მწვრთნელმა სიტყვა შეასრულა და სამი გამონაკლისის გარდა, შინაურ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა მედალოსანი იასპარეზებს. იმ სამი გამონაკლისიდანაც ერთი ტრავმამ გამოიწვია - ლომერ ჟორჟოლიანს (100) წელი სტკივა და მის ნაცვლად მალხაზ ნიჟარაძე იჭიდავებს. დანარჩენ ორ შემთხვევაში მწვრთნელმა კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილ პერსპექტიულ ფალავნებს მისცა შანსი - 60-ში პაატა მერებაშვილი ვაჟა მარგველაშვილს ჩაანაცვლებს, 66-ში კი ალექსანდრე იაკობაშვილის ნაცვლად არსენ მაჭარაშვილი გამოვა.
ამათ
რაც შეეხებათ იმ ჩანაცვლებულ ფალავნებს, ისინი, როგორც გუნდის სხვა ლიდერები, რომლებიც ობიექტური მიზეზით ან საერთოდ ვერ გამოვიდნენ ქვეყნის პირველობაში (ამირან პაპინაშვილი (60), ლევან წიკლაური (81)), ან - სამეულში ვერ მოხვდნენ (ვალერი ლიპარტელიანი (90), ზებედა რეხვიაშვილი (73)), მათ შანსი მომდევნო სალიცენზიო შეჯიბრებებში მიეცემათ. თუმცა მარგველაშვილი, შესაძლოა, არც ჩართონ ამ ტურნირებში, რადგან მას წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში უწევს გამოსვლა. ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.
სადღეისოდ გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს თასზე 25 ქვეყანა გვეწვევა: ჰოლანდია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ისრაელი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, კანადა, პორტუგალია, ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ჩერნოგორია, ბელარუსი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუმინეთი და თურქეთი. როგორც ხედავთ, ამჯერად მონაწილეთა შორის არ იქნებიან ძიუდოს სამყაროს აღიარებული ლიდერები - იაპონია და სამხრეთ კორეა. კორეელები ისედაც იშვიათად ჩამოდიოდნენ, იაპონელთა გამოკლება კი დიდი დანაკლისია. მათი სტუმრობა ყოველთვის ალამაზებდა შეჯიბრებას, ახლა კი პეწი უთუოდ დააკლდება.
.
სპორტის სასახლეში შეჯიბრება ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალები კი 17 საათიდან განახლდება. ბილეთი 3 ლარი ეღირება.