საქართველოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ირაკლი უზნაძემ იქ 10 სპორტსმენი წაიყვანა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
როგორც ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, გუნდი მშვიდობიანად ჩაფრინდა ტოკიოში, დაბინავდა კიდეც და ვარჯიშებსაც შეუდგა. ნაკრების ხელმძღვანელობა კმაყოფილია მასპინძელთა მიერ დახვედრებული საყოფაცხოვრებო თუ საწვრთნელი პირობებით.
ჩვენი ნაკრები ტოკაიში 22
ამ შეკრებებს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადი" მოჰყვება 5-6 დეკემბერს, სადაც ზემოჩამოთვლილი ფალავნებიც მიიღებენ მონაწილეობას, მერე კი სამი დღით იქვე დარჩებიან ტრადიციულ ერთობლივ ვარჯიშებზე. ისინი სამშობლოში 11 დეკემბერს დაბრუნდებიან და თბილისში ივარჯიშებენ, ვიდრე 10 იანვრიდან ბაკურიანში არ დაიწყებენ საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ საბაზო შეკრებას.
როგორც ზემოჩამოთვლილ სიაშიც ჩანს, მწვრთნელმა ამჯერად გვერდი აუარა ორ წონას - 66-სა და 100-ს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ წონებში ჯერ ისევ ოლიმპიადის საგზურების ძიებაში ვართ და მათი ლიდერები დღეს ჩინეთში გაფრინდებიან, სადაც 20-22 ნოემბერს ქალაქ ქინგდაოში "დიდ პრიზზე" იასპარეზებენ. იქ ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე - 66), გურამ თუშიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე (100) იჭიდავებენ.
ტურნირის დამთავრებისთანავე მარგველაშვილი, მსხალაძე და თუშიშვილი ჩინეთიდან კორეაში გადავლენ, სადაც ქალაქ ჯეჯუში ერთი კვირის თავზე იმავე რანგის შეჯიბრებაში გამოვლენ, ხოლო გაჰყვება თუ ვერა ამ ტრიოს თათარაშვილიც, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იჭიდავებს ჩინეთში.
ჩინეთ-კორეაში ჩვენი ქალებიც გამოვლენ - მარიამ ჯანაშვილი (52), ვინც პირველად ებმება სალიცენზიო ტურნირებში, ანუ იწყებს ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლას, და ესტერ სტამი, რომელიც უკვე ხვდება სალიცენზიო ზონაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"