აზერბაიჯანის სუსტი დესანტი

AutoSharing Option
თბილისის წლევანდელი მსოფლიოს თასი ძიუდოში წინამორბედებზე შედარებით სუსტი რომ იქნება, უკვე გაცნობეთ. ერთი შეხედვით, მონაწილე ქვეყნების სია შთამბეჭდავი კი გახლავთ, წინასწარი განაცხადით, მონაწილეობა 25-მა ქვეყანამ დაადასტურა, მაგრამ ერთი თვალსაჩინო დანაკლისი აქაცაა - ამჯერად არ ჩამოდის იაპონიის ნაკრები, რაც ნებისმიერი ტურნირისთვის ხარისხის განმსაზღვრელია იმის მიუხედავად, რამდენად ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ მათ.

სამწუხაროდ, გუნდების უმეტესობა უძლიერესებით არ გვესტუმრება ანუ შეჯიბრებაზე ვარსკვლავთა ნაკლებობა იქნება. ცხადია, ჩვენს ფედერაციაში გამოგზავნილ მათ განაცხადებს შემადგენლობებიც თან ერთვის, მაგრამ გამოცდილება გვასწავლის, რომ მონაწილეთა ზუსტი ვინაობა აწონვამდე არ გაირკვევა. ამიტომ
ცალკეულ გუნდებზე ზერელე ლაპარაკი არ ღირს, თუმცა აზერბაიჯანელთა გუნდი კი შეგვიძლია დაზუსუტებით გაცნობოთ, რადგან მათ ოფიციალურად დაასახელეს შემადგენლობა.

სამწუხაროდ, მასში ნაკრების წამყვანი ფალავნები არ არიან. ილგარ მუშკიევი, ვუგარ შირინლი, ასიმ ხალაფოვი, რასიმ ასადულაევი (ყველა - 60), ტარლან კერიმოვი, სარხან ახმედოვი, რუსტამ ორუჯევი, ემილ ჰასანოვი (66), რამილ გასიმოვი, ემილ აჰმედლი, რენატ მირზალიევი, ნადირ ბაბაევი (73), ელხან რაჯაბლი, რუსტამ ალიმლი, სეიმურ რზაზადე, ტურალ შაფგულიევი (81), რამინ გურბანოვი, შაინ გეხრამანოვი, კინიან ნაგიევი (90), შაინ მამედოვი (100) და ემილ ტაიროვი (+100) - ასეთია აგიარ ახუნდზადეს მიერ დასახელებული შემადგენლობა.

ეტყობა, მწვრთნელი ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამედლისა (81) და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ელხან მამადოვს (90) პარიზის "დიდი მუზარადისთვის" ინახავს. მით უფრო, მათ ორი კვირის წინ მშობლიურ ბაქოში მასტერსზე იჭიდავეს. დასახელებულთაგან ყველაზე გამოცდილი 30 წლის რაჯაბლია, თუმცა შარშანს აქეთ მასზე ბევრად წარმატებული სეზონი ახალგაზრდებს - მუშკიევს, შირინლის, კერიმოვს და ახმედოვს ჰქონდათ. დანარჩენთაგან გამოვარჩევთ ორ საკადრო გადაადგილებას - გასიმოვს ამჯერად 73-ში აუნაცვლებია, უნივერსიადის ჩემპიონი გურბანოვი კი ადრე 81-ში ჭიდაობდა.

ასეთ პირობებში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ისევ მასპინძლებს ეყოლებათ, თუმცა თბილისის ტურნირი ჩინმაღალი სტუმრებით მაინც დატვირთული იქნება. როგორც ადრე გაცნობეთ, შეჯიბრებაზე დასასწრებად ჩამოდიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი და ასევე საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ესპანელი ხუან ბარკოსი. ვიზერის ვიზიტი ფრიად დატვირთული იქნება საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრებით და კულტურული პროგრამით, დაგეგმილია რამდენიმე ხელმოწერაც, თუმცა ეს დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია. რაც მთავარია, ეს იქნება ერთგვარი უვერტიურა ლონდონის ოლიმპიადის წინ და თან სტუმრები იქნებიან სპორტიდან ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურისა და მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ნესტორ ხერგიანის გაცილების საზეიმო ცერემონიალის საპატიო მონაწილენი.

ვიზერი წლეულს უკვე იმყოფებოდა კავკასიაში - ბაქოს აღნიშნულ მასტერსზე, ამ დღეებში კი საფრანგეთს სტუმრობს, თუმცა საკუთრივ ფედერაციის შიგნით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე სათათბიროდაც იცლის. ახლახან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აბუ დაბისა და როტერდამის "დიდ პრიზებს" ვადები შეუცვალა - არაბული შეჯიბრება 14-16 ოქტომბერს ჩატარდება, ჰოლანდიური - 25-27 ნოემბერს. ვიზერის სამწყსომ 6-8 მაისს გასამართ ტუნისის "დიდ პრიზზეც" იმსჯელა, ოღონდ, წინამორბედთაგან განსხვავებით, ამჯერად ლაპარაკია არა მისთვის თარიღის შეცვლაზე, არამედ სულაც სხვა ქვეყანაში გადატანაზე, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მოგეხსენებათ, ტუნისში სადღეისოდ მწვავე პოლიტიკური კრიზისია - ქვეყნის პრეზიდენტი ბენ ალი უცხოეთში გაიქცა, ქვეყანაში კი კვლავაც გრძელდება მასობრივი არეულობები. თუ მაისამდე ვითარება არ დაწყნარდა, მაშინ შეჯიბრებას სხვაგან გადაიტანენ, მაგრამ, ვიმედოვნებთ, საქმე აქამდე არ მივა და ტუნისსაც ეღირსება სიმშვიდე.

დასასრულს, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, ამჯერად ფრანგთა ბანაკიდან. მათ დაასახელეს მშობლიურ "დიდ მუზარადზე" გასაყვანი ქალთა და ვაჟთა გუნდები, თუმცა ჯერ მხოლოდ არასრულად, რადგან ჩვენი და სოფიის (ის თბილისურის პარალელურად ტარდება ქალებში) მსოფლიოს თასების დამთავრებას ელოდებიან. მათი ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ისევ გამოჩნდა მძიმეწონოსანი კეტი მატე, რომელმაც მარიახუანას მოხმარებისთვის მისჯილი ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (RADA) ნარკოტიკის კვალი მას ორი წლის წინ, 2008 წელს ტოკიოში გამართული მსოფლიოს გუნდური პირველობის დამთავრების შემდეგ (შეგახსენებთ - მაშინ ვაჟთა შეჯიბრება ჩვენმა ნაკრებმა მოიგო) აღმოუჩინა და დისკვალიფიკაციითაც მაშინ დასაჯა. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი მატე იმხანად მხოლოდ 20 წლის გოგო იყო, ეს მისთვის უკვე მეორე დოპინგ-სკანდალი გახლდათ - პირველად ჭაბუკთა ასაკში ჭიდაობისას დასაჯეს. ძაღლის კუდი გასწორდა თუ არა ანუ მატე შეეშვა თუ არა მარიხუანას და დოპინგს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ვერ იჭიდავებს, ეს კი ცნობილია - RADA ასე ორგზის დისკვალიფიცირებულებს იქ გამოსვლას უკრძალავს.

სამაგიეროდ, მატეს ჩინებული შანსი ეძლევა, იბრძოლოს აგვისტოში პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. ალბათ, ამას კიდეც მოახერხებს, რადგან მოგეხსენებათ, უკვე ევროპა-მსოფლიოზე წონაში ქვეყნიდან ორ-ორი მონაწილის დაყენება შეიძლება, ფრანგებს კი მძიმე წონაში მსოფლიოსა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან სელინ ლებრუნის გარდა, სხვა ძლიერი ათლეტი არც ჰყავთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული