ჭაბუკთა დღეები იწყება

AutoSharing Option
დღეს, 9 აგვისტოს ვარშავაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის პირველობა იწყება, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირით გაიხსნება.

ჩვენი ნაკრები ვარშავაში კვირას გაფრინდა ასეთი შემადგენლობით: გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შოთა ფანცულაია (50), შოთა ფარტენაძე (54), რაუფ შაკულ-ოღლი (58), ომარ გურჯიძე (63), შალვა ჭადაშვილი (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85), გენო პეტრიაშვილი (100). შარშანდელს შემდეგ ეს გუნდი ლამის მთლიანადაა გადახალისებული.

შარშან ნაკრებმა ევროპის პირველობაზე 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ იმ მედალოსანთაგან წლეულს ყველა ახალგაზრდებში გადავიდა. თამაზ ბენდიანიშვილის ახლანდელი გუნდის უდავო ლიდერი 16
წლის გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია, რომელმაც მოასწრო და წლეულს ახალგაზრდებში მოიპოვა ევროპული ბრინჯაო. იმედია, ის პოლონეთშიც წარმატებით იასპარეზებს.

9 აგვისტოს "თავისუფალთაგან" 42, 50, 58, 69 და 85-ის ფალავნები იჭიდავებენ, ათში - დანარჩენები. 11-12 აგვისტო გოგოების შეჯიბრებას დაეთმობა, სადაც მონაწილე არ გვეყოლება, 13-14-ში კი ბერძენ-რომაელები იასპარეზებენ. ამ ტურნირში ჩვენი ქვეყნის ღირსებას რამაზ ზოიძე (42), ბაკურ გოგოლი (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), გიორგი თოიძე (63), შალვა ხაჩიძე (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85) და ბაკურ კანდელაკი (100) დაიცავენ. "თავისუფლებისა" არ იყოს, ეს ნაკრებიც საგრძნობლადაა გადახალისებული, შარშანდელი 6 მედალოსანიდან კი (თითო ოქრო-ბრინჯაო, 4 ვერცხლი) გუნდში მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბოლქვაძე დარჩა, თუმცა შარშან ის 42-ში გამოდიოდა.

ბერძენ-რომაელები ვარშავაში ზეგ, 11 აგვისტოს გაფრინდებიან, პირველ დღეს კი ზოიძე, შავაძე, ბოლქვაძე, ხაჩიძე და კირცხალია იჭიდავებენ.

საერთაშორისო ფედერაციაში შექმნილი განუკითხაობისა და არეული კალენდარის გამო ამ ტურნირიდან ორიოდ კვირაში ჭაბუკები უკვე მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ უნგრულ სომბათჰეიში. სავარაუდოდ, ახლანდელი შემადგენლობები დიდად არ შეიცვლებიან და იქაც ძირითადად ამ მოზარდებს ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული