ოქროს მედალი რამაზ დარჩიძემ (42) მოიპოვა, ვერცხლი - ზურაბ გედეხაურმა (100), ბრინჯაო - ლაშა გობაძემ (76). შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში დარჩიძე მესამეზე გავიდა, გობაძემ ფინალი წააგო, გედეხაური კი ამ რანგის ტურნირზე პირველად ჭიდაობდა ეროვნულ ნაკრებში.
აქვე გეტყვით, რომ ის ახლო წარსულის ცნობილი ფალავნის, მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილია, რომელიც ერთი წელიწადი არცაა, რაც მოსკოვი
ტურნირში 41 ქვეყნის 219 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. საინტერესო მოვლენა მოხდა შეჯიბრების მეორე დღეს - კვირას, როცა ხუთი წონიდან პირველ სამში მიყოლებით იმარჯვეს ირანელებმა. ჩემპიონატში ორჯერ გაიმართა ქართულ-რუსული ფინალი, რომელთაგანაც პირველი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა დარჩიძემ, მთელი შეჯიბრება იმდენად დამაჯერებლად გაიარა. ყირგიზი ნუზურბეკ კასუმოვი იქნებ არცაა ძლიერი და იოლადაც მოუგო - 2:1; 8:0, მაგრამ ირანელი მოჰამად რაიამანი სუსტი არ იქნებოდა. მით უფრო, პირველ შეხვედრაში მან ბულგარელი მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
თუმცა იქნებ ინანა კიდეც ის მოგება, დარჩიძემ ისეთი დღე აყარა - 13:3 იმარჯვა ორ პერიოდში. ნახევარფინალში ჩვენებურმა მომავალი ბრინჯაოს მედალოსანი, სომეხი არტურ სიმონიანი ისევ ორ პერიოდში დაჯაბნა. ამ სომეხმა ევროპის პირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ რამიზ მამადოვთან, რაც იმდენად განიცადა, იტირა, ახლა კი მამადოვს პირველივე წრეში დამაჯერებელი რევანში აუღო.
ფინალში დარჩიძის მეტოქე რუსი არიფ მირზაევი აღმოჩნდა, რომელმაც დაუბრკოლებლად გაიარა ბადის მეორე მხარე. თან სულ ძლიერი საჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებს მოუგო და დარჩიძესაც დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ჩვენებური მოწოდების სიმაღლეზე იდგა - 5:4; 3:2, ასე დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა მან და ოქროც დაიმსახურა.
მეორე ქართულ-რუსული ფინალი 100 კილოგრამში გაიმართა გედეხაურსა და ევროპის ჩემპიონ სოსლან ტუსკაევს შორის.
ფინალამდე ჩვენებური დამაჯერებლად მივიდა, ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგო. პირველ წრეში ინდოელი სუბოდჰ სუბოდჰი დაამარცხა, არადა, ქართველი მწვრთნელების გამოზრდილი ინდოელები ბოლო წლებში უხერხულ მეტოქეებად გვექცნენ და ამ ჩემპიონატზეც რამდენიმე ფალავანი დაგვიმარცხეს. მომდევნო შეხვედრაში გედეხაურმა აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად ჩოპსიევის წინააღმდეგობა დასძლია, რომელმაც ევროპაზეც ბრინჯაო მოიპოვა და ახლაც იგივე შედეგი გაიმეორა. გედეხაურმა პირველ პერიოდში 5:0 იმარჯვა, მეორე კი 10:4 მოიგო.
დაგვეთანხმებით, ერთ შეხვედარში ამდენი ქულის გაკეთება შთამბეჭდავი რამეა! ყირგიზ კამბარ ზორობეკოვს ორივე პერიოდში მინიმალური უპირატესობით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ტუსკაევი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და სეზონში დუბლიც შეასრულა.
ლაშა გობაძე ნახევარფინალში თურქ მომავალ ვიცე-ჩემპიონ მესუტ ოგუზან სარისოვთან დამარცხდა, თუმცა პირველი პერიოდი 3:0 მოუგო. ამ ბიჭს ევროპის ფინალშიც ასე დაემართა - პირველი პერიოდი იქაც მოიგო (თანაც - 6:0), მაგრამ მომდევნოები წააგო. ნახევარფინალამდე გობაძემ აზერბაიჯანელი ელმადინ რამაზანოვი და ბელარუსი ალიაკსეი ბელიაეუ ძირითად დროში დამაჯერებლად დაჯაბნა, დამამშვიდებლის ფინალში კი ლიტველ ეივიდას სტანკევიჩიუსს დააყრევინა ფარ-ხმალი.
მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ევროპის ბრინჯაოს მედალოსან შმაგი ბოლქვაძეს (58), რომელიც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა.
სამწუხაროდ, ის ამჯერადაც აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან და კვლავ - ნახევარფინალში, ვინც ტუსკაევის მსგავსად, დუბლი შეასრულა, დამარცხდა. ოღონდ ევროპაზე ბოლქვაძემ ერთი პერიოდი თუ მაინც მოუგო მუხტაროვს, ახლა ძირითად დროში წააგო. არადა, მანამდე ძალიან ძლიერად იჭიდავა და დამაჯერებლად მოუგო ირანელ, რუს და სომეხ მეტოქეებს. ამათთან გამარჯვების შემდეგ, ალბათ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მისი წაგება სრული მოულოდნელობა იყო თურქმენ არსლან ორაშევთან. არადა, მეტოქემ გვარიანი უპირატესობით - ორი პერიოდის ჯამში 7:1 იმარჯვა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონმა კუკური კირცხალიამ (85) პირველ წრეში იაპონელი რიუტა იონაჰა კი დაამარცხა და მეორეში სომეხ კარენ აბგარიანთანაც მოგებით დაიწყო შეხვედრა, მაგრამ მომდევნოები წააგო. ეტყობა, ევროპის პირველობის შემდეგ მან ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრო.
ამ წონაში ფრიად უცნაურად განვითარდა მოვლენები - ჩემპიონი არა რომელიმე აღიარებული ლიდერი ქვეყნის, არამედ ფინეთის ნაკრების წევრი მატტი ელიას კუოსმანენი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი... ჰონდურასელმა კევინ მეხია კასტილიომ მოიპოვა, რომელმაც დამამშვიდებლის ფინალში ნახევარფინალიდან გამოვარდნილი აზერბაიჯანელი მეტოქე დაჯაბნა.
ევროპის მედალოსანთაგან ბრინჯაოს პრიზიორი ედნარ შავაძეც (50) უმედლოდ დაგვირჩა. ის მეორე შეხვედრაში ყაზახ მომავალ ჩემპიონ მირამბეკ აინაგულოვთან დამარცხად, სანუგეშოში კი ინდოელ სუნილ სუნილთან წააგო.
მომავალმა ჩემპიონმა, ირანელმა რამინ ტაჰერისარტანგმა მოუგო გიორგი ტოტიკაშვილსაც (54), რომელმაც მანამდე ორი შეხვედრა მოიგო (იტალიელს 15:0 აჯობა). სამწუხაროდ, სანუგეშოში თავისი შანსი ვერ გამოიყენა - ყაზახ აბილაი კარიპზანთან დამარცხდა, რომელმაც მერე ბრინჯაოც მოიპოვა. ორი შეხვედრა მოიგო დებიუტანტმა ნიკა მამარდაშვილმა (63), მეორე დებიუტანტი - გიორგი ჩხარტიშვილი (69) კი პირველოვე წრეში მომავალ ჩემპიონთან, რუს ბისლან ასაკალოვთან, თუმცა მერე ვერც სანუგეშოში იყოჩაღა. 46 კილოგრამში ლეონ ხოზრევანიძეს საერთოდ არ უჭიდავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"