ქართველები სალიცენზიო მარათონის გზაზე

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ბერძენ-რომაელებმა საქართველოს პირველობა ჩაატარეს და გამოავლინეს ნაკრების ის ბირთვი, რომლის მხრებზეც უნდა გადაიაროს მომავალი სეზონის მთელმა სიმძიმემ.

დატვირთვა კი ორმაგად გაზრდილია - გაისად ხომ ოლიმპიადა ტარდება, თუმცა ჩვენს ნაკრებს მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი - სალიცენზიო ტურნირები ელოდება. ბეგი დარჩიას კრებულს ჯერ ოლიმპიადის საგზურებზე მოუწევს ზრუნვა, რაც ძალზე ძნელი იქნება. მათ აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საგზურია, რომელიც მსოფლიოს პირველობაზე მანუჩარ ცხადაიამ (66) მოიპოვა, დანარჩენ ექვს წონით კატეგორიაში კი საძიებელი გვაქვს.

გაისად საამისოდ სულ სამი შეჯიბრებაა - ორი საერთაშორისო, ერთი კი
ევროპული ფედერაციის ეგიდით. პირველი 20-22 აპრილს სოფიაში გასამართი ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირია, მეორე 27-29 აპრილს ჩინურ ტაიუანში ჩატარდება, ბოლო კი ისევ ევროპაში - ჰელსინკშია 4-6 მაისს. ამით სალიცენზიო მარათონიც მთავრდება.

ცხადია, ბერძენ-რომაელთა წინაშე ურთულესი ამოცანაა გადასაჭრელი. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს პირველობა, რომელმაც ბოლო წლების ფონზე, შედარებით უკეთესი სურათი დაგვანახა. ცხადია, მდგომარეობა კვლავაც შორსაა იდეალურისგან, მაგრამ გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა.

საკმაოდ დამაჯერებლად იჭიდავეს იმ ფალავნებმა, რომლებსაც ნაკრების ლიდერებად მოვიაზრებთ - ცხადაიამ, ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (60), თუმცა ურიგოდ არც სხვებს უჭიდავიათ.

ჩემპიონატმა დაადასტურა დიდი კონკურენცია და ახალი თაობის მზარდი ამბიცია. სასიამოვნოა, რომ კონკურენცია თავად ახალ თაობაშიც მძლავრია, შედეგად კი მათ შორისაც მოხდა საკადრო გადაადგილებები. წლეულს საკმაოდ დამაჯერებლად მოასპარეზე ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრმა კვლავაც დამაჯერებლად იჭიდავა, თუმცა ზოგმა წააგო კიდეც. ცხადია, გამოჩნდნენ ახალი სახეებიც, მაგრამ აქ თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პირველობის დასასრულს ეროვნული ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას ტურნირის შეფასება ვთხოვეთ.

- ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ?
- ვფიქრობ, საინტერესო პირველობა იყო, შარშანდელზე უფრო მეტად საინტერესო. წინსვლა აშკარაა - ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც. ჩემპიონატი ახალი წესებით ჩავატარეთ, რომელსაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ჯერ მხოლოდ საექსპერიმენტოდ განიხილავს. მისი არსი იმაშია, რომ წუთნახევარში ქულა თუ გაკეთდება, შეხვედრა დგომში გაგრძელდება. სიახლემ გაამართლა. ვფიქრობ, ეს შესწორებაც მისაღებია და კიდევაა საჭირო ცვლილებები.

ამ ტურნირისთვის რამდენიმე ექსპერიმენტს მივმართეთ - ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი 60-დან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი მანუჩარ ცხადაია 66-დან ამჯერად ზედა წონებში ავწიეთ. მათ წონის პრობლემა აწუხებთ, ჩვენ კი ოლიმპიადისკენ ვიყურებით და არ გვინდა, ზედმეტად დავჯაფოთ. ვფიქრობ, ორივე მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატზეც ამ ახალ წონებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საოლიმპიადოდ მათ ისევ საკუთარ ძველ წონებში განვიხილავთ.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუა 60 კილოგრამში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. აქ ძალიან კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა - ფირუზ წულუკიძე, მაგრამ ფინალში გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა და ჭოჭუამ მოიგო. 55-ში ისევ ლაშა გოგიტაძეა პირველი, რომელსაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია ვინმემ. ამ წონაში რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა კი გამოჩნდა, მაგრამ მათ ჯერ ასაკი არ უწყობთ ხელს უფროსებთან საჭიდაოდ.

გამოვყოფდი თუნდაც მესამეზე გასულებს - ბაჩანა ფუტკარაძეს და ზურაბ მაჭარაშვილს, მაგრამ მათ ჯერ დრო სჭირდებათ, რადგან ეს-ესაა გადმოვიდნენ ჭაბუკთა ნაკრებიდან. 84-ში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმაც გაამართლა და იმ ტიტულს საქართველოს ჩემპიონობაც დაუმატა.

მან მთელი ტურნირი ბრძოლაში გაატარა და ასე მოიპოვა ოქროს მედალი. ფინალში ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეს მოუგო, რომელიც საბოლოოდ გადმოვიდა ამ წონაში. არადა, ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვურჩევდი დაჟინებით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დამიჯერა და აქამდე არ მივიდა ამ დასკვნამდე. კიდევ კარგი, ახლა მაინც შეიცვალა წონა, მაგრამ ორი წელიწადი დაკარგა. რომ დაეჯერებინა, ახლა სხვა შედეგი ექნებოდა.

ამ წონაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვლადიმერ გეგეშიძე, რომელსაც ამჯერად ტრავმის გამო არ უჭიდავია. თუმცა წინ რამდენიმე ტურნირია, სადაც გეგეშიძე აუცილებლად იასპარეზებს. 96-ში სოსო ჯაბიძე პირველივე შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონი. მძიმე წონაში გურამ ფერსელიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად, მაინც შეძლო დაბრუნებაც და გამარჯვებაც. სამწუხაროდ, აქ ტრავმის გამო არ ჭიდაობდა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე. არადა, საინტერესო იქნებოდა, მასაც რომ ეასპარეზა.

- ახალი სახეები თუ გამოჩნდნენ და ვის გამოყოფდით?
- გამოვარჩევ ისევ ნადარეიშვილს, რომელიც შარშან სამეულშიც არ შესულა. წულუკიძემ ფინალური შეხვედრა იჭიდავა და ფაქტობრივად, მოგებულიც ჰქონდა, გამოუცდელობით წააგო. ასევე მომეწონა ძმები გოგიბერაშვილები 60 კილოგრამიდან, ჭითავაც, მაგრამ ამირან ზარნაძემ გამაოცა 96-ში. ამ წონაში ყველა ლიდერი გამოდიოდა, მაგრამ ფინალში ეს გავიდა. თან გზად მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის მონაწილე ირაკლი ქაჯაია ჩამოიცილა.

- რამდენადაც ვიცით, რამდენიმე ლიდერი ტურნირიდან გაათავისუფლეთ. მათი საქმე როგორ იქნება - მიეცემათ სალიცენზიო მარათონში ჩართვის საშუალება?
- გეგეშიძე და ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) გავათავისუფლეთ, თუმცა ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსი ნამდვილად მიეცემათ. გეგეშიძეს ტრავმაც აწუხებდა, კვირკველიასთან მიმართებაში კი გავითვალისწინეთ მისი ასაკი, მომზადების დონე, შესაძლებლობები. ცხადია, ამ წონაში სხვებიც ჩაერთვებიან კონკურენციაში, მაგალითად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც, მაგრამ, ვფიქრობ, კვირკველია მიზანმიმართულად უნდა მოვამზადოთ ერთი კონკრეტული შეჯიბრების, ამ შემთხვევაში - სალიცენზიო ტურნირისთვის.

ოლიმპიადის ფაქტორიდან გამომდინარე, ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ და ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებებს ისე მივიღებთ. მაგალითად, კვირკველიას გარდა, ასაკს ჭოჭუასთან მიმართებაშიც გავითვალისწინებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაზე არ გამოვა. 84-ში ევროპასთან მიმართებაში კიდევ ვიფიქრებთ, თუმცა პრიორიტეტი ჩემპიონებს მიენიჭებათ. ამასთან, ამ ეტაპზე ჩვენთვის უმთავრესი სალიცენზიო შეჯიბრებებია, რომლებიც სამი შაბათ-კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება. ეს საკმაოდ რთული გრაფიკია თავისი ჩინეთში შორეული გადაფრენით. სამივე მათგანში მონაწილეობას ერთი და იგივე ფალავანი ვერ შეძლებს, საამისოდ მინიმუმ, ორი კაცი მაინც უნდა გვყავდეს მზად, სამი თუ არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ირაკლი იქნებ თავისუფლების (დიდების) მწვრთნელის ესეთი ვრცელი ინტერვიუც გამოაქვეყნოთ.გმადლობთ
elene
21:54 27-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული