ბაქოში გუნდის ერთადერთი მედალოსანი მძიმეწონოსანი რევაზ ჭელიძე გახდა. სამწუხაროდ, დანარჩენებმა არათუ ჯილდო ვერ მოიპოვეს, ბრინჯაოსთვისაც კი არავის უჭიდავია. როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, თითქმის ყველა ათეულში კი შესულა, მაგრამ მთავარი მედალია.
"თავისუფალთა" ნაკრების წარმატებული
ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ნაკრებში ბევრი რამეა გამოსასწორებელი, ჯერ სექტემბერში მსოფლიოს პირველობაზე, მერე კი გაისად ოლიმპიადაზე წარმატებით რომ გამოვიდეთ. იმედია, ხელმძღვანელობა შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას, თორემ საქმე იქამდე მივიდა, რომ მძიმე წონაში "თავისუფლებისგან" "თხოულობენ" კადრს - ბაქოში გიორგი საკანდელიძემ აქაც იჭიდავა, თუმცა რაც ვიდეოჩანაწერში ვნახეთ, აშკარად გაუჭირდა ალღოს აღება ჭიდაიობის ამ სტილთან. იმედია, კონკურენციის თუნდაც ამ ფორმით ანუ გუნდიდან გუნდში გადაყვანით ზრდა (თუმცა ესეც საკითხავია - გადაიყვანენ კი საკანდელიძეს? მას მხოლოდ ცდიდნენ ამ შეჯიბრებაზე) ჭელიძესაც გამოაფხიზლებს. ის პირველ წრეში ძლიერ უნგრელთან, მიშალ დეაკ-ბარდოშთან დამარცხდა, მაგრამ მერე სანუგეშო წრეში იყოჩაღა და მედალი მოიპოვა.
ამდენად, ბაქოს ტურნირი ჩამთავრდა, წინ კი აგვისტოში პოლონეთში გასამართი პეტლიასინსკის მემორიალია. ორივე ნაკრების მწვრთნელები თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ გაუშვან იქ საჭიდაოდ, მე კი შეგახსენებთ, რომ ეს სტამბოლოს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობის წინ ბოლო სტარტი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"