარჯვა. შეხვედრაში ქულა არ გაკეთებულა და ვოლკოვმა გაფრთხილებებით მოიგო. აბსოლუტურში გარკვეული კომპენსაცია ნაჟმუტდინოვმაც გააკეთა - ბრინჯაო მოიპოვა.

100 კილოგრამში იქაურმა ქომაგმა ზედიზედ მესამედ იხილა ნაცნობი ფინალი, რომელიც კვლავაც ძველებური შედეგით დასრულდა - დამთავრებამდე 6 წამით ადრე ინგუშმა აშხაბ კოსტოევმა იპონით მოუგო დაღესტნელ მაგომედ მაგომედოვს. კოსტოევი ადრეც მუდამ იქაჩებოდა წონის ლიდერობაზე და პეკინის ოლიმპიადაზე მოხვედრის უმთავრესი პრეტენდენტიც იყო - რეიტინგში აჯობა თანაგუნდელებს, მაგრამ საკონტროლო შეხვედრა ბოლო წამებზე წააგო რუსლან გასიმოვთან და ოლიმპიადაზეც ის წავიდა. ამ წონაში ბრინჯაოს მედლები ალექსანდრ მიხაილინის უმცროსმა ძმამ - ვიაჩესლავ მიხაილინმა და ყაბარდოელმა არტურ ხურსინოვმა მოიპოვეს.

ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ ივან ნიფონტოვის არყოფნაში 81-ში ახალგაზრდა ნოვოსიბირსკელმა ივან ვორობიოვმა იმარჯვა, თუმცა ძალზე დამაჯერებლად - ექვსივე შეხვედრა იპონით მოიგო. მათ შორის პირველ წრეშიც ვინმე პეტერბურგელ ჩიქობავასთან და ფინალიც მოსკოველ სერგეი კოზელთან, რომელიც 35 წამში გააკრა ბეჭებზე. მკითხველს არაფერს ეუბნება მესამე პრიზიორთა ვინაობა, მაგრამ მაინც დავასახელოთ - სამარელი ალექსანდრ გრიგორიევი და პეტერბურგელი ანდრეი ფოკა.

66-ში შარშანდელმა მესამე პრიზიორმა, რიაზანელმა მიხაილ პულიაევმა იმარჯვა, თუმცა ფინალამდე უფრო რთული გზა ვერცხლის პრიზიორმა, მოსკოველმა ვლადიმირ ლეონტიევმა გაიარა. წინასწარ შეხვედრებში მან ხუთი იპონი მიითვალა, მაგრამ გზის სირთულე არა ამაში, არამედ იმ ფაქტორში მდგომარეობდა, რომ მეტოქეთა შორის ისეთი საყურადღებო ფალავნები იყვნენ, როგორიც ქვედა წონიდან ამონაცვლებული ყარაჩაი-ჩერქეზეთის წარმომადგენელი, ეროვნებით აბაზინი ნაზირ კიშმახოვი და ახალგაზრდებში რუსეთის ჩემპიონი, ჩეჩენი ალიხან აიუბოვი არიან. აიუბოვი საბოლოოდ უმედლოდ დარჩა - ბრინჯაოსთვის შეხვედრა 19 წლის ოს არსენ ტოლასოვთან დათმო, მეორე ბრინჯაოს კი მსაჯთა გადაწყვეტილებით პეტერბურგელი ოლეგ ვასილევი დაეუფლა. სამწუხაროდ, ამჯერად ვერაფერს გეტყვით 60-ის ფინალზე, რადგან რუსეთის ფედერაციამ საერთოდ არ აჩვენა ეს ბრძოლა და არც შედეგები დაუწერიათ დროულად. სამაგიეროდ, გვანახეს ბრინჯაოსთვის გამართული ეგრეთ წოდებული მცირე ფინალები, სადაც დაღესტნელმა მურად აბდულაევმა და ოსმა ოთარ ბესტაევმა იმარჯვეს.

ლიდერთა გარეშე ჩაიარა აზერბაიჯანის ჩემპიონატმაც, სადაც ილგარ მუშკიევმა (55), ტარლან კერიმოვმა (60), რამილ გასიმოვმა (73), რუსტამ ალიმლიმ (81), რამინ გურბანოვმა (90), შაინ მამედოვმა (100) და ემილ ტაგიროვმა (+100) გაიმარჯვეს. აქ გამოვარჩევთ გასიმოვისა და გურბანოვის ზედა წონებში გადასვლას, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამედლის ამბავია. მან თავის საუკეთესო შედეგს 73 კილოგრამში მიაღწია - სწორედ იქ გახდა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვა. ამის შემდეგ 81-ში გადაინაცვლა, თუმცა აზერბაიჯანულ პრესაში მაშინვე დაიწერა, რომ არც იქ აპირებდა გაჩერებას და 90-ში სურდა გადანაცვლება. იქვე ამ თემაზე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ნაკრების თავკაც აგიარ ახუნდზადეს პესიმისტურ კომენტარსაც აქვეყნებდნენ, მამედლიმ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს წონა, თორემ 90-ში გადანაცვლება წარმატებას არ მოუტანსო. ეტყობა, მამედლისთვის ეს სიტყვები კედელს შეყრილი ცერცვია - მაინც 90-ში იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა.



მკითხველის კომენტარები / 3 /
60 კილო ოთარ ბესტაევი 19 წლის აგარიდან წასული ძიუდოისტ ომარ ბესტაევის შვილია, საქართველოს ჩემპიონი პრიზიორი,ვლადიკავკაზი მცხოვრები, მათ აგარაში სახლიც აქვთ.
dato
11:53 30-12-2010
0
სერგო გორელია, ჭიდაობაც გორში დაიწყო
Aleqsandre Barbaqadze
03:45 28-12-2010
0

სიახლეები პოპულარული