ევროპის ღია თასი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი პაპუნაშვილი სოფიაში ჩემპიონი გახდა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა გამოსვლა სოფიაში, "ევროპის ღია თასზე". ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი (81) გახდა, მეორეზე გიორგი კაციაშვილი (73) გავიდა, მესამეზე - ლაშა ტაველური (100).

მეხუთე ადგილზე გელა კელიხაშვილი, ბექა შავდათუაშვილი (ორივე - 66) და გიორგი ლაზუაშვილი (+100) გავიდნენ, მეშვიდეზე - ლაშა გიუნაშვილი, მინდია ლილუაშვილი (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი (73) და თორნიკე ჯუღელი (90).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზეა, მხოლოდ ვაჟებში - მეორეზე, ბელორუსთა შემდეგ.

24 წლის
პაპუნაშვილი შარშან ამავე ტურნირზე მესამე იყო, ამჯერად კი პირველად მოიგო ასეთი რანგის შეჯიბრება. თავიდან მან დანიელი სებასტიან ლაურსენი დააიპონა, რუს ასლან ლაპინაგოვს კი ვაზარით მოუგო. ვაზარით აუღო რუმინელ კრისტიან ბოდირლაუსაც, ვისაც შარშან ბულგარეთში ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო. ამჯერად თავადაც დაკარგა ვაზარი, თუმცა ორი იუკოც აუღო. ნახევარფინალში ჩვენებურმა საკმაოდ გამოცდილი ჰოლანდიელი ნაელ ვან დე კამერი დააიპონა, ფინალში კი ვაზარით მოუგო გერმანელ დომინიკ რასელს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

19 წლის კაციაშვილმა უფროსებში პირველი მედალი მოიპოვა. ზოგადად, სოფიაში მისი გამოსვლა მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ხარისხობრივადაც საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ნახევარფინალში გაიმარჯვა ამ ტურნირის შარშანდელ მომგებთან, ჰოლანდიელ სამ ვან ტ ვესტენდესთან - 20 წამში საიპონედ გადაჩეხა. მეორე წრეში მან უკრაინის სახელით მოჭიდავე ნიკო საჯაია დაამარცხა, ვისაც 2 იუკო და 1 ვაზარი აართვა, მესამეში კი ჰოლანდიელზე არანაკლებ ძლიერი ბელორუსი ვადიმ შოკა დაჯაბნა ვაზარით. მეოთხედფინალში უნგრელი ფრიგეს საბო ვაზარის შემდეგ გაფრთხილებებით მოახსნევინა და ფინალშიც ასეთივე უპირატესობით უგებდა რუსთა ახალგაზრდა ტალანტ საიან ონდარს, თუმცა შეცდა და წმინდად წააგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ნახევარფინალში გავიდა 21 წლის ტაველურიც, ვინც ასევე საკმაოდ დამაიმედებლად იჭიდავა და მეორედ მოიპოვა მედალი ამ რანგის შეჯიბრებაზე, მეორედაც ბრინჯაო. წინასწარ შეხვედრებში მან სამი სეხვედრა მოიგო იპონით. აქედან ორი აფრიკელებთან - ანგოლელ კასიმირო ბენტოსთან და ალჟირელ ლიე ბუიაკუბთან, ამათ კი იტალიელი ვინჩენცო დ არკოც ზედ მიაყოლა. ნახევარფინალში ტაველურიც იპონით დამარცხდა ბრაზილიელ მსოფლიოს ექსჩემპიონ ლუსიანო კორეასთან, ვინც სოფიაში ფინალში გავიდა, ქვეჯგუფში კი ალექსანდრე ზაალიშვილი იუკოთი დაგვიმარცხა. არადა, ქართველი თითქოს ურიგოდ არ ეჭიდავებოდა მრავალნაცად ბრაზილიელს და ორჯერაც გააფრთხილებინა, მაგრამ მეტოქემ გამოცდილებით აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ტაველურმა ბრიტანელი ფილიპ ავიტალკარაზი დააიპონა, რითაც რევანში აიღო ლაშა გურულის მარცხისთვის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენები თითქოს კარგად მიდიოდნენ 66 კილოგრამში, სადაც ოთხივე მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ ყველა დამარცხდა.

დამამშვიდებელში ბექა შავდათუაშვილმა გაფრთხილებებით აჯობა ლილუაშვილს. შავდათუაშვილმა წინასწარებში სამივე პაექრობა იპონით მოიგო, მაგრამ ბელორუსებთან ვერაფერს გახდა - ჯერ მომავალ ჩემპიონ დზმიტრი შერშანთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი დმიტრი მინკოუსთან დათმო. დამამშვიდებელში მეორე ქართული წყვილი კელიხაშვილი-გიუნაშვილმა შეადგინა, სადაც გიუნაშვილი გაფრთხილებებით მოხსნეს, კელიხაშვილი კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილკინ ბაბაზადასთან დამარცხდა.

თითქოს ურიგოდ არც გიგანი ჭიდაობდა, მაგრამ ვერ გაუძლო ბოლომდე - წინასწარებში სამი შეხვედრა მოიგო, თან წმინდად დაჯაბნა ძლიერი უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა, თუმცა მეოთხედფინალში ზემოხსენებულ ონდართან დამარცხდა და ვერც ბრინჯაოსთვის პაექრობაში აჯობა ებრაელ ტოჰარ ბუტბულს.

90 კილოგრამში კარგად ჩაება ჯუღელიც, ვინც ლიტველ კაროლის ბაუზასაც აჯობა, ვისზეც ვალერი ლიპარტელიანიც კი ამბობს, რომ მისთვის უხერხული მეტოქეა საჭიდაო სტილის გამო, ჯუღელმა კი ჩავლებებით დაჯაბნა და ორჯერ გააფრთხილებინა. ის აზერბაიჯანელ ტურალ შაფგულიევსაც უგებდა იუკოს, მაგრამ ჩახტომით კისრულს წამოეგო, რამაც ბულგარელ ბორის გოიგერეევთან მოუტანა წარმატება.

ამავე წონაში თავიდან პაატა ღვინიაშვილიც კარგად ჩაება და მძიმე წონაში ლაზუაშვილსაც არ უჭიდავია ურიგოდ.

სამწუხაროდ, ვერც ჩვენმა ქალებმა გაგვახარეს - მარიამ ჯანაშვილი (52), ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78) პირველივე წრეში დამარცხდნენ, სალომე აბაშიძემ (57) კი ერთი შეხვედრა მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული