ჩვენები იქ შესუსტებული შემადგენლობით იჭიდავებენ - მძიმეწონოსანი მსოფლიოს პრიზიორი და ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი წონას იკლებს და არაბეთში რომ არ მიდიოდა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ადრევე განაცხადა.
საეჭვო იყო ევროპის სამზგის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) წასვლაც, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნატკენი ფეხი ჯერაც სტკივა და ბოლო დღეებში ამ
უზნაძეს მათ ნაცვლად სხვები არ მიჰყავს და აბუ დაბიში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ალექსანდრე მსხალაძე (100) და ლევან მატიაშვილი (+100).
როგორც ვხედავთ, მონაწილე არ გვეყოლება 90 კილოგრამში - ვალერი ლიპარტელიანმა ახლახან პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავა, თუმცა აბუ დაბიში მისი წასვლა არც ადრე იგეგმებოდა, ბექა ღვინიაშვილმა კი იქ ახლახან მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა.
არაბეთში ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას 66 და 100 კილოგრამები იპყრობს, სადაც ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ცხარე ბრძოლაში ვართ ჩაბმულები. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრებაა და ქულებიც ბლომად გაიცემა. იქ წარმატების მოპოვებას სალიცენზიო რეიტინგში გვარიანი ხეირის მოტანა შეუძლია.
აბუ დაბის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს ჩვენები ჩინურ ქინგდაოსა და კორეულ ჯეჯუშიც გამოვლენ "დიდი პრიზის" შეჯიბრებებში, თუმცა რა შემადგენლობით ვიჭიდავებთ იქ, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მარგველაშვილი და მსხალაძე ნამდვილად წავლენ, რადგან ჩვენგან ყველაზე უკეთესი სარეიტინგო პოზიცია მათ აქვთ; აი, დანარჩენების საკითხი კი აბუ დაბის ტურნირის შემდეგ გადაწყდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 12-13 ნოემბერს ჩვენებს საქართველოს ჩემპიონატიც ელოდებათ, ხოლო დეკემბრის დასაწყისში ტოკიოშიც იჭიდავებენ ძიგორო კანოს მემორიალზე.
ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია გურამ თუშიშვილის საკითხიც - ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი 100 კილოგრამში სალიცენზიო ტურნირების მონაწილედ განიხილებოდა, მაგრამ ტრავმების შემდეგ სპორტში დაბრუნებულს ჯერ წონას არ აკლებინებენ და მძიმეში აჭიდავებენ. თუ ის უმტკივნეულოდ დაიკლებს 100-ში, მაშინ, სავარაუდოდ, აჭიდავებენ ზემოჩამოთვლილ შეჯიბრებებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"