ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი

AutoSharing Option
დღეს, 20 ნოემბერს, ჩინურ ჩინდაოში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც ჩვენი 6 წარმომადგენელი გამოვა - 4 ვაჟი და 2 ქალი: ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე - 66), გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100), მარიამ ჯანაშვილი (52), ესტერ სტამი (70).

აღსანიშნავია, რომ ქალებში პირველად გვეყოლება ორი მონაწილე სალიცენზიო ტურნირზე. ჯანაშვილი სულაც პირველად ებმება ამ რანგის საშეჯიბრებო მარათონში, ანუ იწყებს რიო დე ჟანეიროს ლიცენზიისთვის ბრძოლას.

დღეს ჩინეთში ჩვენებიდან 66-ის ვაჟები და ჯანაშვილი იჭიდავებენ, შაბათს მხოლოდ სტამი გვეყოლება საქომაგო, 100-იანები კი კვირას
იასპარეზებენ.

* * *
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებს წილისყრამ დიდად გაუმართლა, თუმცა მარგველაშვილი შედარებით გამონაკლისია: პირველ წრეში სულაიმან ჰამადს ხვდება საუდის არაბეთიდან, მეორე წრეში გასვლისას კი ტაივანელ ცია ჰუნ ცინსა და პორტუგალიელ ანდრე სოარესს შორის მოგებული ელოდება. ოღონდ ჯგუფში სოლიდური მონღოლიც ჰყავს - აზიის ორგზის ჩემპიონი და წლევანდელი მესამეპრიზიორი ტუმურკულეგ დავაადორჯი, ვისაც მხოლოდ მეოთხედფინალში თუ შეხვდება.

შედარებით ძნელი ბადე ერგო თათარაშვილს - პირველ წრეში ჩინელ დაგა ჩინს კი ხვდება და, სავარაუდოდ, არც უნდა გაუჭირდეს მასთან მოგება (თუმცა ჩინელებმაც რომ საგრძნობლად მოუმატეს კორეელი მწვრთნელის ხელში, ესეც ფაქტია), მაგრამ მომდევნო წრეში უფრო ძლიერები ელოდებიან - გერმანელ რენე შნაიდერსა და ებრაელ ტალ ფლიკერს შორის გამარჯვებული, ესენი კი ბევრად აღემატებიან ჩინელს. მეოთხედფინალში ბადის ამ მხრიდან გასულთან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ნიჯატ შიხალიზადა, ძლიერი ყაზახი სერგეი ლიმი ან მონღოლი ბატგერელ ბატცეცეგი შეიძლება გამოვიდნენ.

არ გაუმართლა თუშიშვილს, ვინც აზერბაიჯანელთა გარემოცვაში მოხვდა. პირველ წრეში ჩინელ იუნ ჭანს დაეჭიდება, მერე კი იაპონელ რიუტარო გოტოსა და აზერბაიჯანელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ელმარ გასიმოვს შორის მოგებულს შეხვდება. ჯგუფის ქვედა მხარეს არიან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი, 23 და 20-წლიანებში ევროპის იტალიელი ჩემპიონი დომენიკო დე გუიდა და სამხრეთკორეელი მინ-ჰო ჰვანგი, თუმცა ჩვენებური მათ მეოთხედფინალამდე არ ხვდება. ამათგან თუშიშვილს დადებითი ბალანსი მხოლოდ გასიმოვთან აქვს - შარშან მოუგო თბილისის ტურნირზე. მამადოვთან შარშანვე წააგო ევროპის ჩემპიონატზე მონპელიეში, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ გოტოსთან და დე გიუდასთან კი ახალგაზრდულ ნაკრებში წააგო: იაპონელთან შარშან დათმო მსოფლიოს პირველობის მეოთხედფინალი, ხოლო იტალიელთან - იმავე რანგის შეჯიბრებაზე 2011 წელს დამარცხდა. კორეელს ჩვენი ფალავანი არ შეხვედრია.

დამაფიქრებელია თუშიშვილის მომზადება, სპორტული ფორმა - ამ ტურნირისთვის საკმაოდ ბევრი, 10 კილოგრამზე მეტიც დაიკლო და საკითხავია, რამდენად შეძლებს თავისი შესაძლებლობების გამოვლენას. არადა, ლიცენზია ყველაზე მეტად ამ წონაში გვიჭირს - რეგიონულ კვოტაშიც ვერ ვხვდებით, თუშიშვილი კი, პრაქტიკულად, ახლა იწყებს რეიტინგის დაგროვებას - ამჟამად საერთაშორისო სიაში 62 ქულით 106-ეა.

მსხალაძე პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი დანიელ ფრედერიკ იორგენსენს შეხვდება, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი - იაპონელ კაიჰან ტაკაგისა და უკრაინელ არტემ ბლოშენკოს შორის უძლიერესს. ამ ჯგუფშია გერმანელთა მსოფლიოს წლევანდელი ფინალისტი კარლ-რიჰარდ ფრეი, ვისაც მეოთხედფინალში თუ შეხვდება.

წილისყრამ არც ჯანაშვილს გაუმართლა, ვინც ტურნირში პირველივე წრიდან ჩაერთვება ტაივანელ ჩინ-ინ ჩენთან შეხვედრით. ამათში გამარჯვებულს მეორე წრეში უკვე ელოდება იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი იუკა ნიშიდა... ამავე ჯგუფშია ჩინელთა აზიის ჩემპიონი იინან მა.

სტამს შედარებით გაუმართლა, ვისაც ერთი მოგებაც ჰყოფნის მეოთხედფინალში გასასვლელად - საამისოდ ბრიტანელი მეგან ფლეტჩერი უნდა დაამარცხოს. სამაგიეროდ, იმ მხარეს ტაშკენტის "დიდი პრიზის" წლევანდელი გამარჯვებული, კორეელი მსოფლიოს მესამეპრიზიორი სეონიეონ კიმია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული