მასატო უჩიშიბამ თავის გამორჩეულ წარმატებას ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე მიაღწია, სადაც ოქროს მედალი არავის დაუთმო, შუალედში კი კიდევ ერთი, დღემდე დაუპყრობელი მწვერვალის დალაშქვრასაც შეეცადა - 2005 წელს კაიროში მსოფლიოს პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ ჟოაო დერლი ჟუნიორისთან დათმო და მსოფლიოს ჩემპიონობაზე
კაიროში მიღწეული წარმატება ჟუნიორიმ ორ წელიწადში მშობლიურ რიო დე ჟანეიროში გაიმეორა და პეკინში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, მაგრამ წინასწარ შეხვედრებში პორტუგალიელ პედრო დიასთან დამარცხდა. უჩიშიბა 2005 წლის შემდეგ ისე ახლოს არც ყოფილა მსოფლიოს პირველობის მოგებასთან, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის არც აზიის ჩემპიონი გამხდარა არასოდეს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იქაურ პირველობასა თუ აზიის თამაშებს დიდად არც სწყალობდა - აზიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ იჭიდავა, 2004 წელს და მეხუთეზე გავიდა, აზიურ თამაშებში კი ასევე ერთხელ სცადა ბედი - 2002-ში და ბრინჯაოც მოიპოვა. სამაგიეროდ, მან ორჯერ მოიგო იაპონიის პირველობა, რაც იქაური კონკურენციის პირობებში არც ისე იოლია.
უჩიშიბამ დიდ ტურნირზე ბოლოს 2009 წელს იჭიდავა. მაშინ მშობლიურ ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის მემორიალზე გამოვიდა, თუმცა იმჯერადაც უმედლოდ დარჩა - რუმინელ დან ფასიესა და ბრაზილიელ ლეანდრო კუნასთან გამარჯვებების შემდეგ კორეელ მსოფლიოს პრიზიორ ან იონგ-ჰვანგთან დამარცხდა და მეხუთე ადგილი ერგო. ის ერთხელ ჩამოვიდა თბილისის მსოფლიოს თასზე - 2008 წელს და გამორჩეულადაც დაგვამახსოვრა თავი. მოგეხსენებათ, ჩვენი ტურნირი სეზონის დასაწყისში იმართება, ხოლო შარშანდლამდე, ვიდრე მსოფლიოს მასტერსს შემოიღებდნენ, სულაც პირველი შეჯიბრება იყო. სხვების დარად, მაშინ იაპონელთა ნაკრებიც იწყებდა პეკინის ოლიმპიადისთვის მზადებას. მათ შორის - უჩიშიბაც, რომელიც თბილისში ფავორიტად კი გვესტუმრა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ ადრიან კულიჩთან წააგო და გავარდა, ტურნირის დასრულებისას მან ქართველ ჟურნალისტებს ლამის ტირილით გვითხრა, ალბათ, ამ მარცხით ჩემი ოლიმპიური ოცნებაც დამთავრდაო.
მაშინ იმ შეხვედრას კულუარული ჭორებიც მოჰყვა - მავანნი მის წაგებას მსაჯთა დამსახურებად მიიჩნევდნენ, ამაში კი ქართველთა ინტერესებს ხედავდნენ. მოგეხსენებათ, ის თასი სალიცენზიო ქულებს იძლეოდა და ჭორების ამგორებლები ამბობდნენ, მსაჯებმა ადგილობრივ ფალავნებს მთავარი კონკურენტი ადრევე ჩამოაშორესო. მაშინ საკამათო ის გახდა, გერმანელმა გდება ტატამის გარეთ დაიწყო თუ - შიგნით, მაგრამ ვფიქრობთ, შეთქმულების თეორიებზე ყურადღების გამახვილება არც ღირს, ვინაიდან მაშინ უჩიშიბა იმდენად სუსტად ჭიდაობდა, მართლაც არ ჰგავდა ოლიმპიურ ჩემპიონს. მისი გამოსვლის ფონზე ძნელი წარმოსადგენი იყო ათენური წარმატების განმეორება, მაგრამ იაპონელთა შრომისმოყვარეობა ხომ საარაკო ამბავია და ზუსტად ერთ კვირაში უჩიშიბას გარდასახვა ვიხილეთ - პარიზის "დიდ მუზარადზე" ფინალში გავიდა. მართალია, იქ კიდევ ერთ კორეელთან, ჯოო-ჯინ კიმთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ ამით კვლავაც დარჩა ოლიმპიადაზე წასვლის კანდიდატთა სიაში.
ისიც მოგეხსენებათ, თბილისისა და პარიზული თასები ერთმანეთის მიყოლებით რომ ტარდება და იაპონელები ხშირად ისე აკეთებენ, ჩვენთან ერთი შემადგენლობა ჩამოჰყავთ, საფრანგეთში კი მეორეს აგზავნიან, მაგრამ მაშინ თავიდანვე განაცხადეს, ორივე ტურნირში ერთი გუნდი იჭიდავებსო. არავინ იცის, იმჯერადაც სხვადასხვა შემადგენლობა რომ გამოეცადათ ანუ თბილისში ნაჭიდავები ხალხი ტოკიოში დაებრუნებინათ, პარიზში კი სხვები გაეშვათ, როგორ წარიმართებოდა უჩიშიბას კარიერა და მოხვდებოდა თუ არა პეკინის ოლიმპიადაზე. ალბათ, მაინც მოიპოვებდა იქ წასვლის უფლებას, რადგან პარიზული ვერცხლიდან რამდენიმე თვეში იაპონიის პირველობაც მოიგო. კონკურენციის ბედიც ამან გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ იქ ფინალში ვინმე ტაკაში ტერაი დაამარცხა და არა მთავარი კონკურენტი ჰიროიუკი აკიმოტო, რომელმაც მერე 73-ში გადაინაცვლა და შარშან ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ხოლო 66-ში იაპონელთა ასევე ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა მაშინ ახალგაზრდულ ტურნირებში გამოდიოდა და უფროსებში არ ენდობოდნენ.
უჩიშიბაზე საუბარს ქართველებთან მისი ურთიერშეხვედრებით დავასრულებთ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ის მხოლოდ ორჯერ შეხვედრია ჩვენებურებს და ისიც არა 66-ის ფალავნებს, არამედ ნესტორ ხერგიანს, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე წონას არ იკლებდა და ხშირად ჭიდაობდა ამ წონაში. მათი ორივე შეხვედრა შორეულ წლებში შედგა - პირველი 2002 წელს გაიმართა, როცა უჩიშიბამ ქართველს პარიზში ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა მოუგო, ხერგიანმა კი ერთ წელიწადში ჰამბურგის "დიდ პრიზზე" აიღო რევანში.
მსოფლიოს ძიუდომ არანაკლებ კოლორიტული ფიგურა დაკარგა მაკი ცუკადას სახით. ის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, ამასთან, 9-ჯერ მოიგო იაპონიის პირველობა, ოლიმპიადებსა და აზიის პირველობებზე თითო ვერცხლიც მოუპოვებია, რასაც მსოფლიოს ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოც ემატება, მაგრამ პირველხარისხოვან ტურნირებზე იმდენი ფინალი წააგო, ისტორიას მაინც უიღბლო მოჭიდავედ შემორჩება.
რატომღაც მას ძალიან უჭირდა ჩინელებთან ჭიდაობა - ორის გარდა, მათთან ყველა შეხვედრა წააგო. მისთვის ნამდვილ ბედისწერად იქცა ჩინელთა ლეგენდარული ქალი, ოლიმპიური და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ვენ ტონგი, რომელიც ახლა დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებულია. მართალია, ტონგმა ბევრი უმტკიცა საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიცრებს, აკრძალული წამალი არ მიმიღია, ალბათ, მაგ ნივთიერებას გოჭის ხორცი შეიცავდა, რომელიც იმ ავადსახსენებლ ტურნირამდე მივირთვიო, მაგრამ არავინ დაუჯერა და ახლა ორწლიან სასჯელს იხდის. მან კარიერაში ოთხჯერ დაამარცხა ცუკადა. აქედან სამჯერ - მსოფლიოს პირველობაზე (ამათგან ერთი ფინალი იყო რიო დე ჟანეიროში), ერთხელ კი ოლიმპიადის ფინალში - პეკინში.
შარშან ტონგის დისკვალიფიკაციამ ცუკადას თითქოს შანსი მისცა, მაგრამ ტოკიოში, მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში სხვა ჩინელთან, მომავალ ვიცე-ჩემპიონ ქიან ქინთან დამარცხდა. ჩინელებთან მას არც საკუთარი კედლები შველოდა - 2003-ში ოსაკაში ასევე მსოფლიოს ფინალი ფუმინგ სუნთანაც წააგო.
ჩინელებიდან მას უარყოფითი ბალანსი მხოლოდ ორთან არ აქვს, თუმცა ვერც დადებითით დაიკვეხნის - ჰუეიინგ ჯიას და ჰუანიუან ლიუს თითო შეხვედრა მოუგო და თითოც დაუთმო. ლიუს თავის ბოლო ტურნირზე აჯობა - შარშან ტოკიოში, ბრინჯაოსთვის გამართულ შეხვედრაში დაამარცხა, რითაც ნახევარფინალში ქინთან წაგებისთვის რევანში აიღო და ხასიათი ნაწილობრივ გამოიკეთა. ის მედალი ცუკადას ბოლო ჯილდო აღმოჩნდა, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ოქროებს კი დიდხანს ელოდა - ოლიმპიური ჩემპიონი ათენში გახდა, როცა ფინალში კუბელი დაიმა ბელტრანი დაჯაბნა, მსოფლიოს ჩემპიონობა კი 2007-ში რიო დე ჟანეიროში იზეიმა, ოღონდ - აბსოლუტურში.
როგორც ზევით გითხარით, იქ მძიმეში ფინალი ისევ მისთვის ავადსახსენებელ ტონგთან დათმო, აბსოლუტურის ფინალში კი სლოვენიელი ლუსია პოლავდერი დაამარცხა, რომელიც მძიმეწონოსანთა კვალობაზე მეტად ტანდაბალია და ამით უმოწყალოდ იჩაგრება (თუნდაც თბილისში 2009-ში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან მისი და პოლონელ ურსულა სადკოვსკას შეხვედრა გავიხსენოთ, როცა პოლონელ მთა-ქალს ილეთის გაკეთება არც უცდია და უშნო ბღლარძუნით მშვენივრად გამოიყენა ფიზიკური უპირატესობა).
ცუკადა ჯერ არც ისე ხანდაზმულია, მაგრამ, ეტყობა, სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება ნაკრებში გაზრდილმა კონკურენციამ გადააწყვეტინა. შარშან მან ეროვნული პირველობის ფინალი მიკა სუგიმოტოსთან წააგო, რომელმაც მერე მსოფლიოს პირველობაზე ნამდვილი ტრიუმფი მოიწყო - მძიმე წონაც მოიგო და აბსოლუტურიც. ეტყობა, ცუკადამ მასთან გაჯიბრება სამომავლოდაც უშედეგო საქმედ მიიჩნია და წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა.
მისთვის მთავარი სამიზნე ლონდონის ოლიმპიადა იქნებოდა, მაგრამ სუგიმოტოს ფონზე იქ მოხვედრა მართლაც უტოპია ჩანს. მას გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ისევ შეეძლო, მაგრამ თავისი საქმისა თავად იცის.
.