ერევანში კარგად დავიწყეთ

AutoSharing Option
ერევანში გუშინ დაიწყო მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებში, რომელშიც საქართველოს ნაკრები შესუსტებულ-ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოდის. ვინაიდან ლიდერთა ნაწილი თანატოლთა ევროპის პირველობისთვის, ნაწილი კი გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზისთვის" ემზადება, ამიტომ მწვრთნელებმა სომხეთში სათადარიგოები გააგზავნეს.

ამის მიუხედავად, ჩვენები მაინც წარმატებით ჩაებნენ შეჯიბრებაში - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო მოიპოვეს. გუშინ შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, თუმცა ორში - 50-სა და 74-ში მონაწილე არ გვყოლია, დანარჩენებიდან ერთში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა.
ეს 96-ში მოხდა, სადაც საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს წყალტუბოელი ბიძაშვილები - იაკობ და ირაკლი ქაჯაიები შეხვდნენ, გამარჯვება კი იაკობმა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველობაზე იაკობი მესამეზე გავიდა, ირაკლი კი ასევე ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დანარჩენი სამი მედალი ჩვენმა ახალგაზრდებმა 60 კილოგრამში მოიპოვეს - აქ ჩემპიონი გოგიტა გოგიბერაშვილი გახდა, რომელმაც მანამდე თანაგუნდელი ფირუზ წულუკიძე დაამარცხა. მოგვიანებით წულუკიძე და დავით თურქიშვილი, რომელიც ნაკრებში არ მოიაზრება, მესამეზე გავიდნენ.

დღეს ასპარეზობა დარჩენილ წონებში გაიმართება. საინტერესოა, რომ მონაწილე არც მძიმე წონაში გვყავს, თუმცა შესაძლოა, აქ ისევ ქაჯაიებმა იჭიდაონ! ეს მასპინძელთა თხოვნაა, რასაც საფუძვლად, ჩანს, მონაწილეთა სიმცირე უდევს. ჩვეულებრივ, მძიმე წონაში ბევრი ხალხი არასოდეს გროვდება და ალბათ, ახლაც ასეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული