ნაყოფიერი შეკრება სომხეთში

AutoSharing Option
გუშინ, 1 ივლისს ჩვენი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდები სომხეთიდან დაბრუნდნენ, სადაც წახკაძორში საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება გაიარეს. ის ფიზიკურ მომზადებაზე კი იყო გათვლილი, მაგრამ სპორტსმენები შიგადაშიგ ლეიბზეც შედიოდნენ სავარჯიშოდ.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი - ზაზა თურმანიძეც და ბეგი დარჩიაც კმაყოფილები არიან იქ გავლილი შეკრებით და ამბობენ, რომ სპორტსმენებმა ძალზე ნაყოფიერად ივარჯიშეს. "თავისუფალთა" ნაკრებს ოლიმპიური პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძეც (96) ახლდა. თურმანიძის თქმით, მან სრული დატვირთვით ივარჯიშა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

ახლა ჩვენი გუნდებისთვის უახლოესი
სამიზნე 8-10 ივლისს ბაქოში გასამართი ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირია. საკვალიფიკაციო შეჯიბრებების შემდეგ ჩვენებმა იქ ყველა წონაში მაქსიმალური - 3-3 მოჭიდავის გამოყვანის უფლება მიიღეს და ამ კვოტას სრულად აითვისებენ.

"თავისუფალთაგან" ბაქოში ჭიდაობის უფლება ამ მოჭიდავეებმა მიიღეს: გიორგი ედიშერაშვილი, ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი (სამივე - 55), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, კობა კაკალაძე, გიორგი ცუცქირიძე (66), გოჩა ლომთათიძე, გიორგი მარსაგიშვილი, რევაზ ივანიშვილი (74), აჩიკო ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი, ბექა ჭელიძე (84), ელიზბარ ოდიკაძე, ლევან სეთურიძე, დავით ქერაშვილი (96), დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (120).

ბერძენ-რომაელთაგან ბაქოში იჭიდავებენ: ლაშა გოგიტაძე, გენადი ქუთათელაძე, ზურაბ მაჭარაშვილი (სამივე - 55), ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე, სულხან წულუკიძე (60), მარადი აბულაძე, ლაშა ლოლაშვილი, მუხრან მაჭუტაძე (66), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, გიორგი ცირეკიძე (74), რევაზ ნადარეიშვილი, მათე სოფაძე, დავით ჩაკვეტაძე (84), ირაკლი ქაჯაია, იაკობ ქაჯაია, ვასილ იმერლიშვილი (96), დიმიტრი ჯავახიშვილი, რამინ შაქარიშვილი, სერგო გოგისვანიძე (120). ოღონდ თურმანიძისგან განსხვავებით, დარჩია შემადგენლობაში ცვლილებების შეტანასაც აპირებს, რაც ტაქტიკური ჩანაფიქრითაცაა განპირობებული და ახალგაზრდული ნაკრების ინტერესებითაც.

რევაზ ლაშხის იქ გაგზავნას რომ არ აპირებდა, ეს ადრეც გაცნობეთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოზე ჩვენი ევროპის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი მეტოქე პლანეტის მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი იქნება, ვისაც ლაშხმა ევროპაზე მოუგო, მაგრამ ახლა მასთან მისსავე "მოედანზე" შეხვედრა არ სურთ - წინასწარ იციან, ეს განწირული თამაში იქნება და მწვრთნელები ყველაფერს გააკეთებენ მასპინძელის გასამარჯვებლად. თანაც, მწვრთნელები ამ ნაბიჯით ლაშხს სხვებსაც უმალავენ - არ სურთ, გუნდის ლიდერი ყველას თვალწინ გამოამზეურონ. ლაშხი ზუსტად ბაქოს ტურნირის დღეებში მადრიდში იჭიდავებს იქაურ შეჯიბრებაში.

ესპანეთში ვლადიმერ გეგეშიძეც (84) გამოვა, რომელმაც გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა (ეგ კი არა, მთელი სეზონიც) და ბაქოში გამოსვლის უფლება არც ჰქონდა. ტაქტიკური მოსაზრებებით ბაქოში არც კვირკველია იჭიდავებს - ისიც ემალება კონკურენტებს, სასტარტო შეჯიბრებაზე კი აგვისტოში პოლონეთში იასპარეზებს პეტლიასინსკის სახელობის მემორიალში. ამას გარდა, გუნდში მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის გამო სხვა ცვლილებებიცაა მოსალოდნელი. მოგეხსენებათ, კარტოზიაზე წარმატებას ძირითადად ახალგაზრდებმა მიაღწიეს, რომლებიც თანატოლტა მსოფლიოს პირველობაზე წავლენ, მათ კი სხვები ჩაანაცვლებენ, ოღონდ ვიდრე ახალგაზრდულის შემადგენლობა საბოლოოდ არ გარკვეულა, კონკრეტულ გვარებს არც ჩვენ დავასახელებთ - ამ საკითხზე ფედერაციაში დღეს, 2 ივლისს იმსჯელებენ. ამ ეტაპზე ერთს ვიტყვით - გიორგი ცირეკიძემ წონითი კატეგორია შეიცვალა და 84-ში გადავიდა. შედეგად, ბაქოშიც ამ წონაში იჭიდავებს, 74-ში კი სხვა შეცვლის. ქუთაისელი ფალავანი შარშან გამოჩდა ასპარეზზე, როცა კარტოზიაზე ვერცხლი მოიპოვა, მაგრამ მერე კვირკველიას კონკურენციაში ჩაიკარგა. როგორც გაირკვა, მწვრთნელები მას მაშინვე ურჩევდნენ 84-ში გადასვლას, მაგრამ აქამდე ეს არ ისურვა.

ბაქოში პირველად "თავისუფლები" წავლენ - ისინი 8-ში იწყებენ ასპარეზობას, 7-ში კი აწონვაა. ბერძენ-რომაელები 9 ივლისს ჩაებმებიან შეჯიბრებაში. მსოფლიოსთვის მზადებასაც ცოტა უფრო ადრე "თავისუფლები" შეუდგებიან - 21 ივლისს შეკრებას დაიწყებენ დუშეთში. სავარაუდოდ, იქ მსოფლიოზე წასვლის ყველა კანდიდატი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ თუშიშვილის (66) საკითხი, რომელსაც კვლავაც აწუხებს ტრავმები. ასევე გაურკვეველია, როდის შეურთდებიან გუნდს ახლაგაზრდული ნაკრების ლიდერები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84), რომლებიც წლეულს უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონები, ახალგაზრდებში კი კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო უახლოეს თვეებში ორივე ნაკრებში მსოფლიოს პირველობაზეც უნდა იჭიდაონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული