რევაზ ლაშხი - გინდა ჩემპიონობა? მაშინ მოინდომე

AutoSharing Option
დორტმუნდში კვირას დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ნაკრები კატასტროფული მარცხისგან ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა (60) იხსნა - ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდს ერთადერთი მედალი მოუტანა. თანაც - ოქროსი, რაც ამ ნაკრებისთვის პირველია სამწლიანი პაუზის შემდეგ.

არადა, ტურნირის დაწყებამდე მასზე ნაკლებად დებდნენ ფსონს, გუნდის ლიდერებად სხვები მოიაზრებოდნენ. თუმცა სწორედ მაშინ, როცა ის სხვები ერთმანეთის მიყოლებით აგებდნენ, ლაშხი ისეთ ძლიერ ფალავნებს ამარცხებდა, როგორიც ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი და რუმინელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი ეუსებიო დიაკონუ არიან.

ლაშხის საჩემპიონო
შანსები ამ წილისყრამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, მაგრამ მონდომებამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო. თვითონაც ამბობს, რომ ყველაზე ძნელი ნახევარფინალში ალიევთან შეხვედრა იყო და ეს არცაა გასაკვირი - აზერბაიჯანელმა შარშანწინ ახალგაზრდებში შეასრულა დუბლი, შარშან - უფროსებში. მას ორი სეზონის განმავლობაში უმთავრეს შეჯიბრებაზე შეხვედრა არ წაუგია, თუმცა ლაშხს ხეზე ასვლა პირადმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა ასწავლა, რომელიც შარშანწინ აზერბაიჯანის ნაკრებსაც წვრთნიდა. მართალია, მაშინ ალიევი ახალგაზრდებში გამოდიოდა, მაგრამ ეროვნულთანაც გადიოდა შეკრებებს, ტატიშვილმა კი ერთხელ ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დარბაზიდან გააგდო.

ამჯერად მწვრთნელმა კონკრეტული დავალება მისცა შეგირდს - ალეივისთვის არ მიეცა თავისუფალი სივრცე, დისტანციიდან ჭიდაობის საშუალება, ეჭიდავა ახლო მანძილზე, მჭიდროდ და კონტაქტურად. ლაშხმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა და უძნელეს ბრძოლაში მოიპოვა ფინალის საგზური.

აწ უკვე ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა ჭიდაობაში ვარჯიში მშობლიურ ბორჯომში დაიწყო გიორგი რაზმაძესთან. მერე, როცა მისმა ნიჭმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებამდე მიაღწია, სავარჯიშოდ თბილისში გადმოიყვანეს, სადაც რეზოს დაოსტატებას ხელი ტატიშვილმა მოჰკიდა. ლაშხს სპორტის სამინისტროში შევხვდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

- იქიდან გამომდინარე, რამდენად ძლიერ მეტოქეებს მოუგეთ, ალბათ, ძალიან ძნელი იქნებოდა ტურნირში გამარჯვება...
- რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან მართლაც ძლიერი მეტოქეები მყავდნენ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. თუმცა ამ დონის შეჯიბრებაზე სუსტი მოწინააღმდეგე არც არსებობს - ჭიდაობა უკვე ყველამ ისწავლა, მთელი ევროპა ჭიდაობს, წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ და გამარჯვება ყოველთვის ძნელია. აქედან გამომდინარე, ჩემპიონობა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მონდომების ხარჯზე მაინც გავიმარჯვე.

- ყველაზე ძნელი რომელი შეხვედრა იყო?
- ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან ალიევთან. ამ შეხვედრაში ისეთი მომენტებიც იყო, როცა მსაჯებს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მეტოქის სასარგებლოდ შეეძლოთ, მაგრამ მოვინდომე და არ დავანებე. ვიცოდი, არბიტრები თუ წაგვართმევდნენ, თორემ ჩვენ არაფერს მოგვცემდნენ, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, მათთვის დაჩაგვრის საშუალება რომ არ მიმეცა.

- ალბათ, ალიევთან შეხვედრაში ოთარ ტატიშვილის რჩევებიც ფრიად წაგადგებოდათ - ის ხომ კარგად იცნობს აზერბაიჯანელს...
- ალიევთან შენახვედრი არ ვიყავი, მაგრამ როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, წონის ლიდერი, მეც კარგად ვიცოდი, რას წარმოადგენდა და მწვრთნელებმაც. ტატიშვილმაც და მწვრთნელებმაც მითხრეს, რომ ახლო დისტანციიდან მეჭიდავა. თან მეც ძალიან მონდომებული ვიყავი მოსაგებად და გავიმარჯვე.

- ალიევთან და რუმინელ დიაკონუსთან შედარებით, ფინალში ბულგარელი ივო ანგელოვი არც ისე ძლიერი მეტოქე იყო...
- კენჭისყრამ მართლაც არ გამიმართლა - ძლიერი ჯგუფი მერგო, მეტი რთული არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ბულგარელი მათთან შედარებით მართლაც არ იყო იმდენად ძლიერი, თუმცა ყველა მეტოქე სათანადოდ უნდა შეაფასო. თან, როცა ისეთი ბადე გავიარე და ისეთი კონკურენტები დავამარცხე, ფინალში ანგელოვთან არ უნდა გამჭირვებოდა. ვერც ვიტყვი, რომ დიდად გამიძნელდა.

- საინტერესოა, ჩემპიონატზე რა გეგმით გაემგზავრეთ, ელოდით მოგებას?
- კი, ნამდვილად ვგეგმავდი. იმაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ უმედლოდ არ დავბრუნდებოდი, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონობა იყო. საბედნიეროდ, დასახულ მიზანს მივაღწიე კიდეც.

- როცა ამდენი წელიწადი შედეგს ვერ აღწევდით და იმედებს ვერ ამართლებდით, როგორ ფიქრობთ, დღეს ეს წარმატება რამ განაპირობა?
- აქამდე ჩემგან მედალს მართლაც ელოდნენ... ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ახლანდელი წარმატება უფრო მონდომებამ განაპირობა. მთავარ პირობად ეს მიმაჩნია. ადრეც თითქოს ყველაფერს ვაკეთებდი მოსაგებად, მაგრამ, ეტყობა, მონდომება მაკლდა.

- სავარჯიშო პროცესში, მზადების სისტემაში ხომ არ ყოფილა რაიმე რადიკალური სიახლე?
- რადიკალური არა, მაგრამ გარკვეული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი მიდიოდა მუშაობა. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელს - ოთარ ტატიშვილს, ბეგი დარჩიას, აკაკი ჩაჩუას, რომლებიც გვერდში მედგნენ ამ მინუსების აღმოსაფხვრელად.

- წინ მსოფლიოს ჩემპიონატი და მისი შესარჩევ-მოსამზადებელი ტურნირებია, მერე - ოლიმპიადაც... მეტოქეებზე მეტ-ნაკლებად წარმოდგენაც გაქვთ, ეს წარმატება კი თავდაჯერებას მოგიტანდათ.
- მთავარია, ჯანმრთელობა იყოს და მოგება ყველასთან შეიძლება, დაუმარცხებელი არავინაა. წონაც ხელს მიწყობს, თუმცა ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დროა და ამ პერიოდში წონის შეცვლა ან რაიმე მსგავსი მკვეთრი გადაწყვეტილება ისედაც გამორიცხულია.

ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრად ძლიერი მეტოქეები იქნებიან - ახლანდელებს დაემატებიან აზიელები, კუბელები, სხვებიც. ევროპელთაგან ბევრის შემადგენლობაც უფრო ძლიერი იქნება, რადგან ახლა ბევრი ლიდერი ისვენებდა. თუმცა ვინც უნდა იყოს მეტოქე, ყველა შესაფასებელია. ვნახოთ, მსოფლიომდე ჯერ კიდევ საკმაო დროა.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული