არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი

AutoSharing Option
პოლონურ რადომში გუშინ დაწყებულ ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალში ჩვენმა ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა - არჩილ თურმანიძე (66) მეორეზე გავიდა.

ესაა ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა სექტემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ძალიან ძლიერიც გამოდგა - ბევრი ვარსკვლავი გამოდის.
გუშინ ოთხი წონის - 55, 66, 84 და 120-ის ფალავნებმა იჭიდავეს, ჩვენთვის კი ყველაზე წარმატებული 66 კილოგრამი გამოდგა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერიც იყო - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაიაც ჭიდაობდა და მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხსაც აქ დართეს გამოსვლის ნება.
მას დაბევებული აქვს ადგილი მსოფლიოზე
წამსვლელ გუნდში და ამჯერად არ დააკლებინეს, თუმცა ახალ წონაში დიდი წარმატებით ვერ იასპარეზა, ცხადაია კი მეხუთეზე დარჩა.

სხვა წონებიდან ზურაბ დათუნაშვილი (55) და მძიმეწონოსანი სერგო გოგისვანიძე მეშვიდეზე გავიდნენ, 84-ში კი ერთნიშნად მოგვეცარა ხელი.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი თურმანიძე შარშან ძალიან კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ზედ ევროპის პირველობის წინ გაცივდა, ავადმყოფობამ მერე არც მსოფლიოზე მისცა გამოსვლის ნება და სეზონი ჩაუვარდა. მისი წლევანდელი სტარტიც ამით იყო საინტერესო - დაიბრუნებდა თუ ვერა ფორმას. შეიძლება ითქვას, მისი დაბრუნება შედგა. საინტერესოა, რომ მან ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგო და თან ბლომად ქულები დააგროვა, რაც დამახასიათებელია მისთვის.

ჩვენებურმა თურქი ატაკალ იუქსელი ორი პერიოდის ჯამში 8:0 დაჩაგრა, გერმანელი კრისტიან ფეტზერი - 13:0, კიდევ ერთი თურქი გუნა აბდუსამეტი - 10:1. აღსანიშნავია, რომ მას ფინალამდე მეტი ქულა არც დაუკარგავს. არადა, ნახევარფინალში ყირგიზი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი კანატბეგ ბეგალიევი შეხვდა. აქ მან თავისი კიდევ ერთი კარგი თვისება გამოავლინა - მებრძოლი, უშიშარი ხასიათი და მრისხანე მეტოქეს პირველი პერიოდი 3:0 მოუგო, მეორეში კი 8:0 გაანადგურა. ეს ერთგვარი რევანშიც იყო ბეგალიევზე - მეორე წრეში ლაშხს მოუგო (3:0; 7:0).

თურმანიძეს ფინალშიც მიეცა თანაგუნდელის მარცხისთვის შურისძიების შანსი - მეტოქედ რუსთა სახელით მოასპარეზე ქართველი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე ჰყავდა, ვინაც ფინალისკენ მიმავალი გზიდან ცხადაია ჩამოიშორა. სამწუხაროდ, თურმანიძემ მორიგი რევანში ვერ შეძლო - ვაჩაძემ მოახერხა სადავეების ხელში აღება და ორივე პერიოდი მოიგო - 3:0; 2:0.

ცხადაია ვაჩაძეს მესამე წრეში გადაეყარა, მანამდე კი ძირითად დროში ნაკლებად ცნობილი პოლონელები დაამარცხა. სანუგეშოში ბელარუსი მიხაილ სიომიონაუას კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა რუს იური დენისოვთან დათმო.

მაჭარაშვილმაც ბლომად ქულები აგროვა, ვიდრე ბულგარელ ევროპისა და ამ შეჯიბრების მომავალ ვიცე-ჩემპიონ ვენელინ ვენკოვთან წააგებდა - მასპინძელ რადოსლავ ბიერზანოვსკის ორი პერიოდის ჯამში 16:4 მოუგო, ხორვატ ივან ლიზატოვიჩს - 14:0. ვენკოვთან თვითონაც ძირითად დროში წააგო მეოთხედფინალში, დამამშვიდებელში მასზე ბევრად გამოცდილ აზერბაიჯანული წარმომავლობის უკრაინელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვუგარ რაგიმოვთან წააგო.

სიურპრიზი შემოგვთავაზა გოგისვანიძემ - პირველ შეხვედრაში რუსი სერგეი ჩესნოკოვი 8:0 დაჯაბნა, მერე კი მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, ირანელ დარზი ბასირ ბაბიანზადეჰთან წააგო. სანუგეშოში ერთიც მოიგო გერმანელ რიკარდო მელცთან, მაგრამ ბულგარელ ივან ივანოვთან დამარცხდა. ამ წონაში რევაზ ჭელიძე პირველივე შეხვედრიდან გავარდა, როგორც მანუჩარ კვირკველია - 84-დან (ამჯერად წონა არც მას დააკლებინეს).

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ვლადიმერ გეგეშიძემ (84) სლოვაკ მარიან მიჰალაკს ძირითად დროში 10:0 კი მოუგო, მაგრამ ესტონელ ალო ტოომთან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა - 1:3; 2:3.

დღეს რადომში დანარჩენი წონებშიც გაიმართება შეხვედრები, ჩვენებურები კი მხოლოდ ორში გამოვლენ - 7-ში მონაწილე არ გვეყოლება. დანარჩენებში ლაშა გოგიტაძე (60, წონას არც ამას აკლებინებენ), ირაკლი ქაჯაია, სოსო ჯაბიძე და ვასილ იმერლიშვილი (სამივე - 96) იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული