ალმათის გრან პრი: ვინ მიუახლოვდა ოლიმპიადას? [VIDEO]

AutoSharing Option
ალმათიში დასრულებულ ძიუდოისტთა "დიდ პრიზზე" ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და ამდენივე ბრინჯაო. ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (73) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გახდნენ, მესამეზე კი ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100) გავიდნენ.

ჩვენებმა გაიმარჯვეს გუნდურ ჩათვლაშიც ვაჟთა შორის, საერთოში კი მეორეზე გავიდნენ, მხოლოდ ფრანგებს ჩამორჩნენ.

როგორც ვხედავთ, მედლები მხოლოდ ორ წონაში მოვიპოვეთ, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო - მხოლოდ აქ გვყავდა ლიდერები. ზოგადად, ჩვენთვის ყველაზე მეტ ინტერესს სწორედ ეს წონები იწვევდა, რადგან აქ შიდა კონკურენციაა გადასაწყვეტი. ყაზახეთში
მოულოდნელი არაფერი მომხდარა - მთავარ კითხვას მეტ-ნაკლებად გაეცა პასუხი, ლიდერთა იქით კი ისევ ის წყვდიადი და უპერსპექტივობა დავინახეთ, როგორიც წინა შეჯიბრებაზე ვიხილეთ ბაქოში.

სამწუხაროდ, სათადარიგოებმა ვერც აქ გაგვიმართლეს იმედები და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერაფერი დაგვანახვა დასამშვიდებელი.

თუმცა, ჭიდაობის ხარისხიდან გამომდინარე, თვით ამ ორ წარმატებულ წონაშიც კი დიამეტრულად განსხვავებული სურათია: 73-ში შეგვიძლია თავის დამშვიდება, მძიმეში კი კვლავაც ბევრად მეტია საჭირო.

შავდათუაშვილი თუ ტატალაშვილი
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზედიზედ მეორე ტურნირია, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ისევ აჯობა ტატალაშვილს. ამჯერად ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა შედეგით გაუსწრო, ხოლო ოქროს მოპოვებით რეიტინგშიც ლამის წამოეწია.

ოლიმპიური ჩემპიონის სასარგებლოდ ის ფაქტიცაა, რომ ფინალში ძალიან იოლად, მტკივნეულით მოუგო ჩეხ იარომირ იეზეკს, ვინც ნახევარფინალში კიდევ უფრო თავისუფლად მოუგო ტატალაშვილს. ჩვენებურმა მასთან ვერაფერი გააწყო და სამივე სინჯის გდება გაუშვა, შავდათუაშვილმა კი დამაჯერებელი რევანში აუღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შესაძლოა, სწორედ ამ შიდა კონკურენციის გამო ალმათიში ორივეს თითქოს აკლდა აღმაფრენა, შედარებით ინერტულად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით - ტატალაშვილი, თორემ შავდათუაშვილმა ხარისხობრივად უკეთ იჭიდავა. ეს დაძაბულობა არცაა გასაკვირი, რადგან ისინი მეგობრები არიან - ერთ ქალაქში, ერთ დარბაზში, ერთ მწვრთნელთან ვარჯიშობენ და ბავშვობიდან მეგობრობენ.

შავდათუაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა როგორც ილეთის გრძნობის უნარი, ასევე - ბუნებრივი ტალანტი და წინასწარ შეხვედრებში ძალიან თავისუფლად მოუგო ბერძენ გეორგიოს აზოიდისს, ჩინელ შუაი სუნსა და უზბეკ გიოსჯონ ბობოევს. არადა, ეს უზბეკი წინა კვირას ბაქოში "დიდი მუზარადის" ფინალშიც კი გავიდა, მაგრამ ჩვენებურმა პირწმინდად დაჩაგრა - ვაზარ-იუკოც აართვა და გაფრთხილებებიც მიაღებინა. წინა ორი მეტოქე შავდათუაშვილმა დააიპონა, ნახევარფინალში კი თვით მონღოლებს ჩაუტარა ტაქტიკური ჭიდაობის გაკვეთილი, როცა მათსავე ჯაჯგურა სტილში გაფრთხილებებით მოუგო იქაურთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ ნიამ-ოშირ საინჯარგალს.

ნახევარფინალამდე ურიგოდ არც ტატალაშვილი ჭიდაობდა, თუმცა დაძაბულობა მას მეტად ეტყობოდა, ადრე უფრო სხვა განწყობა ეწერა ხოლმე სახეზე. ამის მიუხედავად, უკრაინელ სერგეი დრებოტსა და მასპინძელ დიდარ ხამზას ვაზარებით მოუგო, ესპანელი კიოში უემაცუ კი გაფრთხილებით გააგდო. ნახევარფინალში რამ შებოჭა იმგვარად იეზეკთან, რომ ილეთის ერთი მცდელობაც არ ჰქონდა, ვერ გეტყვით, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი იუკოთი დაამარცხა ფრანგი ევროპის პრიზიორი პიერ დუპრატი.

ტატალაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზეა, შავდათუაშვილმა კი მეხუთემდე აინაცვლა, ანუ ამ ტურნირმა კონკურენცია კიდევ უფრო ჩახლართა. ევროპირველობის მსგავსად, შავდათუაშვილმა აქაც დაამტკიცა, რომ ბოლომდე "ჩაჯდა" ამ წონის სტანდარტებში, ადაპტაცია საბოლოოდ დაასრულა და მზადაა წონის ლიდერებთან ტოლ-სწორად საპაექროდ; ტატალაშვილი კი, რომელმაც ბოლო ორ სეზონში მართლაც დიდი პროგრესი განიცადა და შეუდარებლად ძლიერ ფალავნად მოგვევლინა, საფინალო სპურტის და კიდევ უფრო მომატების ნაცვლად მაინცდამაინც ახლა, დასკვნით ეტაპზე "დადგა".

ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პირდაპირი რეპორტაჟის წამყვანმა, ქართველთა დიდმა მოყვარულმა ბრიტანელმა შელდონ ბრუქს-როუქსმა. ჯერ კიდევ წინასწარი შეხვედრების მიმდინარეობისას, როცა არავინ იცოდა, ვინ რომელ ადგილზე გავიდოდა, თანაწამყვან ნილ ადამსთან საუბარში თქვა, მე ვემხრობი ოლიმპიადაზე შავდათუაშვილის წაყვანას, რადგან მას საჩემპიონო ხასიათი აქვსო.

როგორც ვხედავთ, ამ წონაში ჩვენგან ოლიმპიადაზე წამსვლელის საკითხი სხვებსაც აღელვებთ... აგერ, ძიუდოს ევროპული ფედერაციის საიტმა დაახლოებით ასე დაწერა, ამ გამარჯვებით შავდათუაშვილი ოლიმპიადას მიუახლოვდაო.

სიმართლე გითხრათ, აქამდე პირადად მე ვემხრობოდი აზრს, რომ არ დარღვეულიყო სპორტული პრინციპი და რეიტინგში საუკეთესო წასულიყო ოლიმპიადაზე, მაგრამ ალმათიში ნანახი ჭიდაობების შემდეგ უკვე არა ვარ ასე დარწმუნებული. ზოგადად, ეს საკითხი არაა ასე იოლად გადასაჭრელი - გასათვალისწინებელია ოლიმპიური რეიტინგი, ვინ ვის მხარეს მოხვდება თამაშებში, ანუ შესაძლებელია თუ არა კორეა-იაპონელთან შეხვედრის არიდება, რაც შეიძლება შორეულ ეტაპამდე, თუმცა იქამდე თავად რეიტინგია დასათვლელი, ვის დააკლდება ან გაუნახევრდება ქულები, ვინ რომელ ადგილზე დარჩება ამ სიაში და ვის აქვს ჩვენებისთვის გადასწრების შანსი. ამის დათვლა არაა ძნელი, რადგან დასათვლელი მხოლოდ მასტერსია დარჩენილი.

ერთი სიტყვით, უამრავი შესაძლო ვარიანტია გასათვლელი. რეიტინგისთვის საბოლოო იერსახის მისაცემად ბევრს გადაწყვეტს მასტერსი, რომელსაც თვის ბოლოს მექსიკური გვადალახარა უმასპინძლებს. წინასწარი მონაცემებით, იქ ლიდერებიდან მხოლოდ მძიმეწონოსნების გაგზავნა იგეგმება, თუმცა სარეიტინგო ქულებისთვის იქნებ სხვაც გაუშვან.

ოქრუაშვილი თუ მატიაშვილი
მძიმე წონაში ჩვენები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ და მატიაშვილი გაფრთხილებებით მოხსნეს. პირდაპირ ვიტყვით, რომ მედლების მიუხედავად, ჩვენებურთა ჭიდაობის ხარისხი არ იყო მოსაწონი და საოლიმპიადოდ ბევრად მეტია საჭირო.

კონკრეტულად თუ შევეხებით, ხარისხით ოქრუაშვილის გამოსვლა ცოტათი ჯობდა. უპირველესად,  იმით, რომ მომეტებული წონის მიუხედავად, უფრო ცდილობდა ტექნიკურად ჭიდაობას, სხვადასხვა სინჯის რამდენიმე ილეთიც გააკეთა და კიდევ რამდენიმე სახისა სცადა.

ერთი სიტყვით, დადებითი მომენტი ნამდვილად ჰქონდა, მატიაშვილმა კი მხოლოდ დამამშვიდებლის ფინალში გააკეთა გდება, როცა ტუნისელი მსოფლიოს პრიზიორი ფაიცელ ჯაბალა კისრულზე წამოიღო, მანამდე კი ძირითადში გაფრთხილებებით მოიგო - პირველივე ბრძოლაში კოსოვოელი ჰუსეინ მისრი მოახსნევინა, ალჟირელი მოჰამედ ანიმე ტაიები კი სამჯერ გააფრთხილებინა. თუმცა აფრიკელთან მარცხსაც ბეწვზე გადაურჩა - ტაიებს მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, იმ შანსს გამოიყენებდა და შებოჭვას არ შეაჩერებდა.

ოქრუაშვილმა პირველ პაექრობაში ყაზახ რუსლან აბდრაზაკოვს იუკო-ვაზარიც აართვა და ბოლოს გაფრთხილებებით მოახსნევინა. შემდეგ უზბეკთა მსოფლიოს და ოლიმპიადის მედალოსანი აბდულო ტანგრიევი არ გამოუცხადდა, მატიაშვილთან ნახევარფინალზე ზემოთ გითხარით და ფინალშიც ქართველი შეხვდა, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური, ვისაც იუკოთი სძლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სათადარიგო უპერსპექტივობა
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა დამაიმედებელი ბევრი ვერაფერი გვაჩვენეს და უმეტესობა ნაადრევად გამოვარდა.

პირველივე ორთაბრძოლები დათმეს გიორგი ბროლაშვილმა (60), თორნიკე თათარაშვილმა (66) და ლაშა ზურაბიანმა (81). თითო შეხვედრა მოიგეს გიორგი გუგულაშვილმა (66), ზვიად გოგოჭურმა, ნოდარ ბერიანიმ (ორივე - 90), რევაზ წულუკიძემ და ალექსანდრე ზაალიშვილმა (100).

სათადარიგოებიდან ყველაზე შორს ლევან გუგავა (81) წავიდა, ვინც ორ პაექრობაში იმარჯვა და მერვედფინალამდე მივიდა. წაგების მიუხედავად, გუგავამ აქაც დაამტკიცა საკუთარი პერსპექტიულობა და მასზე აქცენტის აღება ნამდვილად ღირს.

საკმაოდ ტექნიკურადაც იჭიდავა და საკმაოდ ძლიერ უნგრელ ლასლო ჩოკნიაისაც მოუგო იუკოთი, მანამდე კი ბრწყინვალედ დააიპონა აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ ბაბაკიშიევი. საბოლოოდ ის ბრაზილიელთა ორგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ლეანდრო გილეიროსთან დამარცხდა.

ბროლაშვილმა ყაზახთა მსოფლიოს ფინალისტ რუსტამ იბრაევთან წააგო, თუმცა თავიდან იუკოთი და 3 გაფრთხილებით იგებდა. ილეთების არსენალი მასაც აქვს და ტექნიკურადაც სწორად ჭიდაობდა, მაგრამ ბოლოს დაიღალა და მეტოქემაც ამის შემდეგ "აიშვა" - სამივე სინჯის გდებაც გაუკეთა და თან სამი გაფრთხილებაც მიაღებინა.

გასაკვირია ბერიანის წაგებაც - პირველ წრეში ლიტველთა ევროპის ორგზის პრიზიორ კაროლის ბაუზას, ვისთანაც თვით ვალერი ლიპარტელიანსაც უჭირს ჭიდაობა, გაუსწორდა ვაზარით (თუმცა სამი გაფრთხილება კი მიიღო), რის შემდეგაც არცთუ მოსაწონი გარჯით წააგო უზბეკ შერალი იურაევთან.

ალმათის გრან პრი
ვაჟები
60 კგ
1. ელიოს მანზი (იტალია), 2. რუსტამ იბრაევი (ყაზახეთი), 3. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ
1. ჯოშირო მარუიამა (იაპონია), 2. ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი), 3. კილიან ლე ბლუში (საფრანგეთი), იელდოშ ჟუმახანოვი (ყაზახეთი)

73 კგ
1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. იარომირ იეზეკი (ჩეხეთი), 3. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), დიდარ ხამზა (ყაზახეთი)

81 კგ
1. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა), 2. მატეო მარკონჩინი (იტალია), 3. ნიამსურენ დაგვასურენი (მონღოლეთი), ვლადიმირ ზოლოევი (ყირგიზეთი)

90 კგ
1. აქსელ კლერჟე (საფრანგეთი), 2. ჰუნჭაო ჩენი (ჩინეთი), 3. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი), მიხაელ ჟგანკი (სლოვენია)

100 კგ
1. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი), 2. რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია), 3. სოიბ ყურბანოვი (უზბეკეთი), ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)

+100 კგ
1. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), 2. უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი), 3. ლევან მატიაშვილი (საქართველო), მოჰამედ ანიმე ტაიები (ალჟირი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორ არ ჩანს პერსპექტიული. პატარებიდან მშვენიერი თაობა მოდის. კაციაშვილი, მაგალითად, ძალიან კარგი ბიჭია. დაბალ წონებში გვიჭირს, თორემ, 73, 81, 90 წონებში მშვენიერი შევსება ეყოლება ნაკრებს ერთ-ორ წელიწადში. მძიმე წონაში თუშიშვილი იქნება, თუ არ გალოთდა..

ლაშა ვს ტატალას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ლაშას წაიყვანენ. უფრო ტექნიკურია, ვიდრე ტატალა და ამასთანავე, ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებულიც საოლიმპიადოდ. არადა, ტატალაც მეცოდება. ძლიან მუშა ბიჭია, როგორც ჩანს და ბოლო 2 წელიწადში გიგანტური ნაბიჯებით წაიწია წინ..#
აი, ჩემპიონობისა რა მოგახსენოთ, ანს და ორუჯოვს უფრო მოუხერხდებათ რამე და შოჰეი ონოს ვინ უნდა მოუგოს, აზრზე არ ვარ. ძალიან ძლიერი და ვერაგი სპორტსმენია!ჩემი აზრით, მაგ წონაში ოქრო იაპონელებს დარჩებათ! 60, 81, 100-შიც დიდი შანსი აქვთ!
zaza-ს
02:55 19-05-2016
0
ლაშას აზიელებთან უჭირს და ტატალას არ უჭირს-ეს ჩვეულებრივი ზღაპარია...ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან,იაპონიის წლევანდელი ჩემპიონატის შედეგები:
60კგ ტორუ შიშიმე(ტაკატო 3ე ადგილი)
66კგ ჰიფუმი აბე (ებინუმა 3 ადგილი)
73კგ შოჰეი ონო
81კგ ტაკანორი ნაგასე
90კგ დაიკი ნიშიამა(ბეიკერი 2ე ადგილი)
100კგ აარონ ვოლფი
+100კგ ჰისაიოში ჰარასავა.
ეს კი იაპონიის საოლიმპიადე განაცხადი:
60 ტაკატო
66 ებინუმა
73 ონო
81 ნაგასე
90 ბეიკერი
100 ჰაგა
+100 ჰარასავა.
როგორც ვხედავთ მათ სამ წონაში ის სპორცმენი მიყავთ რომლებმაც ჩემპიონატი უშუალო კონკურენტებთან წააგეს,100 ში რაც შეეხება,აქ ჰაგა არ გამოვიდა საერთოდ და ამიტომ წაგებულებში ვერ ჩავთვლით.
საკონტროლო შეხვედრის ჩატარება,რეიტინგში 2 საფეხურით წინ ყოფნის უპირატესობა-ჩემი აზრით გადამწყვეტი არ უნდა იყოს.ამაზე ბევრად მეტი მნიშნნელოვანი მომენტი არსებობს,რომელთაგან ერთ-ერთი ის არის რომ ლაშა ფინალს არ აგებს!!! ფინალში თუ გავიდა,ჩემპიონი ხდება,ორუჯოვთან სულ აგებს მაგრამ ევროპის ფინალი ხომ მოუგო!!! უბრალოდ მერე მსაჯთან დამარცხდა...მოკლედ ლაშა უნდა წავიდეს...
გიორგი მეზვრიშვილი
10:57 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული