ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდული ნაკრები გაირკვა

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა დღეს დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 26-31 ივლისს ბუქარესტში თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს: ნიკა ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84), სანდრო დიხამინჯია (96), შოთა გოგისვანიძე (120).

როგორც ვხედავთ, ევროპის პირველობაზე ნაჭიდავებთან შედარებით, ნაკრები სანახევროდ გადახალისდა - შავაძეს, ხარაბაძეს, ნადარეიშვილსა და გოგისვანიძეს იქ არ უჭიდავიათ. მათი უმრავლესობა ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონია და მწვრთნელი ისედაც მსოფლიოსთვის ინახავდა, ნადარეიშვილმა კი ეს უფლება საერთაშორისო ტურნირებში კარგი ჭიდაობით დაიმსახურა.

ადეიშვილმა გუნდში დატოვა ევროპის ახალგაზრდული პირველობის ოთხივე მედალოსანი, ვიცე-ჩემპიონები - ცეცხლაძე, დავითაია და ბრინჯაოს პრიზიორები - დათუნაშვილი და დიხამინჯია. მწვრთნელი მათგან ახლა კიდევ უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუნდი ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე, რუმინეთში კი 24 ივლისს გაფრინდება. შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობაზე ამ ნაკრების მონაგარი ერთადერთი ბრინჯაო იყო, რომელიც არსენ კახაბრიშვილმა (84) მოიპოვა.

დუშეთშივე გადის მსოფლიოსთვის მზადებას საქართველოს ახალგაზრდა `თავისუფალთა~ გუნდიც, ოღონდ მისი თავკაცი ნუგზარ სხირელი რუმინეთში წამსვლელებს ჯერ არ ასახელებს. იმ გუნდში გაურკვეველია ძირითადად ლიდერების საკითხი - სად იჭიდავებენ მსოფლიოს პირველობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84), ახალგაზრდულში თუ ეროვნულ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ წლეულს ახალგაზრდებში ორივემ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, უფროსებში კი კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული