მოჭიდავეთა ნაკრებები აგრძელებენ მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას და ახლა დუშეთს მიაშურეს შეკრებების გასავლელად. `თავისუფლები~ მეოთხე დღეა, იქ არიან, ბერძენ-რომაელები კი გუშინწინ საღამოს ჩავიდნენ და გუშინ პირველი საწვრთნელი დღე ჰქონდათ. `თავისუფლებისგან~ განსხვავებით, რომლებიც შეკრებაზე სრული შემადგენლობით არიან, ბერძენ-რომაელებს ორი სერიოზული დანაკლისი აქვთ - ბადრი ხასაია (84) და რამაზ ნოზაძე (96). ტრავმებით გატანჯულმა და საოცრად უიღბლო სპორტსმენმა, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ხასაიამ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა და ახლა გუნდს დუშეთში მწვრთნელის სტატუსით ახლავს. რაც შეეხება ოლიმპიადის ვიცე, ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონ ნოზაძეს,
მისი წაუსვლელობის მიზეზი ადრინდელი კოჭის ტრავმაა, რომელმაც ხეირიანად ჭიდაობის საშუალება არც მადრიდის ტურნირზე მისცა და არც - ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ შეჯიბრებაში. ნაკრების ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ეს ტრავმა მას მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოატოვებინებს.
დუშეთშია და ჩვეულებრივად ვარჯიშობს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), რომელმაც ბაქოში, ზემოაღნიშნულ ტურნირში წელი იტკინა და ამიტომ აღარ გააგრძელა ჭიდაობა, არ გარისკა.
ამ შეკრებების დამთავრების შემდეგ `თავისუფლები~ ისევ საქართველოში გააგრძელებენ მზადებას, ბერძენ-რომაელებს კი ალუშტაში სურთ წასვლა. უფრო სწორად, მათ მინსკში, სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე აპირებდნენ წვრთნას, მაგრამ მასპინძლებმაც უკრაინულ ალუშტაში გადაწყვიტეს შეკრება და ჩვენებსაც იქ შესთავაზეს. ესენიც დასთანხმდნენ, რადგან იქ სომხებიც აპირებენ ჩასვლას, იქნებიან მასპინძლებიც და შეკრებაც ძლიერი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჯერ რამდენიმე დეტალს აზუსტებენ. თუ ეს ვარიანტი ჩაიშალა, მაშინ მზადებას ესენიც საქართველოში გააგრძელებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"