რეიტინგი: სასწაული უნდა მოხდეს, რიოში სრული გუნდით რომ ვერ წავიდეთ

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ძიუდოისტთა ახალი რეიტინგი, რომელშიც ჩვენთვის სასიკეთო სიახლეებია, რადგან აქამდე "აქილევსის ქუსლად" ქცეულ ორ წონაში - 66-სა და 100-ში სერიოზული წინსვლა გვაქვს.

რაც მთავარია, ამ წონებში უკვე შევედით სალიცენზიო ზონაში და სასწაული უნდა მოხდეს, რიო დე ჟანეიროში სრული გუნდით რომ ვერ წავიდეთ. ამასთან, რეიტინგში რამდენიმე წონაში ისევ ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს.

უმეტეს წონებში ისევ შევდივართ განთესილ რვა კაცში და ახლა მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რაც შეიძლება წინ წავიწიოთ, რომ ოლიმპიადაზე მაქსიმალურად კარგი განთესვა შეგვხვდეს და ძლიერ კონკურენტებს გვიან ეტაპებზე შევხვდეთ. მართალია,
სულ მალე - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში გაიმართება, რეიტინგში სერიოზული ცვლილება მოხდება, მაგრამ, იმედია, იქ ჩვენები წარმატებით გამოვლენ და ეს ცვლილება არათუ დააზარალებთ, პირიქით - უფრო დაწინაურდებიან.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ცალკეა საერთაშორისო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ხდება განთესვა შეჯიბრებებზე. იქ ჩათვლაში შედის მხოლოდ ბოლო ორი წლის შედეგები, თუმცა ამათგანაც ბოლო ერთი წლისა სრულად იანგარიშება, იმის წინა კი - განახევრებულად. რაც შეეხება ორ წელზე უფრო ადრინდელ ქულებს, ისინი საერთოდ ნულდება.

ცალკეა უშუალოდ სალიცენზიო რეიტინგი, რომელშიც შედის 5-5 საუკეთესო შედეგი მთლიანი თუ განახევრებული შედეგებიდან, რასაც ემატება მეექვსე, ექსტრაშედეგი.

60 კგ
ვეროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი საერთაშორისო რეიტინგში მეექვსეა 1728 ქულით, ოლიმპიურში კი მეხუთეა 1468-ით. მას ევროპის ჩემპიონატზეც კარგი განთესვა შეხვდება, რადგან რეიტინგში მსოლოდ აზერბაიჯანელი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ორხან საფაროვი უსწრებს.

პაპინაშვილს მალე - აზერბაიჯანის "დიდი მუზარადის" შემდეგ, 50 ქულა დააკლდება, თუმცა ეს დიდად არ დააზარალებს.

ამ წონაში ასეულში ჩვენგან მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი შედის - 517 ქულით 38-ე ადგილზეა.

1. ვონ ჯინ კიმი (კორეა) - 2330 ქულა
2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 2048
3. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი) - 1843
4. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 1771
5. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 1742
6. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 1728
38. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 517

66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი ბოლოდროინდელი წარმატებებით მე-19 ადგილამდე აღზევდა 810 ქულით, ოლიმპიურ ჩათვლაში კი მე-11-ეა.

მისი მდგომარეობა სახარბიელო იმითაცაა, რომ ქულების განულება-განახევრება ბევრს ვერაფერს დააკლებს. მას უკვე შეუძლია, განთესვის 8-კაციან ზონაში შესვლაზეც იფიქროს.

ლიდერის გარდა, ასეულში აქაც მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს - თორნიკე თათარაშვილი 143 ქულით 89-ეა.

1. ბაულ ანი (კორეა) - 2450
2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 2434
3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 2034
4. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 2011
5. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია) - 1890
19. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 810.
89. თორნიკე თათარაშვილი - 143

73 კგ
ზედიზედ მესამე წონა, რომელსაც კორეელი ლიდერობს, თუმცა ჩვენთვისაც სახარბიელო მდგომარეობაა - სალიცენზიო ზონაში 2 კაცი გვყავს.

ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი საერთაშორისო რეიტინგში 1822 ქულით მეოთხეა, სალიცენზიოში კი 1400-ით - მეხუთე.

ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზე 1126 ქულაა, რაც მე-12 ადგილს შეესაბამება, სალიცენზიოში კი მე-9 ადგილზეა. უახლოეს პერიოდში ჩვენებს უმნიშვნელო ქულები დააკლდებათ.

სამწუხაროდ, აქ ქართველთაგან 100-ეულში ვერავინ შედის. ზებედა რეხვიაშვილი 93 ქულით 113-ეა, თბილისის ტურნირის მესამეპრიზიორმა ფრიდონ გიგანმა 74 ქულა დააგროვა და 128-ეა.

1. ჩანგრიმ ანი (კორეა) - 2718
2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 2352
3. საგი მუკი (ისრაელი) - 1928
4. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1822
5. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია) - 1750
12. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 1126

81 კგ
ესაა ერთადერთი წონა, სადაც ვლიდერობთ - ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ ადგილზეა 2850 ქულით. ეგ კი არა, მას ბოლო პერიოდში გადაუსწრო ფრანგთა დაუმარცხებელმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა ტედი რინერიმ, თორემ კარგა ხანს ვაჟთა ყველა წონის მიხედვით საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

6 ივნისისთვის მას ორი წლის წინ ჰავანაში მოპოვებული 300 ქულა საბოლოოდ გაუნულდება, თუმცა მდევრებისთვის კვლავაც კარგა ხანს იქნება მიუწვდომელი. თან მანამ ევროპის ჩემპიონატზეც თუ გამოვა, ქულათა მარაგის შევსებაც შეუძლია.

ჭრიკიშვილი სალიცენზიო ჩათვლაშიც პირველია, სადაც მის ანგარიშზე 2310 ქულაა. ჯერჯერობით არსებული მოცემულობით, ამ განლაგებით მას ოლიმპიადაზე ფინალამდე არ ხვდება იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და, იმედია, იქამდე არც არაფერი შეიცვლება.

სალიცენზიო ზონაში უშანგი მარგიანიც შედის, რომელიც 926 ქულით მე-19 ადგილზეა. ამ წონის ასეულში ბლომად ხალხი გვყავს - კიდევ სამი ჩვენებური შედის: გიორგი პაპუნაშვილი 282 ქულით 65-ეა, ზებედა რეხვიაშვილი 190-ით - მე-80, ლევან გუგავა კი თბილისში ვერცხლის მოპოვებით 82-ე ადგილამდე აღზევდა - 182 ქულა.

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 2850
2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) - 2141
3. ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) - 2140
4. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) - 1688
5. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) - 1452
19. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 926
65. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 282
80. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 190
82. ლევან გუგავა (საქართველო) - 182

90 კგ
აქაც კორეელი ლიდერობს, ანუ საწყისი ხუთი წონიდან მათ ჰეგემონიას მხოლოდ საქართველო არღვევს, ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი კი 2112 ქულით მეორეა.

ივნისამდე არც მას დააკლდება არაფერი, თუმცა მანამ ევროპის ჩემპიონატია. სალიცენზიო სიაში მას კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი დონ ჰან გვაკი, უნგრელი კრისტიან ტოტი და იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი მაშუ ბაკერი უსწრებენ.

ლიპარტელიანის გარდა, ასეულში მხოლოდ ბექა ღვინიაშვილი შედის - მე-7 ადგილი, თუმცა ის უკვე გადავიდა 100 კილოგრამში.

1. დონ ჰან გვაკი (კორეა) - 2620
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2112
3. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 2072
4. მაშუ ბაკერი (იაპონია) - 2046
5. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 2014

100 კგ
ბექა ღვინიაშვილს ახალ წონაში სალიცენზიო რეიტინგში შესასვლელად სულ შვიდი ტურნირი ეყო - 720 ქულით 29-ეა, თუმცა მის წინ ერთი ქვეყნის რამდენიმე ფალავანია, რეიტინგში კი მხოლოდ თითო რჩება.

სალიცენზიო სიაში ის მე-19 ადგილზეა და ლიცენზია განაღდებული არ აქვს, თუმცა მისი შესაძლებლობების პატრონმა, არც უნდა დაკარგოს. თან ოლიმპიადამდე ქულები არ დააკლდება.

აქაც ლიცენზიისთვის მებრძოლი რამდენიმე მონაწილე გვყავს: ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, ლაშა ტაველური და გურამ თუშიშვილი. ამათგან ლიცენზიის მოპოვების თეორიული შანსი მსხალაძესაც აქვს, თუმცა ახლა ყურადღების ცენტრში ღვინიაშვილია.

1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) - 2328
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2134
3. კარლ რიხარდ ფრეი (გერმანია) - 2024
4. სირილ მარე (საფრანგეთი) - 2004
5. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია) - 1920
29. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 720
41. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო) - 402
65. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 167
71. ლაშა ტაველური (საქართველო) - 156
80. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო) - 108

+100 კგ
ესაა ერთადერთი წონა, სადაც განთესილთა შორის ფალავანი არ გვყავს, თუმცა სალიცენზიო ზონაში ორი ქართველი შედის: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი 1420 ქულით მე-10 ადგილზეა, ლევან მატიაშვილი კი 1310-ით მე-13-ეა. ამათგან მატიაშვილს დააკლდება ცოტა ქულები, თუმცა რეიტინგში დიდად არ დაიხევს უკან.

სალიცენზიო რეიტინგში ოქრუაშვილი მე-11 ადგილზეა, მატიაშვილი - მე-13-ეზე.

1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 3300
2. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) - 2300
3. რიუ სიჩინოიე (იაპონია) - 1790
4. ბარნა ბორი (უნგრეთი) - 1785
5. როი მეიერი (ჰოლანდია) - 1752
10. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1420
13. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1310
56. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 194

ქალთა რეიტინგი
ქალთა შორის, სარეიტინგო თვალსაზრისით, სულ ორი მონაწილე გვყავს - ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52) და ასევე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ესტერ სტამი (70).

დღევანდელი მონაცემებით, ამათგან მედლის მოპოვების უფრო რეალური შანსი სტამს აქვს, რომელიც რეგიონულ კვოტაში ხვდება, საერთაშორისო რეიტინგში კი 718 ქულით 26-ეა.

ჯანაშვილმა ქულების დაგროვება, ძირითადად, თბილისის ტურნირზე მეხუთე ადგილზე გასვლით დაიწყო და დღეისათვის 62-ით 88-ეა. მას შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე შეივსოს მარაგი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
73 კილო ბრუტალური სიძლიერისაა. აქ ნებისმიერი მედალი გმირობა იქნება ჩვენებისგან. მძიმეში მემგონი წინასწარ იცის ყველამ რაც იქნება. რინერი-ჰარასავა იქნება ფინალი 99%. ამიტომ რეალურად ორ წონაში გვაქვს შანსი. ავთო მემგონი ფინალამდე არ უნდა შეხვდეს ნაგასეს და ლიპომ ეს თავისი სტაბილურობა ბოლოსდაბოლოს უნდა დააგვირგვინოს ოქროთი. გვაკი და დენისოვი მაფიქრებენ ცოტა...
fraternity
12:58 14-04-2016
0
ღმერრთმა ქნას თქვენიო სიტყვები ახდეს,მაგრამ არც სხვები ჩამოდიან წასაგებად
და რეალისტურად უნდა ვუყუროთ

ლერიკო
10:14 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული