მედლებით, ოღონდ უჩემპიონოდ

AutoSharing Option
სერბულ ზრენჯანინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში, რომელშიც სულ ბოლოს - შაბათ-კვირას ბერძენ-რომაელები ჩაებნენ. ჩვენმა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო - შაბათს ლეიბზე გასულმა ოთხივე ქართველმა მედლისთვის იჭიდავა, საბოლოოდ კი სამმა მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) გახდა, ზურაბ დათუნაშვილმა (74) და სანდრო დიხამინჯიამ (96) კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

ერთი სიტყვით, დასაწყისი ამ ნაკრებისთვისაც კარგია. თანაც, ზუსტად ისეთივეა, როგორიც "თავისუფლებისა" იყო - პირველ დღეს იმათაც 3 მე
დალი მოიპოვეს და ზუსტად ამავე ხარისხისა, ერთი კაცი დაურჩათ უმედლოდ და ისიც მეხუთეზე გავიდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბერძენ-რომაელთაგან შაბათს ოთხივემ იასპარეზა ნახევარფინალში... "თავისუფლებისა" არ იყოს, თაობა ამათაც კარგი მოუდით, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თაობათა ცვლის პროცესი საოლიმპიადოდ ცოტა გვიან დაიწყო და რადიკალურ საკადრო ცვლილებებს ვეღარ მოასწრებენ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ვინმე მათგანაც ვიხილოთ ლონდონის ოლიმპიადაზე.

ცეცხლაძემ თავიდან ორი წრე იოლად გაიარა - სერბ დანიელ სპოლიარიჩსა და სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს იოლად, ძირითად დროშივე მოუგო. ცოტა გაუჭირდა ნახევარფინალში გერმანელ დენიზ მენეკსესთან - პირველი პერიოდი 1:4 დათმო, მაგრამ მომდევნოები დამაჯერებლად, ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოუგო. ფინალში აზერბაიჯანელ ვილაიათ გარამანლის შეხვდა და დაძაბულ, თან ცოტა უცნაურ შეხვედრაში წააგო. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ქულები შედარებით იშვიათად მოსაპოვებელია, აქ კი ორივე მეტოქემ გახსნილი, შემტევი სტილი აირჩია და ქულებიც ბლომად იყო. ცუდი ისაა, რომ უპირატესობას აზერბაიჯანელი ფლობდა - მან პირველი პერიოდი 6:3 მოიგო, მეორე - 7:5 და ცეცხლაძე ვერცხლს დააჯერა.

დათუნაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო და ყველა ძირითად დროში. იქნებ მისი სტატისტიკა ქულებით იმდენად შთამბეჭდავი არაა, მაგრამ ოთხივე ორთაბრძოლაში ერთ პერიოდში მაინც აგროვებდა ბლომად მონაგარს. პოლონელ ლუკაშ ჩარზევსკისთან, ჩეხ ოლდრიჩ ვარგასთან, მოლდოველ იგორ ბასლეაგასთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნგრელ პატრიკ საბოსთან პრობლემები არ შექმნია, ისე მოიგო. მას სიძნელეები მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან, რუს ისლამ ჩარაევთან შეხვდა ნახევარფინალში, სადაც ასევე ორ პერიოდში დამარცხდა.

დიხამინჯია ჩინებულად ატარებს სადებიუტო სეზონს - ჯერ იყო და ყველასათვის მოულოდნელად მოიგო საქართველოს პირველობა უფროსებში, მერე - ახალგაზრდებშიც, თუმცა ეს უკვე არავის გაჰკვირვებია, ახლა კი მორიგი მედალი. შარშან ამ წონაში ევროპის ჩემპიონი გვყავდა - ვასილ იმერლიშვილი. საინტერესოა, რომ ორივე რამაზ ნოზაძის აღმზრდელ ოთარ ტატიშვილის შეგირდია.

დიხამინჯიამ სერბეთში მშვენიერი სტარტი აიღო - სლოვენიელ ტილენ პესერლის ჯერ 4:0 მოუგო, მეორე პერიოდი კი ქულებით წმინდად დაუმთავრა - 6:0. რუს ზელიმხან ბელხაროევთან პირველი პერიოდი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო, მაგრამ მერე მომდევნოებში მინიმალური ანგარიშით სძლია, სომეხ არტურ ალექსანიანთან კი ვერაფერს გახდა - ორი პერიოდის ჯამში 0:10 წააგო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი კვლავაც საგრძნობი უპირატესობით დაჯაბნა.

ჩემპიონატი კარგად დაიწყო გოგიტა გოგიბერაშვილმაც (60) - უკრაინელ დმიტრო ციმბალინკს, ნორვეგიელ პეტერ კარლსენს, მოლდოველ მაქსიმ მამულატს ძირითად დროში, საკმაო უპირატესობით სძლია და ნახევარფინალში გავიდა. იქ მომავალ ჩემპიონს, რუს ასკერ ორშოკდუგოვს გვარიანი ბრძოლაც გაუმართა, მეორე პერიოდი მოუგო კიდეც, მაგრამ დამატებითში 0:1 დამარცხდა და ფინალის საგზური მეტოქეს გადაულოცა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის გამართულ ბრძოლაში ბოლომდე ვერ ივარგა, თორემ თავიდან ეს შეხვედრაც რიხით დაიწყო - თურქ ემრე ასლანს 4:0 მოუგო. აი, მომდევნოები 2:3; 1:4 დათმო და უმედლოდ დარჩა.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ვილაიათ გარამანლი (აზერბაიჯანი), 2. ნიკოლოზ ცეცხლაძე (საქართველო), 3. დენიზ მენეკსე (გერმანია), ტოლგაჰან კარატასი (თურქეთი).
60 კგ. 1. ასკერ ორშოკდუგოვი (რუსეთი), 2. როვშან ტაგიევი (აზერბაიჯანი), 3. მატე კრასზნაი (უნგრეთი), ემრე ასლანი (თურქეთი)... 5. გოგიტა გოგიბერაშვილი (საქართველო).
74 კგ. 1. ისლამ ჩარაევი (რუსეთი), 2. ისმაილ კოცასლანი (თურქეთი), 3. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო), კაზბეგ კილოუ (ბელარუსი).
96 კგ. 1. გიორგი რიზმაიერი (უნგრეთი), 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი), 3. სანდრო დიხამინჯია (საქართველო), მეტეჰან ბასარი (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული