სამი მოჭიდავიდან ორი პირველივე წრეში დამარცხდა, სანუგეშომდე ვერც ერთი ვერ მივიდა, აღარც მედალი და აღარც ლიცენზია - ასეთი მწარე რეალობა დაფიქსირდა გუშინ, 13 სექტემბერ სტამბოლის "სინან ერდენ არენაზე"... ჩვენებს რთული წილისყრა კი ერგოთ, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტებაა - ძლიერთან მოგების გარეშე ვერასოდეს გახდები ჩემპიონი.
გუშინ, 13 სექტემბერს ტურნირზე ქართული გუნდიდან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე
ამ დუეტიდან გეგეშიძის საბოლოო ბედი მალევე გაირკვა - ფრანგმა მომდევნო შეხვედრა ხორვატ მსოფლიოს პრიზიორ ნენად ზუგაისთან დათმო და ჩვენებურიც დაემშვიდობა შეჯიბრებას.
გოგისვანიძე ერთხანს კი იმედოვნებდა სანუგეშოში გადასვლას, რადგან ირანელი წინ მიიწევდა, მაგრამ მეოთხედფინალში ისიც დამარცხდა შეუჩერებელ კუბელ მიჯაინ ნუნეს ლოპესთან. ამ წონებზე საუბარს ერთი შენიშვნით დავამთავრებთ: ნაკრების მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ მძიმე წონაში სავსებით ლოგიკური საკადრო ცვლილება განახორციელა გოგისვანიძის დაყენებით, მაგრამ ხომ არ აჯობებდა, იგივე 84-შიც გაეკეთებინა და მსოფლიოზე ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის კიდევ ერთი გამარჯვებული რევაზ ნადარეიშვილი წაეყვანა?
იქნებ დიდი შედეგებით არც იმას გავეხარებინეთ, მაგრამ გამოცდილებას მაინც მიიღებდა და საოლიმპიადოდ წონაში ადაპტაციაც გაუადვილდებოდა. გეგეშიძემ თავისი შანსი ვერც წინა წლებში გამოიყენა, ბოლო თვეებში ტრავმებიც ხანგრძლივად სტანჯავდა და ვერც ამ მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ციკლის ტურნირებში გამოიჩინა თავი, ნადარეიშვილმა კი ახალგაზრდულ პირველობაზე კარგად იჭიდავა.
ერთადერთი შეხვედრა ლაშხმა მოიგო, რომელსაც უძნელესი წილისყრა ერგო. პირველ შეხვედრაში ბედმა იაპონელი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი რუიტარო მაცუმოტო არგუნა, ვისთანაც შარშან მსოფლიოზე წააგო.
ამჯერად ლაშხი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და 4:0; 1:0 იმარჯვა. მეორე წრეში კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე ელოდა - კორეელი ჯი-ჰიუნ იუნგი ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი. თან მაშინ ამ მედლისთვის ბრძოლაში სწორედ ლაშხი დაამარცხა.
სიმართლე გითხრათ, თავიდანვე გვეშინოდა, ჩვენებურს ის წაგებები დაუძლეველ ფსიქოლოგიურ ტვირთად არ დასწოლოდა, მაგრამ იაპონელთან გამარჯვებამ მისი მობილიზების იმედი ჩაგვისახა, თუმცა სულ ამაოდ. ოღონდ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურმა არ იბრძოლა, პირიქით, 1:4-ზე წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ საკუთარ თავში იპოვა ძალა და მეორე 2:0 მოიგო, რითაც შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
სამწუხაროდ, მეტი ვეღარ შეძლო და გადამწყვეტი ორწუთეული 0:2 დათმო. სანუგეშოში გადასვლის შანსი ლაშხსაც რჩებოდა, რადგან კორეელმა სერბი ევროპის პრიზიორი დავორ სტეფანეკიც დაამარცხა (მანამდე სერბმა ევროპის ორი ჩემპიონი გამოთიშა შეჯიბრებიდან - რუმინელი ეუსებიო დიაკონუ და ფინელი იარკკო ტაპანი ალა-ჰუიკკუ) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ურთულეს სამსეტიან შერკინებაში დამარცხდა გივი კარტოზიას სახელობის წლევანდელი ტურნირის ირანელ გამარჯვებულთან და მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ ომიდ ნოროოზისთან.
ირანელმაც გვარიანი ბადე გაიარა - ნაკლებად ცნობილი უკრაინელის გარდა რუსი ზაურ კურამაგომედოვი და ჩინელი იან ჩენი დაჯაბნა.
ჩინელი ლიდერებს არ მიეკუთვნება, თუმცა მასპინძელ ევროპის პრიზიორ მუსტაფა საგლამთან ჩინებულად იბრძოლა - არა მხოლოდ მეტოქესთან, მსაჯებთანაც (აქ მისმა მწვრთნელმაც ფრიად იყოჩაღა) და გამარჯვება ხელიდან წაგლიჯა.
ირანელმა ფინალიც ჩინებულად ჩაატარა ყაზახ ალმატ კებისპაიევთან, მსოფლიოს შარშანდელ ბრინჯაოს მედალოსანთან. ეს შეხვედრა ფრიად საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა დინამიკურობით, სისხარტით და განსაკუთრებით ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობით, სადაც ორივემ სამაგალითო მომზადება გამოავლინა. ყველაზე დრამატული მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც ორი ლამაზი ფანდით ყაზახი 3:0 დაწინაურდა. ირანელმა მალევე გადაიყვანა ჩოქბჯენში, მერე კარგადაც აქაჩა, წრის კიდემდე მიიყვანა და გარეთ მოისროლა - ის 6:3 დაწინაურდა.
ნოროოზიმ იგივეს გაკეთება მოგვიანებითაც სცადა, როცა მეტოქე ჩოქბჯენში ჩაუყენეს - მაშინაც ხალიჩის კიდესთან მიიყვანა, მაგრამ გადაგდება ყაზახმა არ დაანება და იქით დაუხურა. მსაჯმა ქულა თავიდან მაინც ირანელს მისცა, მაგრამ ყაზახთა პროტესტი დააკმაყოფილეს და კებისპაიევმა ანგარიში 5:6 გახადა, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო, საამისოდ დრო არ ეყო.
ამდენად, წლეულს თბილისში, კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" მსოფლიოს მეორე მომავალი ჩემპიონის ჭიდაობა გვინახავს - პირველი საეიდ აბდვალი იყო, რომელმაც ფინალი ცხადაიას მოუგო. საიტერესო იყო ნოროოზის ქცევა, რომელმაც ჯერ პირქვე დამხობილმა ალაჰს მადლობა შესწირა, მერე კი ირანელთა ტრიბუნასთან მივიდა და ეგზალტირებულ ქომაგს დიდხანს ესალმებოდა.
ამ წონაში ვიდრე ბადის აქეთა მხარეს უმთავრესი ლიდერები ერთმანეთის "სისხლს ღვრიდნენ", ამ დროს მეორე ნახევარში აზერბაიჯანელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰასან ალიევს თითქოს წითელი ხალიჩა დაუგეს ფინალისკენ მიმავალ გზაზე - იქით ტიტულოვანი მხოლოდ ყაზახი იყო, მაგრამ მთავარი სენსაციაც იქ მოხდა - ალიევი... ვენესუელელ ლუის იგნასიო ლინდოსთან დამარცხდა. ვენესუელელი საბოლოოდ მეხუთეზე გავიდა ანუ უმედლოდ დარჩა, მაგრამ ოლიმპიური ლიცენზია კი მოიპოვა, რაც მისთვის დიდი წარმატებაა.
84 კილოგრამში ფინალამდე ძნელი გზა 21 წლის პოლონელი დამიან იანიკოვსკიმ გაიარა - ნახევარფინალში მასპინძელთა ჯილა, ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი ნაზმი ავლუჯა დაამარცხა, მანამდე კი რუს ალან ხუგაევსაც აჯობა.
36 წლის ავლუჯას შემართება სანაქებოა, მაგრამ მსაჯებმაც გვარიანად წაუკრეს ხელი. მათ შორის, ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც ხუგაევთან. პოლონელი ფინალშიც ჩინებულად ჭიდაობდა ბელარუს ალიმ სელიმაუსთან, მაგრამ დამატებით დროში ბოლო წამზე დამარცხდა - ბელარუსმა მისი დატრიალება წამის მეასედებით დაასწრო საფინალო სასტვენს. ბელარუსს აქამდე ტიტული არ ჰქონდა, ახლა კი ლონდონის ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავა.
მძიმე წონის ფინალი დღის მშვენება გამოდგა. კუბელი ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მიჯაინ ნუნეს ლოპესი ლეგენდაა, ხოლო მასპინძელთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი რიზა კაიალააპი უდაოდ, წონის მომავალი ლიდერია.
ის ახლაც მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე და ალალად გახდა ჩემპიონი. კუბელი ფინალში იმდენად ინერტული იყო, ამ შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება ხმები ჩაწყობის შესახებ (მით უფრო, კუბელები ორთაბრძოლების გაყიდვით არიან ცნობილები).
თუმცა აქ მხოლოდ იმაზე თუ მივიტანთ ეჭვს, რატომ არ იყო აქტიური კუბელი, თორემ თურქს შრომას ვერ დავუკარგავთ - პირველ პერიოდშიც ალალად დაატრიალა ეს ამხელა კაცი და მეორეშიც დამსახურებული ქულები მიითვალა.
პირველ პერიოდში იმ დატრიალების სემდეგ კუბელმა მწვრთნელს თვალი კი ჩაუკრა, აქაოდა, მაინც მოვიგებ, ნუ გეშინიაო, მაგრამ მეორეში ფეხში მოჰკიდა ხელი და ქულითაც დაისაჯა. ბრინჯაო დამაჯერებლად მოიპოვეს ირანელმა და ყაზახმა ნურმახან ტინალიევმა, რომელიც ზედიზედ მეორედ დაეუფლა ამ სინჯის მედალს.
დღეს სტამბოლში ბერძენ-რომაელთა ბოლო წონის - 74-ის ფალავნები იჭიდავებენ. ჩვენი ბოლო იმედი ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაა, რომელიც პირველ შეხვედრას ფინელ ჰენრი ესკო ვალიმაკისთან გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო წრეში ხორვატ ნევენ ზუგაისა და ჩეხ ტომაშ სობესკის შორის მოგებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ კვირკველია შარშანდელ მსოფლიოზე ხორვატთან დამარცხდა.
კვარცხლბეკი.
60 კგ. 1. ომიდ ნოროოზი (ირანი); 2. ალმატ კებისპაიევი (ყაზახეთი); 3. ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი), ივო ანგელოვი (ბულგარეთი); 16. რევაზ ლაშხი (საქართველო).
84 კგ. 1. ალიმ სელიმაუ (ბელარუსი); 2. დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი); 3. ნაზმი ავლუჯა (თურქეთი), რამი ანტერო ჰიტანიემი (ფინეთი). 32. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო).
120 კგ. 1. რიზა კაიალააპი (თურქეთი); 2. მიჯაინ ნუნეს ლოპესი (კუბა); 3. ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი), ბაშირ ასგარ ბაბაჯანზადეჰ დარზი (ირანი); 27. შოთა გოგისვანიძე (საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"