მარიამ ჯანაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშს ივნისში შეძლებს

AutoSharing Option
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ჯანაშვილი (52) ივნისში უკვე სრული დატვირთვით შეძლებს ვარჯიშს, თუმცა შეკრებაზე წასვლას მანამდეც გეგმავს. ამის შესახებ "ლელოს" თავად სპორტსმენმა განუცხადა.

მოგეხსენებათ, ქართველ ქალთა შორის უცხოური ტიტულის პირველმა მფლობელმა ორივე ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის. "პირველ მუხლზე 5 თვის წინათ გავიკეთე ჯვარედინი იოგის ოპერაცია, 2,5 თვეში კი უკვე მეორეზე ჩავიტარე იგივე, თუმცა იქ ამას მენისკიც დაემატა. ორივე ფეხზე ერთდროულად არ შეიძლებოდა ოპერაცია, რადგან საყრდენი უნდა მქონოდა. ამიტომ ვიდრე ერთი ფეხი
სათანადოდ არ მოძლიერდა, მანამდე მეორეზე ვერ გავიკეთე" - ასე იგონებს ის თავის ოპერაციებს.

ახლა ჯანაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის ტატიშვილის ცენტრში, რომელიც უკვე მესამე კვირაა, რაც გრძელდება. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის და ექიმები სპორტში დაბრუნების კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ.

"უკვე მესამე კვირაა, რეაბილიტაციის კურსს გავდივარ სარეაბილიტაციო ცენტრში. ყველაფერი კარგად მიდის და ექიმები კმაყოფილები არიან ამ პროცესით. მეუბნებიან, რომ ივნისიდან უკვე შევძლებ სრული დატვირთვით ვარჯიშს, მანამდე კი - აპრილ-მაისში, შეკრებებზეც შეიძლება წასვლა, რასაც ვაპირებ კიდეც. სექტემბერში ევროპის ჩემპიონატია ახალგაზრდებში, ოქტომბერში - მსოფლიოსი. ექიმი მაიმედებს, რომ შევძლებ ამ შეჯიბრებებში გამოსვლას, რისთვისაც დიდი ენთუზიაზმით და დიდი შემართებით ვემზადები" - ამბობს ჯანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯანაშვილმა ტრავმები 2013 წელს მიიღო. არადა, იმ სეზონში დიდი წარმატებები მოიპოვა - გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოზე ფინალი იჭიდავა, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე მესამეზე გავიდა. თუმცა, ამ წარმატებების გარდა, სწორედ იმ სეზონმა დაუტოვა უმძიმესი ტრავმები და არსებითად, ამან შეუშალა ხელი მაქსიმალური შედეგის მიღწევაში, სწორედ ამ ტრავმების გამო დამარცხდა იმ ორ შეჯიბრებაში.

მას შემდეგ ჯანაშვილმა მხოლოდ ერთხელ იჭიდავა - შარშან, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე და კვლავ ჯანმრთელობის პრობლემამ დააზარალა. ის ჩინეთში ისედაც ტრავმირებული წავიდა, რამაც მთელი მოსამზადებელი ციკლი გააცდენინა, თუმცა, ბედის ირონიით, იქ ახალი ტრავმა მიიღო და ნახევარფინალში წარმატებით გასულმა მერე ჭიდაობა, პრაქტიკულად, ვერ შეძლო.

მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ორივე ფეხი დაიზიანა და ოპერაცია გარდაუვალი იყო. ვიდრე შეეძლო, ამას თავს არიდებდა, მაგრამ როცა ვითარება აუტანელი გახდა, დათანხმდა. საბედნიეროდ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და - სარეაბილიტაციო პერიოდმაც. მართალია, ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა, მთავარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

ჯანაშვილი შარშან გადმოვიდა ახალგაზრდულ ნაკრებში, თუმცა ტრავმამ ჯერ იქ ჭიდაობის საშუალება არ მისცა. არადა, ამ მართლაც ნიჭიერ ძიუდოისტს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამის შანსი ახლაც არის, მაგრამ - შემცირდა.

მართალია, ტატამს სამიოდე თვეში კი დაუბრუნდება, მაგრამ ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. თან პირველ ეტაპზე მას თანატოლთა შეჯიბრებებში გამოსცდიან, სალიცენზიო სტატუსის მქონე ტურნირები კი მხოლოდ უფროსებში ტარდება. როგორც თავად ჯანაშვილმა თქვა, ის ახალგაზრდების ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება, თუმცა ჯერ იქ წარმატებით გამოსვლაც საეჭვოა, ვიდრე ადაპტაციის პერიოდი გაივლის; მანამდე კი მით უფრო საეჭვოა, უფროსებში გამოიყვანონ.

თუმცა საჩქაროც არაფერია - მთავარია, მან ტრავმა ბოლომდე, სრულყოფილად მოიშუშოს და მომავალში წარმატებით იჭიდაოს, ლიცენზია კი, ახლა თუ არა, მომავალ ციკლში აუცილებლად იქნება. მტკიცედ გვწამს, მას წინ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება, ამ მიზნის ერთი საგზურისთვის გაწირვა და პროცესების დაჩქარება კი ყოვლად გაუმართლებელი საქციელი იქნება.

თუშიშვილიც რეაბილიტაციის პროცესში
ამასობაში ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს გადის კიდევ ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა, ოღონდ ბიჭების ნაკრების ლიდერი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100). როგორც საბოლოოდ გაირკვა, ამ ძიუდოისტს ხელზე ნავისებრი ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, რომელიც კარგად არ იყო შეხორცებული და ჩამოუყალიბდა ცრუ სახსარი. ექიმთა თქმით, მას დროულად რომ მიემართა კლინიკისთვის, პრობლემა ბევრად ადვილად და უმტკივნეულოდ მოგვარდებოდა, ახლა კი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

თუმცა ამასაც გააჩნია - იმ ნავისებრი ძვლის ირგვლივ მთელი ქსოვილი დაზიანებული იყო, ამიტომ სათანადო ღრუბლისებური მასა ბარძაყის ძვლიდან აათალეს და ასე შეავსეს ძვალთა შორის სივრცე (დროთა განმავლობაში ძვლოვანი მასაც ხორცდება). ამიტომ ახლა ცოტას კოჭლობს კიდეც, თუმცა ეს მალე მოუშუშდება.

ექიმთა თქმით, ძვლის შეხორცებას, მაქსიმუმ, 6 თვე მაინც სჭირდება და თუშიშვილიც ამის შემდეგ დაიწყებს ვარჯიშს. იმედია, მისი რეაბილიტაციაც უპრობლემოდ, გართულებების გარეშე წარიმართება. როგორც ექიმები ამბობენ, ჯერჯერობით ყველაფერი მართლაც კარგად, დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა თუშიშვილი სეზონის ბოლომდე სრული ძალით მაინც ვერ ჩაერთვება სალიცენზიო ტურნირებში. არადა, ეს წონა ერთ-ერთია იმ ორიდან, სადაც ჯერ ვერ ვხვდებით სალიცენზიო 22-კაციან ზონაში. ევროპის ჩემპიონისგან რეალურად ელოდნენ ლიცენზიის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილისთვის შარშანდელი სეზონი პირად პირველობაში არც ისე წარმატებული გამოდგა - ევროპაზეც უმედლოდ დარჩა და მსოფლიოზეც, თუმცა ლომის წილი დაიდო ორივე ამ შეჯიბრების გუნდურ ტურნირში ჩვენი ნაკრების წარმატებით გამოსვლაში. შეგახსენებთ, რომ შარშან ახალგაზრდებმა ტრიუმფალურად გაიმარჯვეს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში, მსოფლიოზე კი მხოლოდ ფინალი წააგეს იაპონელებთან მინიმალური სხვაობით - 2:3 და ისიც მსაჯის შეცდომის გამო, რომელმაც სწორედ თუშიშვილი დაჩაგრა და გდება არ შეუფასა.

ამან ქართველები ისე გაანაწყენა, დაჯილდოებისას კვარცხლბეკი ნაადრევად დატოვეს და ტრადიციული ერთობლივი ფოტო არ გადაიღეს, ხოლო განაწყენებული თუშიშვილი ტიროდა. არადა, მან იქაც და ევროპაზეც გმირობა ჩაიდინა - ძირითადად, მძიმეწონოსნებთან ჭიდაობდა, თუმცა წონაში სიმცირის მიუხედავად, მაინც მუსრი გაავლო მათ. განსაკუთრებით - ევროპაზე, სადაც მძიმეში პირადი პირველობის ჩემპიონი და მედალოსნები დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული