შეგახსენებთ, რომ ნიცაში ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დეგლანის მემორიალში გამოვლენ, მინსკში - ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალში. საფრანგეთში პირადი შეჯიბრება იმართება, ბელარუსში - გუნდური.
ნიცას ტურნირი დღეს დაიწყება და იქ უცვლელად იასპარეზებს ის შემადგენლობა, რომელიც ბეგი დარჩიამ ადრევე დაასახელა: ქემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84), ირაკლი ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (ორივე - 96).
აქ ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის
სამაგიეროდ, ერთბაშად ორი ცვლილებაა მინსკში გაგზავნილ გუნდში - სარეზერვოდ შეგულებული ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია გაციებულა, მაღალი ტემპერატურის გამო ვარჯიშებიც გასცდენია და ლაშა ლოლაშვილმა (66) შეცვალა, მძიმეწონოსანი სერგო გოგისვანიძე კი თავისმა უმცროსმა ძმამ შოთა გოგისვანიძემ ჩაანაცვლა.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე უპირველეს კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ წელის ტკივილის გამო მწვრთნელებმა ამ ეტაპზე მისი ჭიდაობა გადაიფიქრეს, თუმცა მოგვიანებით წელი სერგოსაც ასტკიებია. შოთა ამ პრობლემას აქამდეც მკურნალობდა, რაც ჯერაც გრძელდება, თუმცა რაკიღა ამ წონაში სხვა რეალური კანდიდატი არც გვყავს, მაინც წაიყვანეს. ოღონდ იქ კიდევ დააკვირდებიან და თუ რამე, არ გარისკავენ.
ლოლაშვილისა და გოგისვანიძის გარდა, მინსკში ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) იჭიდავებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარჩიაც მინსკში წავიდა, რადგან იქ გუნდის ძირითადი კანდიდატები იქ იასპარეზებენ, ნიცაში კი მთავარი მწვრთნელის მაგივრობას ოთარ ტატიშვილი გასწევს.
მინსკში შეჯიბრება ერთდღიანია და ის კვირას, 26 ნოემბერს გაიმართება.
ამით ბერძენ-რომაელები წლევანდელ უცხოურ ტურნირებსაც დაამთავრებენ და მთელ ყურადღებას ერთ თვეში გასამართ ქვეყნის პირველობაზე გადაიტანენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"