ამათგან ლიმიტირებულ 18-ეულში მხოლოდ ხანჯალიაშვილი ვერ მოხვდა, თუმცა ორგანიზატორთა მიწვევით მაინც იჭიდავებს. ეტყობა, ასეთი შეღავათი იმის გამო მიიღეს, რომ ლიმიტირებულთაგან რამდენიმემ იუარა ბაქოში ჭიდაობა.
ყოველ შემთხვევაში, ამავე წონაში მასპინძლებმა რუსი დიმიტრი სტერხოვიც მიიწვიეს, რომელიც რეიტინგში ხანჯალიაშვილზე დაბლაა.
მასტერსი "სერხედჯის"
ტურნირი უძლიერესი შემადგენლობისა უნდა იყოს, თუმცა ტრავმების, ავადმყოფობების თუ რიგ სხვა მიზეზთა გამო (ბევრმა, უბრალოდ, არ ისურვა აქ ჭიდაობა) რამდენიმე ვარსკვლავი მაინც დააკლდება. ჯერჯერობით ბოლო დანაკლისი უკრაინელთა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაიაა (60), რომელსაც ანგინა აწუხებს. შესაძლოა, მან თბილისის მსოფლიოს თასზე იჭიდაოს 29-30 იანვარს.
ტურნირი იაპონელთაგან მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჰიროიუკი აკიმოტოს (73), მსოფლიოს ბოლო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ ჰიროაკი ჰიროაკას (60) და აზიის ჩემპიონ კაზუჰიკო ტაკაჰაშის (+100) მოისაკლისებს. პირველი ორი შარშანდელი სეზონის ბოლო ტურნირზე - ჩინურ ქინგდაოში გამართულ "დიდ პრიზზე" მიღებულ მყესების ტრავმებს იშუშებენ და შეჯიბრებებში გამოსვლას თებერვალში გასამართ დიუსელდორფის "დიდ პრიზამდე" არ გეგმავენ, ტაკაჰაში კი გაციებულია.
ავადმყოფობის გამო ვერც რუსთა ლიდერი, ვროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ივან ნიფონტოვი (81) იჭიდავებს, თუმცა ეს იქაურთა ერთადერთი დანაკლისი არაა - მუსა მოგუშკოვიც (66) გაციებულია, მურატ კოძოკოვი (73) კი - ტრავმირებული.
არ იქნება არც ფრანგთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული სოფიენ მილოუში (60) და სომეხი ჰოვანეს დავთიანი (60), რადგან სომხები არც ჩადიან აზერბაიჯანში. თუმცა ბაქოში ძალიან ბევრი ვარსკვლავიც ჩავა. მათ შორის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები: უზბეკი რიშოდ სობიროვი (60), იაპონელი ჯუნპეი მორიშიტა (66), კორეელი ჯი-ბუმ კიმი (81), ბერძენი ილიას ილიადისი (90), იაპონელი ტაკამასა ანაი (100), ფრანგი ტედი რინერი (+100) და იაპონელი დაიკი კამიკავა (აბსოლუტური). ცხადია, ამათ სხვა ბევრი ვარსკვლავიც დაემატება წინა წლების მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ მედალოსანთა სახით.
.