ნიცაში ოქროს მედალს ვერ შევწვდით

AutoSharing Option
ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა 4 ვერცხლით და 1 ბრინჯაოთი დაამთავრეს გამოსვლა ნიცაში დასრულებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დელანის მემორიალში.

პარასკევს მუხრან მაჭუტაძის (66) და რევაზ ნადარეიშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედლებს შაბათს ანალოგიური სინჯის ჯილდოები ქემალ ხარაბაძემ (60) და სანდრო დიხამინჯიამ (96) დაუმატეს, ირაკლი ქაჯაია (96) კი მესამეზე გავიდა. უმედლოდ მხოლოდ 74-ში დავრჩით, თუმცა ბრინჯაოსთვის იქაც ვიჭიდავეთ, მაგრამ გენადი გოგიშვილი დამარცხდა და მეხუთეზე გავიდა, ამავე წონაში ზურაბ დათუნაშვილი კი მეშვიდე იყო.

74 კილოგრამის გარდა, როგორც პარასკევს, ჩვენები შაბათსაც მხოლოდ რუსებთან დამარცხდნენ, თუმცა ნიცაში სხვა
სერიოზული კონკურენტი არც გვყოლია.

"თავისუფალთა" ტურნირში შედარებით ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, აქ კი ძირითად კონკურენტებად ჩვენ და რუსები დავრჩით, თუმცა უძლიერესი შემადგენლობით არც ისინი გამოდიოდნენ. ეს კიდევ უფრო ცუდი, რადგან მეორე შემადგენლობითაც პირწმინდად მოგვიგეს.

ქემალ ხარაბაძემ თავიდან გერმანელი ალექსანდერ გრებენშიკოვი საკმაოდ იოლად, ორ პერიოდში დაამარცხა - 3:0; 2:0 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ზუსტად იმავე ანგარიშით დანიელ ანდრეს ექსტრიომსაც აჯობა, ფინალში კი დიდი ანგარიშით, ქულებით წმინდად წააგო რუს რუსტამ ხუჩბაროვთან. ეს ბიჭი პოდუბნის ტურნირის ჩემპიონი და ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევის ბიძაშვილია, თუმცა რუსეთის ნაკრებში ადგილის დამკვიდრება აქამდე ვერ მოახერხა.

96-ში ორივე ჩვენებური მომავალ ჩემპიონთან, რუს ზელიმხან ბელხაროევთან დამარცხდა, თუმცა იქამდე ქაჯაიამ ერთი რუსის - ამარ მამკიაგოვის ძლევა მოასწრო (3:1; 3:2). ამ დროს დიხამინჯია ისვენებდა, რადგან ნახევარფინალში ავტომატურად იყო გასული. იმ ეტაპზე მან ჩერნოგორიელთა ნატურალიზებული რუმინელი ადრიან მოკანუ დაჯაბნა მშრალი ანგარიშით - 5:0 ორ პერიოდში, ქართული ფინალი კი ბელხაროევმა ჩაშალა, რომელმაც პარალელურად მიმდინარე ნახევარფინალში ქაჯაიას 4:0; 6:0 სძლია.

სამწუხაროდ, მისი შეჩერება ვერც დიხამინჯიამ შეძლო ფინალში და ძირითად დროში 0:5 დამარცხდა. ქაჯაიამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მასპინძელთა კლუბის - "ნიცა ოლიმპიკის" წევრ მარინ გაზაჩს აჯობა.

74-ში ჩვენებმა ორ-ორი შეხვედრა წააგო და ორივეჯერ ორივე ერთი და იმავე ფალავანთან დამარცხდა - ჯერ ძირითადი ბადიდან ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა, დანიელმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მარკ მადსენმა დაგვიფრინა, მერე კი დამამშვიდებელში რუსმა ანტონ კომენკომ მიყოლებით დასცა ჩვენებურები.

მადსენმა ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი დათუნაშვილი პირველივე წრეში 1:3; 5:7 დაამარცხა. წაგება ცუდია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა გამოცდილ მეტოქეს 5 ქულა აართვა (თუმცა ერთი შეხვედრისთვის ბევრიც დაკარგა).

ვიკინგი გოგიშვილს ნახევარფინალში შეხვდა და 3:1; 4:2 აჯობა, მანამდე კი ჩვენებურმა ფრანგულ კლუბ "ბანიოლის" წევრ ევერიკ ნიკოგოიანს მოუგო. ანტონ კომენკო რომ არა, ბრინჯაოსთვის ქართველები იჭიდავებდნენ, მაგრამ რუსმა ჯერ დათუნაშვილს მოუგო, მერე კი ბევრად გამოცდილ გოგიშვილსაც გადაუწურა ყველა იმედი - 5:0;7:5.

რადგანაც პარასკევს ჩვენებურთა გამოსვლაზე დაწვრილებით ვერ გესაუბრეთ, ახლა გეტყვით, რომ მაჭუტაძემ ფინალი რუსთა ინგუშ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ასლან-ბეკ ალბიევთან წააგო, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემოპიონმა ნადარეიშვილმა - ასევე რუს ზაურ კარეჟევთან.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ფინეთიდან, სადაც ჩვენები არ გამოდიოდნენ, თუმცა ეს ამბავი ჭიდაობის ქომაგთ დააინტერესებს. იქ ერთბაშად ორი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა და ერთ-ერთში "ეგვიპტელი მუმია", მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი გამოვიდა, თუმცა წარუმატებლად - ერთი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მერე აბსოლუტურად უცნობ ფინელთან წააგო. შეგახსენებთ, რომ ნიცაში ეგვიპტელის ერთ-ერთი მთავარი მეტოქის - რამაზ ნოზაძის გამოსვლაც იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში მისი წაყვანა მწვრთნელებმა გადაიფიქრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული