წარმატება ოქროს გარეშე

AutoSharing Option
ვარშავაში დასრულებულ ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის გარეშე დარჩა, თუმცა 5 მედალი მოიპოვა - 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონები ლაშა გობაძე (76) და კუკური კირცხალია (85) გახდნენ, რამაზ ზოიძე (42), ედნარ შავაძე (50) და შმაგი ბოლქვაძე (58) მესამეზე გავიდნენ.

ამასთან, 10-კაციანი გუნდის კიდევ ორმა წევრმა - შალვა ხაჩიძემ (69) და ბექა კანდელაკმა (100) ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ, ორიც კი მეშვიდეზე გავიდა - ბაკურ გოგოლი (46) და გიორგი თოიძე (63). ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არაა,
მაგრამ ამ დამაჯერებელ გამოსვლას აკლია მთავარი - ოქროს ბრწყინვალება.

არადა, სანუკვარ მიზანთან გობაძე იმდენად ახლოს იყო, წაგებას ძნელად წარმოვიდგენდით - ფინალის პირველ პერიოდში რუსი მუხამედ კოგოტიჩევი 6:0 გაანადგურა და ყოველმხრივ დაჩაგრა.

იმედს მის მიერ წინა შეხვედრებში ნაჩვენები მაღალი დონის ჭიდაობაც გვიძლიერებდა - ჩვენებური გამოცდილი ფალავანივით დამაჯერებლად ირჯებოდა და ლეიბზე ლამის ყველაფერი გამოსდიოდა, რუსთან მოგებული იმ პირველი პერიოდის შემდეგ შესვენებაზეც საბრძოლო განწყობა ეტყობოდა, მაგრამ სარბიელზე დაბრუნებული მოიშალა და ორივე პერიოდი წააგო. მეორე მინიმალური ანგარიშით - 0:1 დათმო, რაც კიდევ შეიძლებოდა, შემთხვევითობად მიგვეჩნია, მაგრამ დამატებითში კიდევ უფრო სუსტად გამოვიდა და 0:7 დამარცხდა. მართალია, გობაძეს რამდენჯერმე ცხვირიდან სისხლი წასკდა და შეხვედრაც ხანგრძლივად გააჩერებინა, მაგრამ წაგება მაინც ვერ აგვიხსნია.

არადა, წინასწარი შეხვედრები ქართველმა მაღალ დონეზე ჩაატარა. მეოთხედფინალში შვედ ჯონათან ჯერსგრენთან მოგებულ შეხვედრას რომ ვუყურე, ვიფიქრე, რომ ეს იყო საუკეთესო შეხვედრა ჩვენებურთა იმ ორთაბრძოლებს შორის, რისი ხილვის საშუალებაც ორი დღის განმავლობაში პოლონელმა რეჟისორებმა მოგვცეს, მაგრამ ნახევარფინალში ფინელ აქსელ ტარინოს ისეთი დღე აყარა, შეგეცოდებოდათ.

შეიძლება ითქვას, გააცამტვერა მეტოქეები. ის დგომშიც აკეთებდა ილეთებს, მაგრამ კოზირად ჩოქბჯენში ჭიდაობა ექცა, სადაც შეუდარებელი იყო. არადა, ბოლო წლებში ბერძნულ-რომაული სტილისთვის აუცილებელი ეს კომპონენტი ქართველებს სუსტ წერტილად გვექცა, თუმცა წლეულს ასაკობრივმა ნაკრებებმა საერთო ფონი აშკარად გამოასწორეს.

გობაძე ჩოქბჯენში თავსაც კარგად იცავდა და შედეგიანადაც უტევდა. მეტიც - აშკარად ეტყობოდა, რომ აქეთკენ მიჰყავდა შეხვედრები, რადგან თავის იმედი ჰქონდა, თუმცა არც დგომში უარობდა ილეთების გაკეთებას. მე რასაც ვუყურე, მეტოქე ამ კომპონენტში მხოლოდ ერთხელ ვერ დაატრიალა და ისიც იმიტომ, რომ სავალდებულო წუთნახევარი იწურებოდა, დაბლა ჩადგომა კი მეტოქეს უწევდა.

თავიდან სლოვაკ იუსუფ აჰმეტსა და ჩეხ დომინიკ დობეს ერთნაირი ანგარიშით - 10:0 მოუგო. პირველი ქულა შვედთან დაკარგა, მაგრამ მწარედაც ანანა - მაშინვე გადაიყვანა ჩოქბჯენში, სადაც ჯერ 3-იანზე დაატრიალა, მერე კვლავ გააგრძელა შეტევა, ფეხზეც წამოდგა და მეტოქე გამეტებით დააბერტყა 5-ქულიანზე. ეს პერიოდიც 10:0 მოიგო, რასაც მეორესი კიდევ 2 ქულა დაუმატა. ფინელთან იყო მომენტი, როცა ორივე ლამის მუხლებზე დამდგარი ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს, ოღონდ იმას ხელი დაურჩა ზევიდან ანუ ცოტა აქტიური პოზა მიიღო. ერთი შეხედვით, ტარინოს ქულაც უნდა მოეპოვებინა, მაგრამ გობაძემ ისე აჰკრა წელი და თეძო, ფინელი ჰაერში ატრიალდა და 3-იანზე დაეცა.

ჩვენებური წარმატებით იყენებდა კისრულსაც ჯვარედინ მოვლებაზე და ფინალში რუსს პირველი პერიოდი ამის ხარჯზე მოუგო. საერთოდ, ის შეხვედრა ამ ილეთზე ააგო, მაგრამ მეტოქემ მალევე აუღო ალღო, გობაძემ კი სტილი ვერ შეცვალა. ამ ფალავანზე საუბარს იმით დავასრულებ, რომ მას ბაბუა, სახელოვანი მწვრთნელი ლევან შავაძე ავარჯიშებს, რომელიც ახლაც თან ახლდა პოლონეთში, ბაბუა და შვილიშვილი კი, ასევე ედნარ შავაძეც, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან არიან, რომლის საჭიდაო ტრადიციებზე რამდენიმე დღის წინ "ლელოც" წერდა.

კიდევ ერთი ფალავანი, რომლის შეხვედრათა ხილვის საშუალებაც ლამის უწყვეტად მოგვეცა, ბოლქვაძეა. შეიძლება ითქვას, მისი სახითაც კარგი ფალავანი გვეზრდება, მომავალში თუ არ იზარმაცებს. ის შარშანწინ ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ოღონდ მაშინ 42-ში გამოდიოდა. მან რაც მოიგო, ყველა ძირითად დროში, დამატებითი კი მხოლოდ წაგებულ ბრძოლაში დასჭირდა აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან. თუმცა ჩვენებურმა მანამდე ერთი წრით ადრეც მნიშვნელოვან შეხვედრაში იმარჯვა რუს ანდულმაზიტ ბაკიზონოვთან.

პირველ პერიოდში ბოლქვაძემ კონტრილეთზე მშვენიერი კისრულით აუღო ორი ქულა, მეორეში კი ყველაფერი ვიდეოგარჩევით გადაწყდა - ჩვენებმა მსაჯთა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რაც სათანადო კომისიამაც დააკმაყოფილა და ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა.

იქ ნაცნობი მეტოქე ელოდა - მუხტაროვთან მან შარშანწინ ევროპის ფინალი წააგო. ახლა დასაწყისი სარევანშო იყო - მეტოქემ ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა და პირველი პერიოდი ჩვენებურმა მოიგო. აზერბაიჯანელი აქცენტს ქართველის ზონიდან გაყვანაზე აკეთებდა, მაგრამ მეორე პერიოდში ბოლქვაძემ კონტრილეთით იქით აართვა ქულა, თუმცა მეორე ცდაზე მუხტაროვს გაუმართლა, ანგარიშიც გაათანაბრა და ბოლო ქულის წესით პერიოდი მოიგო. სამწუხაროდ, დამატებითში აზერბაიჯანელი ბევრად უფრო მობილიზებული იყო - ორჯერ დაატრიალა ჩოქბჯენიდან და 5:0 მოიგო. ბოლქვაძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მოლდოველი დორინ ცაზაცს დამაჯერებლად მოუგო.

კირცხალია პირველად ჭიდაობდა ამ რანგის ტურნირზე და მისთვის ვერცხლი კარგი შედეგია. მას უმეტეს შეხვედრებში დამატებითი დრო დასჭირდა, ფინალში კი რუსი ალან ოსტაევი უფრო ძლიერი იყო. საერთოდ, შაბათს ჩვენი გუნდი ჩინებულად გამოვიდა - 5-დან 4-მა მედალი მოიპოვა (გობაძის გარდა, ყველამ იმ დღეს მოიპოვა ჯილდო) და მეხუთემაც ბრინჯაოსთვის იასპარეზა - ხაჩიძემ. თანაც, შავაძის გარდა, ოთხივემ ნახევარფინალში იასპარეზა! გუნდის ერთადერთი მონაწილე, რომელმაც ჩემპიონატი ჩააგდო, გიორგი ტოტიკაშვილია (54). ახლა სულ რაღაც 2 კვირაში ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაც ელოდებათ უნგრულ სომბათჰეიში.


კვარცხლბეკი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.


42 კგ. 1. ევგენი უდინსკი (უკრაინა); 2. არტემ კომაროვი (რუსეთი); 3. რამიზ მამედოვი (აზერბაიჯანი), რამაზ ზოიძე (საქართველო).
46 კგ. 1. კარიმ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი); 2. ალბერტ ვარდანიანი (სომხეთი); 3. ზოლტან ლევაი (უნგრეთი), დანიელ ცატარაგა (მოლდოვა); 7. ბაკურ გოგოლი (საქართველო).

50 კგ. 1. მურად ბაზაროვი (აზერბაიჯანი); 2. ალი ნაილ ტუფენკი (თურქეთი); 3. ედნარ შავაძე (საქართველო), გევორგ ღარიბიანი (სომხეთი).
54 კგ. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი); 2. კარენ ასლანიანი (სომხეთი); 3. ალექსეი ბარდანოვი (რუსეთი), იასინ ოზაი (საფრანგეთი); 18. გიორგი ტოტიკაშვილი (სქართველო).

58 კგ. 1. ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი); 2. აჰმეტ გუნაიდინი (თურქეთი); 3. მათეუშ ბერნატეკი (პოლონეთი), შმაგი ბოლქვაძე (საქართველო).

63 კგ. 1. დავიდ კილმეკი (პოლონეთი); 2. ლინუს ერიქსონი (შვედეთი); 3. რიკარდო აბრესცია (იტალია), არმენ ჰაკობიანი (სომხეთი); 7. გიორგი თოიძე (საქართველო).

69 კგ. 1. სარგის ხოჩარიანი (სომხეთი); 2. დმიტრი კესოპულო (რუსეთი); 3. ჰაჯიმურად ბაგმანოვი (აზერბაიჯანი), ბატუჰან კოიუნცუ (თურქეთი); 5. შალვა ხაჩიძე (საქართველო).

76 კგ. 1. მუჰამედ კოგოტიჩევი (რუსეთი); 2. ლაშა გობაძე (საქართველო); 3. დენის კუდლა (გერმანია), ჯონათან ჯერსგრენი (შვედეთი).
85 კგ. 1. ალან ოსტაევი (რუსეთი); 2. კუკური კირცხალია (საქართველო); 3. ნიკო ბრუნერი (გერმანია), კარენ აბგარიანი (სომხეთი).
100 კგ. 1. სოსლან ტუსკაევი (რუსეთი); 2. მანტას კნისტაუტასი (ლიტვა); 3. დმიტრო ჩმიკოვი (უკრაინა), ჰაჯიმურად ჩოპსიევი (აზერბაიჯანი); 5. ბექა კანდელაკი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული